გერასიმე (ბებურიშვილი)
გერასიმე (ერისკაცობაში — გრიგოლ სვიმონის ძე ბებურიშვილი; დ. 1781, სოფ. კარდენახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 18 ივლისი, 1851, გარეჯის მონასტერი) — ქართველი მღვდელ-მონაზონი, მგალობელი, გადამწერი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი [ხსენების დღეა 12 (25) აგვისტო].
იყო უკანონო შვილი ეროვნული გმირის, სვიმონ ბებურიშვილ-ვაჩნაძისა, რომელიც ღრმად მოხუცებული მოკლეს რუსებმა 1812 წლის თებერვალში ყარაღაჯის ციხის აღების დროს კახეთის აჯანყების ჩახშობისას. 1792 წელს ყრმა გრიგოლი მამამ გასაზრდელად გაუგზავნა ბოდბელ მიტროპოლიტ იოანეს (მაყაშვილი) წმ. ნინოს მამათა მონასტერში. იქვე მას გალობას ასწავლიდა ცნობილი მგალობელი, მღვდელი საბა ათანელაშვილი. მოგვიანებით ერეკლე II-ის კარის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გერონტიმ (სოლოღაშვილი) გრიგოლი დავითგარეჯის მონასტერში წაიყვანა განათლების მისაღებად.
1802 წელს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა ის დიაკვნად აკურთხა გერონტის სახელით, 1832 წელს კი მღვდელ-მონაზონმა თეოფანემ (მაჩაბელი) ბერად აღკვეცა გერასიმეს სახელით. იმავე წელს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (ბოგდანოვ-პლატონოვი) მღვდლად დაასხა ხელი. 1843-1849 წლებში თბილისში, მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტერში იმყოფებოდა (გადმოცემით, სმენასთან დაკავშირებული პრობლემის სამკურნალოდ), შემდეგ ისევ დავითგარეჯის მონასტერში დააბრუნეს. 1851 წლის 18 ივლისს გერასიმე დავითგარეჯის კრებულის სხვა წევრებთან ტყვედ ჩაიგდეს მონასტერს შესეულმა ლეკებმა, აწამეს და თავი მოჰკვეთეს. 1995 წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად.
გერასიმეს გადაწერილი აქვს რამდენიმე ხელნაწერი, მათგან ერთ-ერთია „გამოკრებილი სადღესასწაულო საგალობლები“, რომელსაც ახლავს მისივე ანდერძი: „შეწევნითა ყოვლად კურთხეულისა ღვთისა სიტყვისა მტვირთუელისა ქალწულისა მარიამისათა და ძედ მისაწოდებულისა ქალწულისა მახარებელისა და ღვთის მქადაგებელისა იოანესითა და მეოხებითა უდაბნოთა მნათობთა მნათობისა ღირსისა მამისა დავით გარესჯელისათა, მე ყოვლად უღირსმან, იეროდიაკონმან, გერონტი აღვსწერე წიგნი ესე საგალობლო მასვე უდაბნოსა შინა მრავალმთის დავით გარესჯისასა, რომელიცა მხილველთაგან ცთომისა შენდობასა ვმოქენეობ, რათა იდიდებოდეს მამა, ძე და სული წმიდა, აწ და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. აღიწერა თუესა ოკდომბერს 18, 1806“.
ლიტერატურა
რედაქტირება- სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №3837; საქმე №1336; ფ. 489, აღწერა 1, საქმე №6220.
- კარბელაშვილი პ., „ქართლ-კახური საერო და სასულიერო კილოები“, ტფ., 1898;
- სცსა, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, ტ. 1, 1949.
- მაჩურიშვილი გ., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია: ენციკლოპედია, ტ. 2., თბ., 2021.