ბაფალო ბილი

(გადამისამართდა გვერდიდან ბუფალო ბილი)

ბაფალო ბილი (ინგლ. Buffalo Bill; ['bʌfələʊ bil]; ნამდვ. სახელი უილიამ ფრედერიკ კოუდი ინგლ. William Frederick Cody; დ. 26 თებერვალი, 1846 — გ. 10 იანვარი, 1917) — ამერიკის შეერთებული შტატების არმიის პოლკოვნიკი, მზვერავი, დილიჟანსის გამცილებელი, ბიზონებზე მონადირე (აქედან მომდინარეობს მისი მეტსახელიც).

ბაფალო ბილი

ბაფალო ბილი
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1846
ლე-კლერი, აიოვა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 1917
დენვერი, კოლორადო, აშშ
ეროვნება ამერიკელი
წოდება არმიის პოლკოვნიკი
მეუღლე(ები) ლუიზა ფრედერიკი (1866–1917)
შვილ(ებ)ი 4
ჯილდოები ღირსების ორდენი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბაფალო ბილი დაიბადა 1846 წლის 26 თებერვალს. ბაფალო ბილს სახელი მოუხვეჭა მის მიერ გამართულმა პოპულარულმა წარმოდგენებმა „ველური დასავლეთი“ („Wild West“). იქ თამაშდებოდა თეატრალიზებული სცენები — ინდიელების თავდასხმა თეთრ მოსახლეობაზე, დილიჟანსის გაძარცვა, ბიზონებზე ნადირობა და მრავალი სხვა. მაყურებლისათვის ეს სამსაათიანი წარმოდგენები იყო სრულიად ახალი ხილი. ამ მშვენივრად დადგმულ სპექტაკლებში, რომელიც მიჩნეულია ამერიკული შოუ-ბიზნესის საწყისად, კოვბოები და ინდიელები აჩვენებდნენ ბრძოლისა და ძარცვის სცენებს, ატარებდნენ შეჯიბრს ჯირითში, ლერიეტის ხმარებასა და მიზანში სროლაში. წარმოდგენა იმდენად დამაჯერებლად იყო დადგმული, რომ მაყურებლისათვის ბაფალო ბილის „ველური დასავლეთი“ რეალურ „ველურ დასავლეთად“ აღიქმებოდა. 

ამ შოუში მონაწილეობის მისაღებად ბაფალო ბილმა მრავალი ნამდვილი კოვბოი და ინდიელი მოიპყრო (რომელთა შორის იყო ლეგენდარული ბელადი მჯდომარე ხარი). ველური დასავლეთის წარმოდგენებით ბაფალო ბილმა მთელი ამერიკა შემოიარა, ხოლო 1880-1900-იან წლებში ევროპაშიც იმოგზაურა.

ბაფალო ბილის შოუში მონაწილეობდნენ გურული მოჯირითეებიც. პირველად ისინი შოუს შეუერთდნენ 1892 წელს, ინგლისში, ხოლო 1893 წელს კი ისინი აშშ-ში ჩავიდნენ. გურულები „რუსი კაზაკების“ სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს კოვბოებზე. ქართველი ცხენოსნების გამოსვლა „ველური დასავლეთიის“ შოუს მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. გურულებს სხვადასხვა მიზეზთა გამო ეძახდნენ კაზაკებს, უმთავრესი ის იყო, რომ საქართველო მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე ყოველი მისი მოქალაქე რუსად მოიაზრებოდა. „ველური დასავლეთის“ განთქმული მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა:

 
„ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა... კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა კოვბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს კაზაკების გავლენაზე როდეოს მონაწილეთა ჩაცმულობაზეც: „ნაირფეროვანი კოსტუმები შოუს განუყოფელი ნაწილი იყო და შესაძლებელია, რომ როდეოსთვის დამახასიათებელი უცნაური ჩაცმულობა კაზაკი მოჯირითეების გავლენის შედეგი იყოს.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი მახარაძე, „ველური დასავლეთის მხედრები“ — „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბილისი, 2011;
  • Irakli Makharadze, „Georgian Trick Riders in American Wild West Shows, 1890s-1920s“ — McFarland Publishers.