გეთსამანია — ეკლესია საქართველოში, მცხეთის დასავლეთ ნაწილში. თბილისი-მცხეთის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, აღმაშენებლის ქუჩის პირა შემაღლებაზე, სვეტიცხოვლის ტაძრის დასავლეთით 800 მეტრის მანძილზე. აქვე მტკვრის მარცხენა ნაპირზე ხიდთან გამართული იყო ისტორიული მცხეთის დასავლეთი კარიბჭე.

გეთსამანიის ეკლესია, მცხეთა.

ქართლის მოქცევის ქრონიკის თანახმად ხიდის მიმდებარე ქალაქის ამ ნაწილს მოგვთა უბანს უწოდებდნენ. უბანში ებრაელებიც ცხოვრობდნენ. აქვე ყოფილა მცხეთელი ელიოზის სახლი, რომელსაც ქრისტეს კვართი ჩამოუტანია იერუსალიმიდან. მცხეთაში საყოველთაო ნათლობის წინ, წმიდა ნინოს, ჯვარი აღუმართავს ებრაელთა მცირე ბაგინზე და ეს ტაძარი სწორედ ამ ჯვრის სახელს ატარებს.

დღეს ამ ეკლესიას „გეთსიმანიას“ უწოდებენ, თუმცა ეს სახელი ახალი შერქმეულია, რადგან იგი არც ერთ ისტორიულ წყაროში და არც გვიანი დროის მოგზაურთა ჩანაწერებში არ გვხვდება და მას ყველანი „ჯვრისუბნის ეკლესიად“ ან „მოგვთა უბნის“ ეკლესიად იხსენიებენ.

შემორჩენილი იყო მხოლოდ აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდი (სიღრმე 1,85 მ, კედლის სისქე 0,65 მ). 2004 წლის რესტავრაციის დროს ნაგებობა სრულად აღდგა. ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და დადგინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმა. მას ჰქონდა ადრექრისტიანული ხანისთვის დამახასიათებელი ნალისებური ფორმის საკურთხევლის აფსიდი და აღმოსავლეთი სარკმლის თაღი. რესტავრაციის დროს აღდგა თითქმის მთელი სიმაღლით გადაქცეული დასავლეთი კედელი, რომელიც გამოვლინდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად. გამოყენებული იქნა ასევე იქვე გამოვლენილი ქვიშაქვის სხვა თლილი კვადრებიც, რითიც ნაგები იყო ეკლესია, თუმცა კედლების ძირითადი ნაწილი ხელახლა აშენდა მსგავსი ფორმისა და ჯიშის ქვით. აფსიდის ღერძზე ერთი ფართო სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით ოთხკუთხა ნიშია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ქვეშ გამოვლინდა უფრო ადრინდელი ნაგებობის მართკუთხა საფუძველი. გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს წინაქრისტიანულ ნაგებობის ნაშთი „ბაგინი ჰურიათა“ ყოფილიყო, რომელზეც დააფუძნეს ადრექრისტიანული ეკლესია. გამოვლინდა აგრეთვე, ადრეული სირიული ეკლესიებისათვის დამახასიათებელი კანკელის პროფილირებული ფილები. იქვე გაითხარა IV_V საუკუნის რამდენიმე სამარხი, ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი ინვენტარით. ყოველივე ეს ეკლესიის ადრეულობაზე მეტყველებს და მას მცხეთის ადრექრისტიანულ ტაძართა რიგში აყენებს.

ეკლესიის ირგვლივ XVIII-XIX საუკუნეების საფლავის ქვებია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 243.
  • ბულია მ., ჯანჯალია მ., ხოშტარია დ., 2006: საქართველოს ძველი ქალაქები, მცხეთა, თბილისი, გვ. 90.
  • ხოშტარია დ., 2001: ადრეული შუა საუკუნეების ეკლესიები მცხეთაში, „Academia“, 1, თბილისი, გვ. 30.
  • ყიფიანი გ., 2004: წმიდა ნინო და ძველი საქართველოს დედაქალაქი, კავკ. მემკვიდრეობის სახლი, თბილისი, გვ.22.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება