გედიკ აჰმედ-ფაშა (თურქ. Gedik Ahmet Paşa; გ. 18 ნოემბერი, 1482, ადრიანოპოლი) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (1474–1477), კაპუდან-ფაშა (1478–1480), ძლიერი მმართველი. მეტსახელად „გედიკი“ — ციხესიმაგრეების მშენებელი.

გედიკ აჰმედ-ფაშა
Gedik Ahmet Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1474
მმართ. დასასრული: 1477
წინამორბედი: ველი მაჰმუდ-ფაშა
მემკვიდრე: ქარამანლი მეჰმედ-ფაშა
სულთანი: მეჰმედ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 18 ნოემბერი, 1482
გარდ. ადგილი: ადრიანოპოლი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმომავლობით სერბი, ბერძენი ან ალბანელი. თავდაპირველად ეკავა რუმელიისა და თოქათის ბეილერბეის თანამდებობა. 1464 წელს დაინიშნა ანატოლიის ბეილერბეიდ. 1470 წელს მიიღო ვეზირის თანამდებობა.

გედიკ აჰმედ-ფაშამ თავი გამოიჩინა ოსმალეთის სულთნის ბრძოლაში ქარამანიდებთან. 1471 ქარამანიდებს დიდი დარტყმა მიაყენა. 1471 წელს გედიკ აჰმედ-ფაშა სულთანმა გაგზავნა ტავრის მთებში განლაგებული ქარამანიდების სახელმწიფოს ცენტრალური ნაწილის დასაპყრობად. ოსმალთა ჯარებმა ხმელეთითა და ზღვით შეუტიეს და დაიკავეს ერმენაკის, მენანის და სილივკეზის ციხესიმაგრეები. დამარცხებული ფირ აჰმედ-ბეი (1464–1474) მთებში გარდაიცვალა. 1474 წლის ბოლოს მეჰმედ II-მ გედიკ აჰმედ-ფაშა დანიშნა ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად.

1475 წელს დიდმა ვეზირმა გედიკ აჰმედ-ფაშამ უხელმძღვანელა ლაშქრობას გენუის ქალაქ-კოლონიებში ყირიმში. თურქებმა დაიპყრეს ქალაქები კაფა, ბალაკლავა, სოლდაია და ტანა. გაანადგურეს პატარა სამთავრო ფეოდორო. მისი დედაქალაქი მანგული აიღეს შტურმით, დაანგრიეს და განძარცვეს. ყირიმელი თათრები, რომლებიც ცხოვრობდნენ ნახევარკუნძულზე, დაემორჩილნენ ოსმალეთის იმპერიას. ყირიმის ხანი მენგლი I გირეი ტყვედ აიყვანეს და წაიყვანეს სტამბოლში სადაც თავი აღიარა მეჰმედ ფათიჰ სულთნის ვასალად, რის შემდეგაც დააბრუნეს კვლავ ყირიმში. თურქულმა ფლოტმა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მიიტაცა ციხესიმაგრე კუბა აზოვის ზღვის გასასვლელში და ანაპა ყირიმის სანაპიროს აღმოსავლეთით. ყირიმის სამხრეთ ნაწილი გახდა ოსმალეთის ახალი პროვინცია, რომელშიც შედიოდა ტანა (აზოვი), კუბა და ანაპა.

1477 წელს სულთანმა გედიკ აჰმედ-ფაშა გადააყენა თანამდებობიდან. დიდ ვეზირად დაინიშნა ქარამანლი მეჰმედ-ფაშა (1477–1481).

1478-1479 წლებში სანჯაყ-ბეი გედიკ აჰმედ-ფაშა მონაწილეობდა თურქეთის სულთნის მეჰმედ ფათიჰის ლაშქრობაში ალბანეთში, რომელის მთლიანად დაიპყრეს და შეიყვანეს ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.

1479 წელს სულთანმა მეჰმედ ფათიჰმა გამოუცხადა ომი ნეაპოლს და მილანს. სულთნის ბრძანებით გედიკ აჰმედ-ფაშამ დაიკავა აიალავრის, კეფალონიის და ზანტას კუნძულები. 1480 წელს გედიკ აჰმედ-ფაშა გადავიდა იტალიაში, შეტევით აიღო იტალიის სამხრეთით ქალაქი ოტრანტო (ტარენტი). ტარენტის აღებამ შეაშფოთა მთელი ევროპა. ვატიკანმა დაიწყო მზადება დიდი ჯვაროსნული ლაშქრობისთვის თურქთა წინააღმდეგ, მაგრამ ოსმანთა მხედართმთავარმა აღარ გააგრძელა წინსვლა ქვეყნის სიღრმეში და შეუდგა ოტრანტოს გამაგრებას.

1481 წლის გაზაფხულზე სულთან მეჰმედ ფათიჰის სიკვდილის შემდეგ დაიწყო გააფთრებული ბრძოლა ხელისუფლებისთვის მის ვაჟიშვილებს,ა ამასიის მმართველ ბაიაზიდსა და კონიის მმართველ ჯემს შორის. 1481 წლის მაისში ბაიაზიდმა დაიკავა სტამბოლი და გამოაცხადა თავი ახალ სულთნად. მისი ბრძანებით გამოცდილი მხედართმთავარი გედიკ აჰმედ-ფაშა გამოიწვიეს ოტრანტოდან. გედიკ აჰმედ-ფაშა მხარს უჭერდა სულთან ბაიაზიდს უმცროს ძმასთან ჯემთან შინა ომებისას.1481 წლის ივნისში ბაიაზიდი მხარეს მებრძოლი გედიკ აჰმედ-ფაშა მონაწილეობდა ენიშეხერთან ბრძოლაში სადაც პრეტენდენტი ჯემი დამარცხდა.1482 წელს სულთნის უმცროსმა ვაჟმა აბდულამ და გედიკ აჰმედ-ჰაშამ მოიგერიეს კონისთან ჯემის და კარამანის აჯანყებული პრინცის კასიმის ჯარები. 1482 წელს ჯემი გაიქცა კუნძულ როდოსზე რაინდთა მფარველობის ქვეშ.

1482 წლის 16 ნოემბერს ჯემის აჯანყების ჩახშობისას გედიკ აჰმედ-ფაშას ქმედებებით უკმაყოფილო სულთანმა ბაიაზიდ II ბრძანა მისი სიკვდილით დასჯა ედირნეში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Tektaş, Nazım (2002) Sadrazamlar-Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı, İstanbul:Çatı Kitapları.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება