გნეუს მარციუს კორიოლანუსი

(გადამისამართდა გვერდიდან გაიუს მარციუსი)

გნეუს მარციუს კორიოლანუსი[1] (ლათ. Caius Marcius Coriolanus) — რომაელი ნახევრადლეგენდარული მხედართმთავარი ძვ. წ. V საუკუნის პირველ ნახევარში.

"ვენტურია კორიოლანუსის ფერხთ" მარციუსს დედა ევედრება დაინდოს რომი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გაიუს მარციუსი დაიბადა მარციუსების განთქმულ არისტოკრატიულ ოჯახში. იგი ქვრივმა დედამ მარტომ გაზარდა. ახალგაზრდა გაიუსი ფიზიკურად ძლიერი იზრდებოდა, იგი ძალიან კეთილშობილი, გულადი და შრომისმოყვარე იყო და არ მიისწრაფოდა ფუფუნებისკენ.

ბრძოლებში წარმატებები

რედაქტირება

იგი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო როდესაც რეგილის ტბასთან ბრძოლაში, გაგდებული მეფის ტარკვინიუსის წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა (დაახ. ძვ. წ. 499). ამ ბრძოლაში მან გადაარჩინა ერთ-ერთი ჯარისკაცი, რისთვისაც მუხის გვირგვინი უბოძეს.

ამ ბრძოლის შემდეგ მარციუსი ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ბრძოლებში და ყველგან ახერხებდა უბადლო სიმამაცისთვის ჯილდოს მიღებას. დედის რჩევით იგი დაქორწინდა, მაგრამ ცოლის მოყვანის შემდეგაც დედასთან განაგრძო ცხოვრება.

ვოლსკებთან ბრძოლაში (დაახ. ძვ. წ. 493) მარციუსმა თავი ასე გამოიჩინა: კონსულ კომინიუსის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ კორიოლის. ვოლსკების ჯარები მიუახლოვდნენ ქალაქს და აპირებდნენ რომაელთათვის ორი მხრიდან შეტევას. კონსულმა ჯარი ორად გაყო, ერთ ნაწილს თვითონ ჩაუდგა სათავეში და გაემართა ვოლსკების ჯარის წინააღმდეგ, მეორეს სათავეში ტიტუს ლარციუსი ჩააყენა და დატოვა ქალაქის ალყისთვის. ამ დროს ქალაქში მყოფმა რაზმმა გადაწყვიტა გამოსვლა და დარჩენილ ჯარებთან შებრძოლება. ჯერ მათ მოახერხეს რომაეების დამარცხება, მაგრამ ამ დროს მარციუსი გამოვიდა ბანაკიდან ცოტაოდენი ჯარისკაცებით და სცადა შეტევის შეჩერება, მან მოუხმო დახეულ ჯარისკაცებს და ერთად დაახიეს მტერი. მარციუსი გამოეკიდა მათ ქალაქის კარიბჭემდე. მარციუსმა ესეც არ იკმარა და მოუწოდა ჯარისკაცებს ღია ქალაქში შეღწევა. ჯერ წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ ვერ შეძლო, იმდენად მოულოდნელი იყო ეს შეტევა, შემდეგ კი აზრზე მოსულმა ვოლსკებმა გააცნობიერეს რომ ქალაქში ძალიან ცოტა რომაელია და გაიმართა ბრძოლა. მარციუსმა აქაც არნახული სიმამაცე გამოიჩინა და ვისაც შეებრძოლა ყველა დაამარცხა. ასე იქნა აღებული ქალაქი კორიოლი.

ქალაქის აღების შემდეგ ჯარისკაცებმა მარადიორობა დაიწყეს. მარციუსი ყველანაერად ცდილობდა აღეკვეთა ეს, მისი აზრით, ყოვლად უმსგავსო საქციელი, რომელიც არ შეჰფერის რომაელ ჯარისკაცს. მას ცოტამ მოუსმინა, ამიტომ იგი მცირე რაზმით გაემართა კონსულის ჯარის დასახმარებლად. მათ ბრძოლის დაწყებას მიუსწრეს. მარციუსი პირდაპირ კონსულისკენ გაემართა და მოახსენა ქალაქის აღების შესახებ.

ბრძოლაში მარციუსმა მოითხოვა ყველაზე საშიში მონაკვეთის მისთვის დათმობა. ვოლსკებმა წააგეს ბრძოლა, მარციუსი, დაღლილობის და ჭრილობების მიუხედავად დაედევნა გაქცეულ მტერს.

მეორე დღეს კონსულმა მთელი არმიის წინაშე აქო მარციუსის გმირობა, უძღვნა შეკაზმული ცხენი, შესთავაზა მთელი ნადავლიდან ამოერჩია მეათედი წილი და უბოძა მეტსახელი კორიოლანუსი. მარციუსმა მიიღო დამსახურებული მეტსახელი და ცხენი, ხოლო ნადავლის მეათედზე უარი განაცხადა.

არ შემდგარი პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ამ დროს რესპუბლიკაში მიდიოდა პატრიციებსა და პლებეებს შორის დაძაბული პოლიტიკური დაპირისპირება. პლებეები ახალ უფლებებს და შეღავათებს ითხოვდნენ. მარციუსი პატრიციების მომხრე იყო. ზემოთხსენებული ბრძოლების შემდეგ მან წამოაყენა თავისი კანდიდატურა კონსულების არჩევნებზე, მიუხედავად იმისა რომ იგი პლებეებს შორისაც ძალიან პოპულარული იყო, მათ შეეშინდათ პატრიციების მხარდაჭერის და არ მისცეს ხმები მარციუსს. ეს უკანასკნელი არჩევნებში წაგებით ძალიან შეურაცხყოფილი იყო.

ამ პერიოდში რომაელებმა შეისყიდეს დიდი რაოდენობით პური, ამის გარდა სირაკუზების ტირანმა ჰელონმაც აჩუქა რომაელ ხალხს პური. ხალხს იმედი ჰქონდა რომ ნაჩუქარი პური უფასოდ დარიგდებოდა. ამ საკითხის გადასაწყვეტად მოეწყო სენატის სხდომა. მარციუსი პურის უფასოდ დარიგების სასტიკად წინააღმდეგი გამოვიდა და უმეტესობა მას მიემხრო. სახალხო ტრიბუნები გამოვიდნენ დარბაზიდან და მოიწვიეს სახალხო კრება. კრებამ მოითხოვა რათა მარციუსი თავად გამოსულიყო ხალხთან და აეხსნა საკუთარი პოზიცია. მარციუსმა უარი განაცხადა, რამაც ხალხში უწესრიგობა გამოიწვია.

საბოლოო ჯამში მარციუსს მაინც მოუწია სახალხო კრებაზე მისვლა, მაგრამ თავის მართლების ნაცვლად, მან დაადანაშაულა პლებსი თავხედობაში. ხალხი ამან კიდევ უფრო განარისხა. დაინიშნა სასამართლო. პატრიციები იკრიბებოდნენ და ცდილობდნენ გამოენახათ მარციუსის დასაცავი ხერხი. მიუხედავად ამისა სასამართლოში უმრავლესობამ მარციუსი დამნაშავედ სცნო და მიუსაჯერ სამუდამო განდევნა.

დევნილობა და მტრის ბანაკში გადასვლა

რედაქტირება

მარციუსმა სასამართლოს გადაწყვეტილება გარეგნული სიმშვიდით მიიღო, დაემშვიდობა დამწუხრებულ დედას და მეუღლეს და დატოვა რომი. რამდენიმე დღე მან გაატარა ქალაგარეთ თავის ვილაში, სადაც ვოლსკებთან გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მარციუსი გადაცმული გაემართა ქალაქ ანტიუმში, სადაც მეფე იყო ტულუს ამფიდიუსი. მან მოახერხა მეფემდე ისე მისვლა, რომ ვერავინ ვერ იცნო, მეფეს კი მოახსენა რომ რომიდან განდევნილია და ყოფილი თანამოქალაქეების დასჯა სურს. ტულუსს გაუხარდა განთქმული რომაელი მეომრის მის მხარეზე გადმოსვლა. სანამ რომში პატრიციების და პლებეების დაპირისპირება გრძელდებოდა, ანტიუმში უკვე მიდიოდა ახალი ომის შესახებ საიდუმლო მოლაპარაკებები.

სანამ ანტიუმში მოხერხდებოდა ჯარების შეკრება, მარციუსმა დაიწყო რომის შემოგარენში მოხალისეთა რაზმით თარეში. რომში შიდა დაძაბულობის გასამწვავებლად მან ჯარისკაცებს უბრძანა პატრციების სახლებისთვის და მამულებისთვის ხელი არ ეხლოთ. როდესაც ვოლსკების ჯარი შეიკრიბა, გადაწყდა რომ ნაწილი ქალაქების დასაცავად უნდა დარჩენილიყო, და ნაწილს რომისკენ გაელაშქრა. დარჩენილ ნაწილს სათავეში ტულუსი ჩაურგდა, ხოლო მეორე ნაწილის მხედართმთავარი მარციუსი გახდა.

მარციუსმა რომის კოლონიების და მოკავშირე ქალაქების რბევა დაიწყო. მას იმედი ჰქონდა რომ რომაელები გამოვიდოდნენ მოკავშირეების დასაცავად და გაიმართებოდა ბრძოლა. რომში კი ისევ არეულობა გრძელდებოდა, თან კონსულების არჩევნებიც ახლოვდებოდა და ამიტომ მათ ეშინოდათ ასეთ პირიბებში საომარი მოქმედებები დაეწყოთ. ასე გრძელდებოდა, სანამ მარციუსმა ლავინიუმს არ შემოარტყა ალყა. ამან გააერთიანა რომაელები. ხალხმა მოისურვა მარციუსისთვის გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მისი ქალაქში დაბრუნება, ხოლო სენატი არ დაეთანხმა ამ აზრს.

როდესაც ამის შესახებ მარციუსმა გაიგო, იგი კიდევ უფრო განრისხდა. მან მოხსნა ლავინიუმის ალყა და დაბანაკდა დედაქალაქის სიახლოვეს. რომაელებმა მარციუსს ელჩობა გაუგზავნეს მოსალაპარაკებლად. ელჩებად მარციუსის ნათესავები აირჩიეს, მათ შესთავაზეს ქალაქში დაბრუნება, მაგრამ მარციუსმა ისინი ძალიან ცივად მიიღო და წამოუყენა ვოლსკების პირობები: რომაელებს უნდა დაებრუნებინათ მიტაცებული მიწები და მიეცათ ვოლსკებისთვის მოქალაქეობა. ამ პირობების მისაფიქრებლად მარციუსმა 30 დღე დაუნიშნა რომაელებს.

მარციუსს ამავდროულად ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ვოლსკების მხრიდანაც, მათ ამოძრავებდათ რომაელისადმი შური, მათ შორის ტულუსიც იყო, რომელსაც მიაჩდა რომ მარციუსი უფრო სახელგანთქმული გახდა. ისინი ბრალს სდებდნენ მარციუსს, რომ იგი ძალიან რბილად მოექცა რომაელებს.

როდესაც 30 დღე გავიდა, მარციუსი ისევ დაბანაკდა რომთან. რომაელებმა მასთან ახალი ელჩობა გაგზავნეს დანდობის თხოვნით. მარციუსმა უარი უთხრა და 3 დღიანი ვადა მისცა რომ რომაელები მის პირობებს დათანხმებოდნენ. ამის შემდეგ სენატმა მარციუსთან ქურუმები გაგზავნა, მაგრამ იგი მაინც არ წავიდა დათმობებზე.

როდესაც რომაელებისთვის გამოუვალი სიტუაცია იყო პოპლიკოლას დამ ვალერიამ მიაკთხა მარციუსის დედას ვოლუმნიას და მეუღლეს ვერგილიას. ვალერიამ მათ სთხოვა ერთად წასულიყვნენ მრტის ბანაკში მარციუსთან და ეთხოვათ დანდობა. ვოლუმნია და ვერგილია დათანხმდნენ. ვოლუმნიამ დაარწმუნა ვაჟი უარი ეთქვა სამშობლოს წინააღმდეგ ლაშქრობაზე და დაეხია, მარციუსს დედისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო და მართლაც დაიხია.

ანტიუმში დაბრუნების შემდეგ სახალხო კრებაზე ტულუსმა დაადანაშაულა მარციუსი ომის დამთავრებაში, ღალატში და ტირანიისკენ სწრაფვაში. მარციუსი ადგა რათა გასამართლებელი სიტყვა ეთქვა, მაგრამ ტულუსის მიერ წაქეზებული ხალხი ეცა მას და მოკლა.[2]

როდესაც ეს ამბავი რომში შეიტყვეს, მარციუს არ გაუმართეს დასაფლავება, მაგრამ ცუდადაც არ იხსენიებდნენ, ხოლო ქალებს უფლება მისცეს 10 თვის მანძილზე სამგლოვიარო ტანსაცმელი ეტარებინათ, როგორც ამას ოჯახის წევრის დაღუპვისას შვრებოდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ტიტუს ლივიუსის მიხედვით გნეუს მარციუსი.
  2. ტიტუს ლივიუსი ამბობს რომ ზოგი ვერსიით მარციუსმა სიბერემდე იცოცხლა დევნილად.