ბუშეტის ნათლისმცემლის ეკლესია
ბუშეტის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფელ ბუშეტის სამხრეთით, 1 კილომეტრზე. თარიღდება XV-XVI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (4,9x3,8 მეტრი). შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ სამშენებლო ფენას. თავდაპირველი კედლები, ძირითადად, მოზრდილი ზომის რიყის ქვითაა ნაგები, წყობა ქაოსურია. ქვებს შორის დარჩენილი არეები ამოვსებულია ბათქაშით. მოგვიანებით აღდგენილ ნაწილებში, როყის ქვასთან ერთად, კვადრატული აგურიცაა გამოყენებული. აგურითაა ნაწყობი ლავგარდანიც.
შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. კარის ღიობი აგურითაა გამოყვანილი და თარაზულადაა გადახურული ხის ძელით, რომელზეც შელეულად დაყენებული აგურები აწყვია. ეკლესიის დარბაზი შესამჩნევად მოკლეა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. ერთი ვიწრო, თაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედელშია. აღმოსავლეთ სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო ოთხკუთხა ნიშაა, ქვემოთ კი, კედელზე, ტრაპეზია მოდგმული. ეკლესიის დასავლეთ კედელში, მოწყობილია კიდევ ერთი ოთხკუთხა ნიშა. დარბაზი გადახურულია ქარგილზე სხმული, ნახევარცილინდრული კამარით.
2006 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს, კედლების და ლავგარდნის დანგრეული ნაწილები განუახლებიათ და ეკლესია ღარისებრი კრამიტით გადაუხურავთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 165-166.