ბუშეტის სვეტიცხოვლის ეკლესია
ბუშეტის სვეტიცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ბუშეტის სამხრეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. საბჯენი თაღები, კამარა, იმპოსტები, კარ-სარკმელების ღიობები და ლავგარდანი - აგურით. წყობაში, ალაგ-ალაგ, ორ რიგად ნაწყობი აგურის ჰორიზონტალური შრეები ჩართული, რომლებიც კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს. თითქმის მთლიანად აგურითაა ნაწყობი ფრონტები და გრძივი ედლების ზედა ნაწილი. კედლები გარედან შელესილი და შეთეთრებული ყოფილა. ნალესობა მხოლოდ აქა-იქაღაა შემორჩენილი. შესასვლელი ორია: სამხრიდან (ამჟამად ამოქოლილია) და დასავლეთიდან. ორივე კარი თარაზულად, ხის ძელითაა გადახურული.
შიდა სივრცე დადაბლებული პოპორციების მქონეა. შენობის გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი იმპოსტებით დასრულებული სამ-სამი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. პილასტრებია გამოყვანილი ოთხივე კუთხეშიც. მათზე დაყრდნობილია აღმოსავლეთი და დასავლეთი ედლების მიმდებარე საბჯენი თაღები. პილასტრების აღმოსავლეთი წყვილით საკურთხეველი გამოყოფილია მლოცველთათვის განკუთვნილი ნაწილისგან. საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ შემაღლებულია ერთი საფეხურით (სიმაღლე დაახლოებით 22 სმ). პილასტრებს შორის ნახევარწრიულთავიანი, ყრუ თაღებია, რომლებიც პილასტრების დამაგვირგვინებელ კაპიტელს ეყრდნობა. საკურთხეველი სწორკუთხაა, უკონქო. საკურთხეველის ჩრდილოეთ კედელში სხვადასხვა ზომის ორი ნიშაა მოწყობილი. სამხრეთისაში- ერთი. სამივე ნიშა თაღოვანია. ჩრდილოეთ კედლის ნიშები გეგმით ნახევარწრიულია, სამხრეთ კედლისა კი - სწორკუთხა. ინტერიერი შვიდი ფართო, თაღოვანი სარკმლითაა განათებული. მათ შორის სამი ჩრდილოეთ, ორი სამხრეთ, თითო-თითო კი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი. ეკლესიის იატაკი აგურისაა.
შენობის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთი და დასალეთი ფასადებია მორთული. მორთულობის ელემენტებია კედლის სიბრტყეში შეღრმავებული, წითლად შეღებილი ჯვრები და რომბები. სამხრეთ და დასავლეთ ფასადზე შესასვლელები ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, ნახევარწრიული თაღით დასრლებულ სიბრტყეში. ორივე შესასვლელის ზემოთ, თაღის არეში, თითო მცირე ზომის, თაღოვანი ნიშაა. ერთი ნიშა სამხრეთ შესასვლელის მარჯვნივაცაა, შეღრმავების თაღოვანი ნაწილის დონეზე- შეღრმავების ზემოთ კი, გურის რელიეფური ჯვარია. დასავლეთ ფასადზე ფრონტონი გაფორმებულია სამი შეღრმავებული ჯვრითა და ორი რომბით. ჯვრები თავმოყრილია სარკმელთან - ზემოთ და გვერდებზე, ხოლო რომბები - ფრონტონის ძირებთან. ფასადები დასრულებულია სპეციალური მოყვანილობის აგურით ნაწყობი ლავგარდნით (მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია), რომლის პროფილს შეადგენს : თარო, შეზნექილი ზედაპირი და ლილეი. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით, რომლის დიდი ნაწილი ჩამოშლილია.
დასავლეთ კედელზე დადგმულია მთლიანად აგურით ნაგები სამრეკლო - თაღებით გახსნილი ექვსკუთხა ფანჩატური, რომელიც მაღალი ლავგარდნითაა დასრულებული. სამრეკლოს სახურავი მონგრეული აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 166-167.