ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გველეშაპის ხიდი (სლოვენურად: Zmajski most) არის სატრანსპორტო ხიდი, რომელიც მდებარეობს ლიუბლიანაში, სლოვენიის დედაქალაქში. ის კვეთს მდინარე ლიუბლიანიცას. ხიდი აშენდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ლიუბლიანა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო. კონსტრუქციულად ხიდი წარმოადგენს რკინაბეტონის ხიდების ერთ-ერთ უადრეს ნიმუშს, სტილისტურად კი მიეკუთვნება არტ-ნუვოს ვენურ სკოლას. აშენებულია 1900-1907 წლებში. დიზაინი ეკუთვნის ჯიორჯიო ზანინოვიჩს, ინჟინერია ეფუძნება იოსეფ მელანის სისტემას (Melan System). ინჟინერ-არქიტექტორები იყვნენ ჯერ ავსტრიელი ალექსანდრე ზაბოკრზისკი და მისი ასისტენტი, ლიუბლიანელი ფილიპ ჟუპანჩიჩი, ხოლო შემდგომ სირილ მეთოდ კოჰი, ასევე ლიუბლიანადან. ხიდი ნაწილობრივ გაიხსნა 1901 წელს. ხიდზე მითითებული წლები 1848-1888 აღნიშნავს ავსტრო-უნგრეთის იმპერატორ ფრანც ჯოზეფის მმართველობის ორმოცწლიან იუბილეს. თავდაპირველად ხიდს ეწოდებოდა "საიუბილეო ხიდი" (გერმ. Jubiläumsbrücke).

გველეშაპის ხიდი მდინარე ლიუბლიანიცაზე
გველეშაპის ხიდი და მისი შემოგარენი, ლიუბლიანა. გუგლის რუკის მიხედვით.

ეს არის ევროპის ერთ ერთი უძველესი რკინით არმირებული ბეტონის ხიდი და პირველი ამგვარი ხიდი ლიუბლიანაში. 1901 წელს, როდესაც ხიდი გაიხსნა, მისი თაღი ევროპის მასშტაბით იყო სიდიდით მესამე. ღიობი არის 33.34 მეტრი. ხიდი არის 45 მეტრი სიგრძის და 15.2 მეტრი სიგანის. ოთხივე კიდეში დგას გველეშაპების ქანდაკებები კვარცხლბეკებზე. მოაჯირებზე კიდევ არის გველეშაპის 16 ფიგურა. სახელწოდებაც "გველეშაპის ხიდი" ამ ქანდაკებებიდან დამკვიდრდა. ხიდზე წარმოდგენლი გველეშაპები კი უკავშირდება ლიუბლიანის დაარსების ლეგენდას, რომლის მიხედვით კოლხეთიდან მომავალი არგონავტები ლიუბლიანის სიახლოვეს გაჩერებულან, სადაც იასონს გველეშაპი მოუკლავს. იასონი მიჩნეულია ლიუბლანის პირველ მოქალაქედ.