გარგანტუა და პანტაგრუელი
გარგანტუა და პანტაგრუელი (ფრანგ. La vie de Gargantua et de Pantagruel) 一 XVI საუკუნეში მოღვაწე ფრანგი ავტორის, ფრანსუა რაბლეს სატირული პენტალოგია, რომელიც მოგვითხრობს ორი გიგანტის, გარგანტუასა და მისი შვილის - პანტაგრუელის შესახებ. ნაწარმოები დაწერილია სახალისო სატირული ენით, გაჯერებულია რა ვულგარულობითა და სიტყვების თამაშით, რის გამოც მას ხშირად აკავშირებენ უილიამ შექსპირისა და ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებასთან.[1][2][3] თავად რაბლე პოლიგლოტი იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისი მაგნუმ ოპუსის წყალობით ფრანგულ ენაში მრავალი ნეოლოგიზმი თუ რთული სიტყვა დამკვიდრდა.[4]
„გარგანტუა და პანტაგრუელი“ | |
---|---|
La Vie de Gargantua et de Pantagruel | |
1532 წლის გამოცემა | |
ავტორი | ფრანსუა რაბლე |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული ენა |
ჟანრი | სატირა |
გამოცემის თარიღი | 1532-1564 |
ნამუშევარი სორბონას კოლეჯის[5] მიერ სტიგმატიზირებული იყო, როგორც უხამსი და საფრანგეთის რელიგიური ომების წინა პერიოდში მზარდი რელიგიური დისკრიმინაციის ფონზე, მას ეჭვის თვალით უყურებდნენ.[6]
სწორედ აღნიშნულმა ხუთწიგნეულმა დაამკვიდრა ტერმინი - პანტაგრუელიზმი - სტოიციზმის ფორმა, რომელიც იშიფრება, როგორც „უხეში იუმორი, განკუთვნილი სხვადასხვა სატირული თუ სერიოზული მიზნებისთვის“.[7][8]
სიუჟეტი
რედაქტირებაავტორი მიმართავს სახელმორჭმულ ლოთებსა და პატივცემულ „ცუდსენშეყრილებს“, გაერთონ და იმხიარულონ ამ წიგნის წაკითხვისას და არ დაავიწყდეთ მისი სადღეგრძელოს თქმა.
გარგანტუას მამას გრანგუზიე ერქვა, ეს გოლიათი დიდი ხუმარა ვინმე იყო, სასმისს ყოველთვის ბოლომდე ცლიდა და ძალიან უყვარდა მასზე „მლაშ რამ მისაჭმელი“. მას ცოლად ჰყავდა გარგამელა. ქალმა თერთმეტი თვე ატარა მუცლით ბავშვი, დღესასწაულზე საქონლის შიგნეულით ამოიყორა კუჭი და გააჩინა გოლიათი, რომელიც მისი მარცხენა ყურიდან მოევლინა ქვეყნიერებას. ამაში გასაკვირი არაფერია, თუ გავიხსენებთ, რომ ბახუსი იუპიტერის თეძოდან იშვა, კასტორი და პოლუქსი კი ლედას კვერცხით გამოიჩეკნენ.
ახალშობილმა მაშინვე დაიჩხავლა „ნუნუა! ნუნუა!“ 一 რაზედაც გრანგუზიემ წამოიძახა: „კე გრან ტუ ა“ 一 რამხელა ხახა გქონიაო და რადგანაც მამა ძის გაჩენას სწორედ ამ სიტყვებით შეხვდა, ყველამ გადაწყიტა, ახალშობილისთვის გარგანტუა დაერქმიათ. ჩვილს ღვინო მოაწრუპვინეს და დალოცვილი ქრისტიანული წესით მონათლეს. გარგანტუა ძალიან გონიერი ბავშვი იზრდებოდა. მეექვსე წელში გადამდგარმა უკვე იცოდა, რომ ქვეყნად საუკეთესო გასაწმენდი საშუალება ფუმფულა ბატია. მისი გონიერებით განცვიფრებულმა მამამ შვილის განათლებაზეც დაიწყო ზრუნვა და მასწავლებლად სწავლული ღვთისმეტყველი, ტუბალ ოლოფრენი აუყვანა. მაგრამ მალე გრანგუზიე მიხვდა, რომ, მართალია, მისი შვილი ბევრს სწავლობდა, მაგრამ ცოდნისა „არა ეტყობოდა რა“. ამიტომ ოლოდრენი ერთი „გადაყრუებული“ მაგისტრით, აბუეტო ჰენტერათი შეცვალა, მაგრამ ძალიან მალე გადაწყვიტა, რომ გარგანტუას აღზრდა პონოკრატეს ეკისრა. სწავლის გასაგრძელებლად გარგანტუა პარიზში გაგზავნეს, სადაც მას ღვთისმშობლის ტაძრის ზარები მოუვიდა თვალში, ჩამოხსნა და თან წაიღო, იფიქრა, ჩემს ფაშატს ჩამოვკიდებო. გარგანტუა ძლივს დაარწმუნეს, უკან დაებრუნებინა ისინი. პონოკრატე ცდილობდა, მის აღსაზრდელს უქმად არ დაეკარგა დრო და მაშინაც კი ამეცადინებდა, როცა იგი ბანაობდა, მოსასაქმებლად იყო ან ჭამდა.
ერთხელ ლერნეელ მეპურეებს ქალაქში ქადა-ნაზუქები მოჰქონდათ. გარგანტუას მწყემსებმა სთხოვეს, რა ფასადაც უნდა გაეყიდათ, იმ ფასად ნახევარი მათთვის დაეთმოთ. მეპურეებმა უარი უთხრეს. მაშნ მწყემსებმა ძალით წაართვეს მათ ქადა-ნაზუქები. უკან დაბრუნებულმა მეპურეებმა თავიანთ მეფეს, პიკროხოლს შესჩივლეს, მან კი, ისე, რომ არც დააზუსტა, სინამდვილეში რა მოხდა, ლაშქარი შეკრიბა და მოულოდნელად მწყემსებს დაესხა თავს. გრანგუზიეს სურდა, პრობლემა მშვიდობიანად მოეგვარებინა, მაგრამ მისი ეს ცდა უშედეგოდ დამთავრდა, ამიტომ იძულებული გახდა, გარგანტუასთვის ეთხოვა დახმარება. გარგანტუამ და მისმა მეგობრებმა დააქციეს მტრის ციხე-სიმაგრე, რომელიც მდინარე ვედის მახლობლად იყო აგებული და შემდეგ გარგანტუა მთელი გზა, უზარმაზარი სირცხვილით, ზარბაზნის ბირთვებს ივარცხნიდა, რითაც პიკროხოლის მეომრები ციხეს იცავდნენ.
როდესაც გარგანტუა მამის სასახლეში მივიდა, მის პატივსაცემად ნადიმი მოაწყვეს. გრანგუზიეს მზარეულებმა ხელეპიამ, ტელეპიამ და ლოკიამ თავიანთი ხელოვნება აჩვენეს სტუმრებს. სადილი ისეთი გემრიელი იყო, რომ გარგანტუამ სალათს ექვსი მწირი შეაყოლა. საბედნიეროდ საცოდავი მწირები ყელში გაეჩხირა და კბილ-საჩიჩქნით გამორეკა იქიდან. გრანგუზიემ შვილს პიკროხოლთან ომის შესახებ მოუყვა და ძალიან შეუქო ბერი ჟან ბდღვირისმდენელი, რომელმაც ამ ბრძოლაში დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა. მამა ჟანი ძალიან მხიარული თანამესუფრე აღმოჩნდა. გარგანტუა მაშინვე დაუმეგობრდა მას. მალე ძლიერი ჯარი სალაშქროდ გაამზადეს. ტყეში ისინი პიკროხოლის მზირებს გადააწყდნენ, რომელთაც გრაფი ალაჯუნე მეთაურობდა. ძმა ჟანმა განგმირა ის და გაათავისუფლა მომლოცველები, რომლებიც მზვერავებს აეყვანათ ტყვედ.
იგივე ჟანმა დაიჭირა პიკროხოლის ლაშქრის მეთაური შატაბუტა, მაგრამ გრანგუზიემ იგი დაინდო და გაათავისუფლა. სახლში დაბრუნებული შატაბუტა პიკროხოლს სთხოვდა, უკან დაეხია და მშვიდობა დაემყარებინა გრანგუზიესთან, რომელსაც ის უკვე ჰუმანურ ადამიანად თვლიდა. მან შუბით განგმირა დაბდურა, რომელმაც მას მოღალატე უწოდა. ამიტომ, პიკროხოლის ბრძანებით, მოისრეებმა იგი ადგილზე მოკლეს. მაშინ გარგანტუა პიკროხოლს ლაროშ-კლერმოში დაესხა თავს და მისი ლაშქარი სრულიად გაანადგურა. მეფემ გაქცევით უშველა თავს, გზად კუდიანი დედაბერი შეხვდა და უმკითხავა. უთხრა: „შენი საქმე კარგად წავა, როცა ვირი ხეზე ავაო“. მას შემდეგ აღარავის უნახავს, ამბობენ, ახლა ლიონში ცხოვრობს და ყველას ეკითხება, ვინმეს ხეზე ასული ვირი ხომ არ გინახავთო? როგორც ჩანს, ტახტის დაბრუნების იმედი ჯერაც არ დაუკარგავს.
ძლეულთა მიმართ გარგანტუა ძალიან შემწყნარებელი აღმოჩნდა, ხოლო გამარჯვებულები უხვად დაასაჩუქრა. მამა ჟანისთვის მან თელემის სავანე ააგებინა, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა ყველა დანარჩენისგან. იქ დაიშვებოდნენ ქალებიც და მამაკაცებიც 一 სასურველია, ისინი ახალგაზრდები და ლამაზები ყოფილიყვნენ. მამა ჟანმა შეცვალა ქალწულობის დაცვის, სიღარიბის, მორჩილების აღთქმა და განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება იქორწინოს, იყოს მდიდარი და თავისუფლებით დატკბეს.
ხუთას ოცდაოთხი წლის გარგანტუას, თავისი ცოლისგან ბადბეკისგან, რომელიც უტოპიის მეფის ასული იყო, შეეძინა ძე 一 პანტაგრუელი. ბავშვი იმდენად დიდი და მძიმე იყო, რომ დედამისი მშობიარობას გადაჰყვა. იგი ქვეყნიერებას საშინელი გვალვის დროს მოევლინა, ამიტომაც დაარქვეს პანტაგრუელი („პანტა“ ბერძნულად იგივეა, რაც „ყოვლად“, ხოლო გრუელი“ აგარიელთა ენაზე წყურვილს ნიშნავს). გარგანტუა დაბნეული იყო, არ იცოდა, ცოლის სიკვდილის გამო ეტირა, თუ ბავშვის დაბადებით გამოწვეული სიხარული გამოეხატა. ბოლოს დაასკვნა, რომ უმჯობესია, ნაკლები იტირო და მეტი სვა.
მან თავად იკისრა ბავშვის აღზრდა, რომელიც ისეთი ღონიერი იყო, რომ ჯერ კიდევ აკვანში მწოლიარემ, ნაფლეთებად აქცია დათვი. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, მამამ სასწავლებლად გაგზავნა. პარიზში მიმავალი პანტაგრუელი გზად ლიმუზენელს შეხვდა, რომელიც ისეთი დამახინჯებული ფრანგულით ლაპარაკობდა, რომ ერთი სიტყვის გაგებაც კი შეუძლებელი იყო. მაგრამ როდესაც გაბრაზებული პანტაგრუელი მას ყელში სწვდა, ლიმუზინელმა შიშისგან გამართული ფრანგულით დაიწყო ღრიალი.
პარიზში ჩასულმა პანტაგრუელმა გადაწყვიტა, ცოდნა გაეღრმავებინა და წმინდა ვიქტორის ბიბლიოთეკიდან ისეთი წიგნების კითხვა დაიწყო, როგორებიცაა: „სამრევლო ხუცესთაგან ერთმანეთისა ცხვირთა ზედა წკიპურტის ცემისთვის“.
ერთხელ, სეირნობის დროს, პანტაგრუელი ახოვან და წარმოსადეგ კაცს შეხვდა, ოღონდ ისეთ ნაცემსა და შემოფლეთილს, ძაღლების ნათრევი გეგონებოდათ. პანტაგრუელი დაინტერესდა, რამ ჩააგდო ეს საბრალო ასეთ მდგომარეობაში. მაგრამ ის ყველა შეკითხვას სხვადასხვა ენაზე პასუხობდა და პანტაგრუელი ვერაფერს იგებდა. მხოლოდ მაშინ, როცა უცნობი, ბოლოს და ბოლოს, ფრანგულად ალაპარაკდა, პანტაგრუელმა შეიტყო, რომ მას პანურგი ერქვა და თურქეთიდან მოვიდა, სადაც ის ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. პანტაგრუელმა პანურგი სტუმრად მიიწვია და მეგობრობა შესთავაზა. ამ დროს დიდი დავა ჰქონდათ გაჩაღებული გავალოკიასა და ხაპიას. საქმე იმდენად იყო სიბნელით მოცული, რომ „სასამართლო ისე ერკვეოდა საქმის ვითარებაში, როგორც ძველგერმანულ ენაში“. გადაწყვიტეს, დახმარებისთვის პანტაგრუელისთვის მიემართათ, რომელსაც საზოგადოებრივ პაექრობაში გაეთქვა სახელი. პირველი, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ მოითხოვა გაენადგურებინათ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი და მოსარჩლეებს სთხოვა, ზეპირად გადმოეცათ თავიანთი სათქმელი. უაზრო საუბრის მოსმენის შემდეგ პანტაგრუელმა სამართლიანი განაჩენი გამოიტანა. ყველა აღაფრთოვანა მისმა ბრძნულმა გადაწყვეტამ პრობლემისა, მათ შორის მოპაექრე მხარეები, რაც საკმაოდ იშვიათად ხდებოდა იმ დროს.
შემდეგ პარუნგმა პანტაგრუელს თავისი ტყვეობის ამბავი უამბო. თურმე თურქებმა კურდღელივით წამოაგეს შამფურზე და შეწვა დაუწყეს, მაგრამ, მისდა საბედნიეროდ, შემწველს ჩაეძინა, პანურგა დრო იხელთა, ცეცხლიდან მუგუზალი აიღო და მძინარეს ესროლა. ისეთი ხანძარი გაჩნდა, რომ მთელი ქალაქი ამოიბუგა. პანგური კი გადარჩა. ცნობილი ინგლისელი სწავლული ტაუმასტი, რომელსაც პანტაგრუელის მწიგნობრობის შესახებ გაეგო, პარიზში ჩამოვიდა, რათა ენახა, გაპაექრებოდა და თავად დარწმუნებულიყო იმაში, რასაც მასზე ლაპარაკობდნენ. მან ჩვენს გმირს შესთავაზა, ნიშნებით, ხმაამოუღებლაად პაექრობა, ისე, როგორც ამას რომში პიკო დელა მირანდოლა აკეთებდა, რამეთუ თითოეული საპაექრო საგანი იმდენად რთული იყო, რომ სიტყვებით მათი გამოხატვა გაჭირდებოდა. პანტაგრუელი დათანხმდა, მაგრამ ცოტა ნერვიულობდა და მთელი ღამე კითხულობდა წიგნებს. პანურგმა ამოიცნო მისი სულიერი მდგომარეობა და შესთავაზა, თავად გაპაექრებოდა ტაუმასტს. იგი ინგლისელების წინაშე პანტაგრუელის მოწაფედ წარსდგა და მის ყველა შეკითხვას გასაოცრად ყოჩაღად უპასუხა. უსტვენდა, ქშინავდა, კბილებს აკრაჭუნებდა, ხელებით ათასგვარ მოძრაობას აკეთებდა 一 მან დიდი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა ტაუმასტი, რომელმაც აღიარა, რომ ის სიტყვები, რომლითაც პანტაგრუელის განსწავლულობას ახასიათებდნენ, საკმარისი არ არის, რადგან რეალობა გაცილებით შთამბეჭდავიაო. პანტაგრუელს შეატყობინეს, რომ გარგანტუამ ფერიათა ქვეყანაში გადაინაცვლა. ამით გულმოცემულმა დაფსოდებმა უტოპიის საზღვრები გადაკვეთეს და დედაქალაქს შემოარტყეს ალყა. პანტაგრუელმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ დაეტოვებინა პარიზი.
თავის მეგობრებთან ერთად მან მტრის ექვსას სამოცი რაინდი გაანადგურა. შემდეგ სამასი დევკაცი და მათი მეთაური „მგელკაცი „ აღგავა“ „პირისაგან მიწისა“. ამ ომში მისი მეგობარი ეპისტემონი დაიღუპა, მაგრამ პანურგმა მას თავი კისერზე მიუკერა და გააცოცხლა. ეპისტემონი იქ მყოფთ მოუყვა, რომ ჯოჯოხეთში იყო, ნახა ეშმაკები, ესაუბრა ლუციფერს და კარგადაც ისადილა. თქვა, რომ მან იხილა სემირამიდა, რომელიც მაწანწალებს ტილებს აცლის, პაპი სიქსტე, რომელიც „ცუდსა ჭირსა სწამლობს“. იუსტინე 一 სათამაშოთა გამყიდველია, აქილევსი თივას აბუღულებს. ყველა, ვინც ამ ცხოვრებაში დიდებული იყო, იმ ქვეყნად საცოდავად დაჩანჩალებს, ხოლო მათ, ვინც ამქვეყნად იტანჯა, იქ ჰპოვეს სულის განსასვენებელი. ეპისტემონმა ინანა, რომ კიდევ მეტ ხანს არ დარჩა ჯოჯოხეთში. პანტაგრუელი ამავროტთა დედაქალაქში შევიდა, მათ მეფეს მეძავი შერთო ცოლად და საწებლის გამყიდველად დააყენა. შემდეგ, როგორც კი პანტაგრუელმა თავისი ჯარით ფეხი დადგა დიფსოდიების მიწაზე, მათ ფრიად გაიხარეს და მაშინვე დაყარეს იარაღი. მხოლოდ ალმიროდნი გაჯიუტდნენ. პანტაგრუელი საბრძოლველად მოემზადა, მაგრამ ამ დროს გაწვიმდა, მოლაშქრეები სიცივემ ისე შეაწუხა, რომ ერთმანეთს ეკვროდნენ, გავთბეთო. მაშინ პანტაგრუელმა ნახევრად გამოყო ენა და თავისი მეომრები შეიფარა. ამასობაში, ამ მართალი ამბირს მთხრობელი ორავანდის ფურცელს იყო შეფარებული, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ დანარჩენებმა უკეთესი სამალავი იშოვეს, იმათთან მივიდა, შეეცადა, რაც შეიძლება მაღლა ასულიყო და პირდაპი პანტაგრუელის ხახაში აღმოჩნდა. იქ მან მთელი ექვსი თვე გაატარა, როდესაც იქიდან გამოძვრა, პანტაგრუელს მოუყვა, რომ ჭამდა და სვამდა იმას, რასაც პანტაგრუელი მიირთმევდა. რადგან „ბაჟს ახდევინებდა საუკეთესო ნაჭრებს“, რომლებიც მის ყელში გადადიოდა.
დიფსოდების დამორჩილების შემდეგ პანტაგრუელმა მათ მიწაზე უტოპიელები დაასახლა, რათა აეღორძინებინა და გაელამაზებინა ეს მხარე, აგრეთვე ჩაენერგა დიფსოდებში მოვალეობის, მადლიერების გრძნობა და ეიძულებინა ისინი, შემდგომში დამჯერნი ყოფილიყვნენ. პანურგს პანტაგრუელმა რაგუს ციხე-სიმაგრე უბოძა, რომელიც ყოველდღიურად 6789106789, ზოგჯერ კი უფრო მეტ რეალს იძლეოდა მოგებას. მაგრამ პანბურგმა ორ კვირაში წინასწარ დახარჯა მთელი თავისი სამი წლის შემოსავალი, უბრალო რამეებში კი არა 一 ღრეობასა და ნადიმებში. ის პანტაგრუელს დაჰპირდა, რომ ვალებს როდინობის კვირას (ე.ი. არასოდეს) გადაიხდიდა, რადგან ცხოვრება ვალების გარეშე, აბა რა ცხოვრებაა. ვინ ლოცულობს დღედაღამ მევალის ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეზე, თუ არა გამსესხებელი. შემდეგ პანურგმა ცოლის შერთვაზე დაიწყო ფიქრი და პანტაგრუელს სთხოვა რცევა. პანტაგრუელი ყველა მის მოსაზრებას დაეთანხმა, მათაც, რომლებიც ქორწინებისკენ იხრებოდნენ და მათაც, რომლებიც ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. ასე რომ, საკითხი ღიად რჩებოდა. მათ გადაწყვიტეს, ვერგილიუსისთვის მიემართათ, ალალბედზე გადაშალეს წიგნი და ამოიკითხეს, რაც იქ ეწერა, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად განმარტეს ციტატა. იგივე მოხდა მაშინაც, როდესაც პანურგმა პანტაგრუელს თავისი სიზმარი უთხრა. პანტაგრუელის აზრით, როგორც ვერგილიუსი, ასევე პანგურის სიზმარი, მას უქადდა, რომ ცოლის მოყვანის შემდეგ იქნებოდა რქიანი და გაქურდული. პანურგი კი მათში ბედნიერი ოჯახური ცხოვრების წინასწარმეტყველებას ხედავდა. შემდეგ მან პანზუს სიბილას მიმართა რჩევისთვის, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებაც სხვადასხვაგვარად ახსნეს მეგობრებმა. მოხუცმა პოეტმა კოტან მორტანმა დაწერა ლექსი, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებით იყო სავსე. „დაქორწინდი, არც იფიქრო დაქორწინება; არ იჩქარო, მაგრამ აჩქარდი; გაიქეცი, მაგრამ ნაბიჯი შეანელე; დაქორწინდი ან არ დაქორწინდე“ და ასე შემდეგ. ვერც ეპისტემონმ, ვერც გერ-ტრიპამ, ვერც მამა ჟანმა შეძლეს პანურგის შემოჯარული ეჭვების გაფანტვა. მაშინ პანტაგრუელმა რჩევის საკითხავად ღვთისმეტყველი, ექიმი, მსაჯული და ფილოსოფოსი მოიხმო. ღვთისმეტყველმა და ექიმმა პანურგს ურჩიეს, დაქორწინებულიყო, თუმ ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ რაც შეეხება რქებს, ამაზე ღვთისმეტყველმა განაცხადა, რომ ეს უკვე ღვთის ნებაა, გახდება თუ არა პანურგი ქორწინების შემდეგ რქიანი. ექიმმა კი თქვა, რომ რქები ქორწინების ბუნებრივი დანართია. ფილოსოფოსმა კითხვაზე, ექორწინა თუ არა პანურგს, ასე უპასუხა: „ერთიც და მეორეც“. პანურგმა კი ქვა: „არც ერთი და არც მეორე“. ყველა კითხვას მან ასეთი მიკიბულ-მოკიბული პასუხი გასცა, რომ პანგურმა ვეღარ მოითმინა და წამოიყვირა: „უკან ვიხევ... ამ საქმეზე ხელს ვიღებ... ვნებდები“. ამის შემდეგ პანტაგრუელი მსაჯულ ბრიუდასთან გაეშურა, მისი მეგობარი კარპალიმი კი 一 მასხარა ტრიბულესთან. ბრიუდას ამ დროს ასამართლებდნენ. მან უსამართლო განაჩენი გამოუტანა ერთ განსასჯელს კამათლების საშუალებით. ბრიუდა, რომელიც უხვად ამკობდა თავის საუბარს ლათინური ფრაზებით, იმით იმართლებდა თავს, რომ უკვე დაბერდა და ცუდად ხედავდა. ამიტომ მან ვერ გაარჩია კამათლის ქულები. პანტაგრუელმა მის დასაცავად წარმოთქვა სიტყვა, რის შედეგადაც მართლმსაჯულებამ იგი გაამართლა.
რაც შეეხება მასხარა ტრიბულეს, მისი საიდუმლოებით მოცული სიტყვა პანურგმა და პანტაგრუელმა კვლავ სხვადასხვანაირად გაიგეს. მაგრამ პანურგმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ მასხარამ ცარიელი ბოთლი შეაჩეჩა მას და ჯადოსნური ბოთლის მისანთან შესთავაზა გამგზავრება. პანტაგრუელი, პანურგი და მათი მეგობრები სამოგზაუროდ გაემზადნენ. მათ დატვირთეს გემები სურსათ-სანოვაგით, ტანსაცმლით, ფულით, ყველაფრით, რაც მოგზაურობისთვისაა საჭირო და ზღვაში გავიდნენ. მეხუთე დღეს ისინი შეხვდნენ სავაჭრო ხომალდს, რომელიც ფარნების ქვეყნიდან მოდიოდა. გემზე ფრანგები იყვნენ. პანურგი ერთ ვაჭარს წაეჩხუბა, რომელსაც დენდონს ანუ ჭუკს ეძახდნენ. ჩხუბისთავი ვაჭრისთვის ჭკუა რომ ესწავლებინა, პანურგმა მისგან სამ ოქროს ლივრად ყოჩი იყიდა, ცხვარი ხელში აიყვანა და წყალში გადაუძახა. როგორც კი ყოჩი წყალში ჩავარდა, დანარჩენი ცხვრებიც მას მიჰყვნენ და დაიღუპნენ. შეშფოთებული ვაჭარი ცდილობდა, შეეჩერებინა ისინი, მაგრამ ამაოდ. ერთ-ერთმა ცხვარმა ისიც თან გაიყოლა. ვაჭარი დაიხრჩო. ამის შემდეგ პანტაგრუელი თავისი მეგობრებითურთ დავაქრების კუნძულს მიადგა. ამ კუნძულის მაცხოვრებლებმა მოგზაურებს არც საჭმელი შესთავაზეს და არც სასმელი. ისინი თავს მეტად უცნაური საშუალებით ირჩენდნენ: შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს მანამ, სანამ წონასწორობიდან არ გამოიყვანდნენ და თავს არ აცემინებდნენ, შემდეგ კი დაჭერით ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ. მამა ჟანმა იკითხა, ვის უნდოდა ოცი ოქროს ეკიუ იმისთვის, რომ ერთი კარგად მოეტყიპათ. მსურველები მრავლად იყვნენ. მამა ჟანმა მათგან ერთ-ერთი ამოირჩია, რამაც დავაქრების უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ჟანმა ის მაგრად გაჯორა, ყველა შურის თვალით უყურებდა ამ კაცს, რადგან მას ამის საფასურად ოცი ოქროს ეკიუ ერგო.
ძლიერი ქარიშხლის შემდეგ მათ ახლოს ჩაუარეს ტაპინუას, ანუ გულჩათხრობილთა კუნძულს, სადაც დიდმარხვა მეფობდა და მიცურეს ფარუშის კუნძულზე, სადაც დიდმარხვას დაუძინებელი მტრები, ძეხვები ცხოვრობდნენ. მათ პანტაგრუელი და მისი მეგობრები დიდმარხვის მეომრები ეგონათ და ჩაუსაფრდნენ. პანტაგრუელიც მოემზადა საბრძოლველად და ჯარის მეთაურად ძეხვის მჭრელი და ძეხვის მთლელი დააყენა. ეპისტემონმა აღნიშნა, რომ მხედართმთავრების სახელები მხნეობას მატებენ და გამარჯვების იმედს უნერგავენ მებრძოლებს.
მამა ჟანმა უზარმაზარი ღორი ააგებინა და დამალა მასში გამოცდილი მზარეულების მთელი არმია, როგორც ოდესღაც ტროას ცხენში დამალეს ბერძნებმა სახელოვანი მეომრები. ბრძოლა ძეხვების სრული კრახით დამთავრდა და, ალბათ, იმ დღეს დედამიწაზე ძეხვთა სახსენებელი გაწყდებოდა, უეცრად ცაზე უზარმაზარი რუხი ტახი რომ არ გამოჩენილიყო და მიწაზე ოცდაშვიდი კასრი მდოგვი არ ჩამოეგდო, რომელიც მალამოდ დაედო მომაკვდავ ძეხვებს. კუნძულ რუა ხის მონახულების შემდეგ, რომლის მცხოვრებნი მეტად უცნაური ხალხი იყო 一 არაფერს ჭამდნენ და სვამდნენ გარდა ქარისა 一 პანტაგრუელი და მისი მეგობრები პაპეფიგების კუნძულს მიადგნენ. ეს ადამიანები ოდესღა მდიდარი და თავისუფლები ყოფილან, ამიტომ მათ უდარდელებსაც ეძახდნენ, მაგრამ ერთ დღესასწაულზე, მათ მეზობლად მყოფ პაპიმანების კუნძულზე მისულან, სადაც ერთ-ერთ მათგანს პაპისთვის ბრაწი უჩვენებია. პაპიმანები ამ ამბავს ძალიან განურისხებია, თავს დასხმიან უდარდელთა კუნძულს და დაუპყრიათ იგი. მათთვის პაპიფიგები, ანუ პაპისთვის ბრაწის მაჩვენებლები დაურქმევიათ. პანტაგრუელი და მისი მეგობრები პატარა სამლოცველოში შევიდნენ, ნახეს, რომ ემბაზში ვიღაც კაცი იწვა, რომელსაც თავზე სამი მღვდელი ადგა და ეშმაკს სწყევლიდა. მათ პანტაგრუელს უამბეს, რომ ეს კაცი მიწის მუშა იყო. ერთხელ, როდესაც ის ხნავდა, მასთან ახალბედა ეშმაკი მისულა და გლეხისთვის უთქვამს, მოსავალი გავიყოთო. ეშმაკმა არჩია ის, რაც მიწის ქვეშ იქნებოდა. როდესაც მოსავლის აღების დრო დადგა, გლეხს ხორბალი ერგო, ეშმაკს კი თავთავის ძირები. ეშმაკი მიხვდა, რომ მოტყუვდა. მაშინ მხვნელს უთხრა, შემდგომში მე მერგება ის, რაც მიწის ზემოდან იქნებაო. გლეხმა თალგამი დათესა. ეშმაკი ისევ ცარიელზე დარჩა. მაშინ მან შესთავაზა, ერთმანეთი ფრჩხილებით დაეკაწრათ, მინდორი კი გამარჯვებულს დარჩენოდა. მაგრამ, როდესაც დათქმულ დროს ეშმაკი მხვნელთან მივიდა, მისმა ცოლმა ტირილით უთხრა, რომ გლეხმა ვარჯიშის დროს ნეკა თითით გაკაწრა იგი და სულ გამოაყრევინა ნაწლავები. ამ სიტყვებით ქალმა მას ფეხქვეშ ცხვრის შიგნეული დაუყარა, რომელიც წინა დღეს სპეციალურად დაუკლავს და მისი ნაწლავები შეუნახავს. ეშმაკმა ამჯობინა გაქცეულიყო. პაპიფიგების კუნძულის დატოვების შემდეგ პანტაგრუელი დამისი მეგობრები პაპიმანების კუნძულს მიადგნენ. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა, როდესაც შეიტყვეს, რომ მათ სტუმრებს ცოცხალი პაპი საკუთარი თვალით ჰყავდათ ნანახი, დიდი პატივით მიიღეს და დიდხანს უქეს მათ პაპის მიერ დაწერილი წმინდა დეკრეტალიები. პაპიმანების კუნძულიდან წამოსულ მოგზაურებს შუა ზღვაში რაღაც ხმები მოესმათ. ეს იყო ცალკეული სიტყვები და ცხენების ჭიხვინი, მათ ირგვლივ მიმოიხედეს, მაგრამ ვერაფერი დაინახეს. ლოცმანმა ახსნა, რომ ისინი ყინულოვანი ოკეანის ახლოს იყვნენ. აქ ზამთარში სიტყვები იყინება. სწორედ ამ ადგილას, შარშან ზამთარში შეტაკება მომხდარა და სიტყვები, შეძახილები, ცხენების ჭიხვინი ჰაერში გაყინულა და ახლა, როდესაც ზამთარი უკვე გადის, ისინი ლღვება და სწორედ ეს ხმა ესმით მათ.
პანტაგრუელმა გემბანზე გაყინული, მრავალფერადი სიტყვები დაყარა. გალღვობის შემდეგ გაირკვა, რომ ზოგი მათგანი სალანძღავიც იყო. მალე მოგზაურები მიადგნენ კუნძულს, რომელზეც ყოვლისშემძლე ბატონი გასტერი მეფობდა. კუნძულის მცხოვრებნი თავიანთ ღმერთს სწირავდნენ ყველაფერს, რაც მოეპოვებოდათ, პურით დაწყებული არტიკოშით დამთავრებული. პანტაგრუელმა გაარკვია, რომ გასტერს გამოუგონებია მიწის დამუშავების ხერხი, პური რომ მოეყვანა; საბრძოლო იარაღები, რათა დაეცვა მოსავალი; მედიცინა, ასტროლოგია და მათემატიკა 一 რომ შეენახა იგი. როდესაც პანტაგრუელმა და მისმა მეგობრებმა ქურდებისა და ავაზაკების კუნძულს ჩაუარეს, პანურგი ტრიუმში, გამხმარი პურის ტომრების უკან დაიმალა. იქ ფუმფულა კატა ეშმაკად მოეჩვენა და შიშისგან ჩაისვარა, შემდეგ კი, როდესაც გაარკვია თუ რაში იყო საქმე, ამტკიცებდა, რომ ოდნავაც არ შეშინებია.
მოგზაურები ჟღარუნა კუნძულს მიადგნენ, სადაც ისინი მხოლოდ ოთხდღიანი მარხვის შემდეგ შეუშვეს. მარხვა საშინლად მძიმე აღმოჩნდა. პირველ დღეს იმარხულეს „რაც ძალი და ღონე ჰქონდათ“, მეორე დღეს 一 „თავქუდმოგლეჯით“, მესამე დღეს 一 „ჭენებ-ჭენებით“, ხოლო მეოთხე დღეს 一 „ფეხის გაფშეკამდე“. კუნძულზე ჩიტები ცხოვრობდნენ: კლერსიჟები, მონაჟესები, პრეტრეჟესები, აბეჟესები, ევეჟესები, კარდინჟესები, პაპეჟესები და ერთი პაპეგო. ისინი მღეროდნენ ყოველთვის, როცა კი ზარების ხმა ესმოდათ. რკინა-კავეულის და თაღლითების კუნძულის მონახულების შემდეგ პანტაგრუელი და მისი მეგობრები დილეგის კუნძულზე მოხვდნენ, რომელიც საზიზღარი ცხოველებით, ბამბურა კატებით იყო დასახლებული. ისინი იჭერდნენ ყველას და შემდეგ ქრთამს იღებდნენ მათგან. მათ ნავსადგურში ქრთამებით დატვირთული უამრავი გემი მოდიოდა. ბოროტი კატების ბრჭყალებიდან თავის დაღწევის შემდეგ მოგზაურებმა კიდევ რამდენიმე კუნძული მოინახულეს და მიადგნენ მეტეატახნეს, ანუ უგებ მეცნიერთა ნავსადგურს, სადაც ისინი კვინტესენციის დედოფლის სასახლეში მიიყვანეს. ეს ქალბატონი არაფერს ჭამდა, ზოგიერთი კატეგორიის, ქარაგმების, ოცნებებისა და შარადების გარდა. მისი მსახურები თხას წველიდნენ და რძეს ცხრილში ასხამდნენ, ქარს ადით იჭერდნენ და სხვა მრავალი ამგვარი სასარგებლო საქმით იყვნენ დაკავებულნი. მოგზაურობის ბოლოს პანტაგრუელი და მისი მეგობრები ფარნების ქვეყანაში მივიდნენ, სადაც ბოთლის მისანი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ფარანმა ისინი ტაძარში მიიყვანა, აქ მათ წინაშე პრინცესა ბაკბუკი წარდგა თავისი ამალით. ტაძრის შუაში დიდებული შადრევანი იყო აღმართული, წყალი შადრევნიდან სამ ჭავლად მოჩქეფდა. თავიდან მოგზაურებს ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალი ეგონათ, მაგრამ როდესაც ბაკბუკმა ბრძნა, ძვირფასი ჯამები მოერთმიათ სტუმრებისთვის და მათ წყალი გასინჯეს, იგრძნეს, რომ მხნეობა მოემატათ, რომ უბრალო წყალი კი არა, ჯადოსნური სითხე მიირთვეს. თითოეულ მათგანს ეს წყალი იმ ღვინოდ მოეჩვენა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. ამის შემდეგ ბაკბუკმა იკითხა, ვის უნდოდა გაეგო ღვთაებრივი ბოთლის სიტყვა. როდესაც გაიგო, რომ ეს პანურგი იყო, შეიყვანა ის მრგვალ სამლოცველოში, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც განათებული იყო. მის შუაგულში, აუზში, წყლით სანახევროდ დაფარული ბროლის დიდი ბოთლი იდგა, როდესაც პანურგი მუხლებზე დაეცა და სარიტუალო სიმღერა იმღერა, ბაკბუკმა რაღაც ჩააგდო აუზში, რისგანაც გაისმა ხმა „ტრინკ“. შემდეგ მან კარადიდან ვერცხლისყდიანი წიგნი გამოიღო, გადაშალა და თქვა, რომ სიტყვა „ტრინკ“ ნიშნავს დალიე, მაგრამ მარტო ჩვეულებრივ სმას კი არა, ეს ნიშნავს, დალიო ის სასმელი, რომელსაც დღენიადაგ უნდა ეწაფებოდეს ადამიანი, რათა ამ სასმელმა სამართლიანნი, ღონიერნი, ძლიერნი გაგვხადოს, ცრურწმენისაგან, ბოროტი სულებისაგან, უსამართლობისგან გაგვანთავისუფლოს, სწორედ ამგვარად შევძლებთ სწორი გზით ვიაროთ და ქვეყნად სიკეე ვთესოთ. პანურგის კითხვაზე, თუ რა აზრისა ბრძანდება ქორწინებაზე, ბაკბუკმა უპასუხა, რომ, როდესაც ჭეშმარიტ ცოდნას შეიძენს, მაშინ შეძლებს, ადვილად განასხვავოს ავი კარგისგან და ღირსეული საცოლის შერჩევა აღარ გაუჭირდება. განშორებისას ბაკბუკმა პანტაგრუელს გარგანტუასთვის განკუთვნილი წერილი გადასცა და მოგზაურები უკან დაბრუნდნენ, თავიანთ სამშობლოში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „Gargantua and Pantagruel“ — Project Gutenberg-ზე, თომას ურკუჰარტის ინგლისურად თარგმანი და გუსტავ დორეს ილუსტრაციები.
- Gargantua and Pantagruel at Project Gutenberg
- Gargantua and Pantagruel (in French) at Association de Bibliophiles Universels
- მიმოხილვა საბაზე
- lit.ge
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rabelais, François (1994). Gargantua and Pantagruel: translated from the French by Sir Thomas Urquhart and Pierre Le Motteux; with an introduction by Terence Cave, Translated by Sir Thomas Urquhart and Pierre Le Motteux, Everyman's Library, გვ. xii. ISBN 9781857151817.
- ↑ Rabelais, François (1999). The Complete Works of François Rabelais: translated from the French by Donald M. Frame; with a foreword by Raymond C. La Charité, Translated by Donald M. Frame, University of California Press, გვ. xlii–v. ISBN 9780520064010.
- ↑ Rabelais, François (2006). Gargantua and Pantagruel: Translated and edited with an Introduction and Notes by M. A. Screech, Translated by M. A. Screech, Penguin Books Ltd, გვ. xvii–iii. ISBN 9780140445503.
- ↑ Bakhtin 1984, p. 110
- ↑ Rabelais, François (1952) „Biographical Note“, Rabelais, Robert Maynard Hutchins (editor-in-chief), Mortimer J. Adler (associate editor), Sir Thomas Urquhart (translator), Peter Motteux (translator), Great Books of the Western World, Chicago: Encyclopædia Britannica, Inc..
- ↑ Le Cadet, Nicolas (2009) Marcel De Grève, La réception de Rabelais en Europe du XVIe au XVIIIe siècle[მკვდარი ბმული], Cahiers de recherches médiévales et humanistes, Comptes rendus (par année de publication des ouvrages), 2009, [En ligne], mis en ligne le 20 avril 2010. Consulté le 22 novembre 2010.
- ↑ Rabelais, François (1999). The Complete Works of François Rabelais: translated from the French by Donald M. Frame; with a foreword by Raymond C. La Charité, Translated by Donald M. Frame, University of California Press, გვ. 425. ISBN 9780520064010.
- ↑ https://www.merriam-webster.com/dictionary/Pantagruelism