გეოგრაფიული პოსიბილიზმი
გეოგრაფიული პოსიბილიზმი (ლათ. possibilis — შესაძლებელი) — თეორია ან მიმართულება კულტურულ გეოგრაფიაში, რომელიც არ უარყოფს ფიზიკური გარემოს გავლენის როლს კულტურაზე და რომლის მიხედვით კულტურა განსაზღვრულია სოციალური გარემოებებით. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში როგორც გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეების თავისებური რეაქცია. პოსიბილიზმის თანახმად, კაცობრიობის მთელი ისტორია და კულტურა განისაზღვრება გეოგრაფიული გარემოს გავლენით. გეოგრაფიული დეტერმინიზმისგან განსხვავებით, პოსიბილიზმის მომხრეები თავისი კვლევების ამოსავალ პუნქტად იღებენ ადამიანსა და მის კულტურას. ისინი გეოგრაფიულ გარემოს განიხილავენ როგორც ადამიანთა საქმიანობის შეზღუდულ და ცვალებად საწყისს. გეოგრაფიული პოსიბილიზმის საფუძვლები ასახულია ფრანგი ისტორიკოსის ლუსიენ ფევრის ნაშრომში.[1] შემდეგ გეოგრაფიული პოსიბილიზმის განვითარებაში მთავარი როლი ითამაშა „ადამიანის გეოგრაფიის“ ფრანგულმა სკოლამ.[2] მისი იდეების მეტად გაშლილი ფორმა განვითარდა საფრანგეთში. ამ მიმართულების მომხრეები იყვნენ გერმანიაში ო. შლიუტერი, ლ. ვაიბელი, აშშ-ში ი. ბოუმენი და სხვა. პოსიბილიზმი ხედავს კაცობრიობას როგორც ერთსა და იმავე გარემოში სხვადასხვა შესაძლებლობებში არჩევანის მქონეს. პოსიბილიზმის მიმდევრებს, პოსიბილისტებს უწოდებენ, რომელთა მიხედვით, თვით ადამიანები არიან კულტურის ძირითადი არქიტექტორები, ხოლო ნებისმიერი ფიზიკური გარემო იძლევა მრავალ შესაძლებლობას სხვადასხვა კულტურების განვითარებისათვის.