ბურდიანის გამოქვაბული მონასტერი
ბურდიანის გამოქვაბული მონასტერი — არქიტექტურული ძეგლის საგარჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბურდიანის ჩრდილოეთ დაახლოებით 2 კილომეტრზე. თარიღდება ადრინედლი შუა საუკუნეებით. ძეგლი აღმოჩნდა 2004 წელს ადგილობრივი მაცხოვრებლების ნ. ტაბატაძის მიერ. ძეგლი ამავე წელს შეისწავლა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილების გამოქვაბულთა შემსწავლელმა სპეციალიზირებულმა ჯგუფმა (გ. გაფრინდაშვილი, ს. ბურდილაძე). აღმოჩნდა კლდეში ნაკვეთი. ორნავიანი ეკლესია და მასზე სამხრეთიდან მიშენებული აფსიდიანი ნაგებობაა. გათხრების შედეგად მიაკვლიეს ქვის კარიერებსაც. გამოვლინდა აგრეთვე ბერის საცხოვრებელი სენაკი და რამდენიმე სამარხი ქვაყუთი. აფსიდიან ნაგებობაში აღმოჩნდა ქვის, ოთხწახნაგა ტრაპეზი. რომლის შემდგომი რესტავრაცია-კონვერსაციის მიზნით, გადაიტანეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. 2006 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდა მიწისა და კლდის ჩამონაშლისგან, გამოქვაბულის ჩამოშლილი, ზედა ნაწილი გადაიხურა ხის ძვლებით. ჰიდროიზოლაციისათვის დაიყარა ღორღი, რომლიც დაიბურა ბალახის საფარით, ჩატარდა ძეგლის საკონსერვაციო და გამგრებითი სამუშაოებიც.
ეკლესია ორნავიანია. ორივე ნავი თითქმის თანაბრი ზომისაა (სიგრძე - 6,8 მეტრი, მაქსიმალური სიგრძე-2,5 მეტრი), გამოკვეთილია კლდის ძნელად დასამუშავებელ ქანში, რის გამოც კედლები უსწორმასწოროა. ნავები ერთმანეთთან დაკავშირებულია კლდეშივე გამოკვეთილი სამი მაღალი თაღოვანი მალით, რომლებიც ერთმანეთისგან ოთხწახნაგა ბურჯებით არის გამიჯნული. აღმოსავლეთით ორივე ნავი ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ჩრდილოეთ ნავის ჩრდილოეთ კედელში იატაკიდან დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე, ამოკვეთილია ვიწრო (სიგანე 50 სანტიმეტრი), მოგრძო (სიგრძე - 1,5 მეტრი) ემბაზი, რომლის ფსკერი თითქმის ნავის იატაკის დონეზეა. ჩრდილოეთ ნავი, აფსიდითურთ, ერთიანი კამარითაა გადახურული. კამარით იყო გადახურული სამხრეთ ნავიც, რომელის უმეტესი ნაწილი ჩამოშლილია. სამხრეთით მდებარე ნავს სამხრეთიდან ეკვრის ნატეხი ქვით ნაშენი, აფსიდიანი ნაგებობა (კედლები 1-1,5 მეტრ სიმარლეზეა შემორჩენილი), რომელიც, ადგილის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, ეკლესიის გამოკვეთის დროსვე უნდა იყოს აგებული.
ეკლესიის აღმოსავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე, კლდის იმავე მასივში, მცირე ზომის გამოქვაბულია, მის პირდაპირ კი, ნახევარწრიული მოხაზულობის კედლის ნაწილია (სიმაღლე დაახლოებით 1,3 მეტრი) შემორჩენილი. კლდეების ნაშთებია ეკლესიის სამხრეთიდაც, ათიოდე მეტრზე. მონასტრის აღმოსავლეთით ნაგებობათა ნაშთები და საამრხებია. ყოველივე ეს კი საფუძველს ქმნის, ვივარაუდოთ, რომ მოანსტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადრე დიდი დასახლება არსებობდა.
ეკლესიაში აღმოჩენილი ტრაპეზი ოთხწახანაგაა (სიმაღლე 101 სანტიმეტრი, წინა და უკანა მხარეების სიგრძე 60 სანტიმეტრი, გვერდითი მხარეების სიგრძე 48 სანტიმეტრი), გამოკვეთილია მთლიან ქვიშაქვაში. დაზიანებულია, კერძოდ, ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი მას მოტეხილი აქვს. ფრაგმენტებიდან ნაწილი ადგილზე, გათხრების დროს აღმოჩნდა, ნაწილი კი დაკრგულია.
ტრაპეზი მდიდრულადაა შემკული. ოთხივე კუთხეში მას ნახევარსვეტი აუყვება. წინა კუთხეების ამყოლი ორივე ნახევარსვეტი შედგენილია თანაბარი ზომის ბურთულებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებულია ვიწრო, ორმაგი, რელიეფური ზოლით. უკანა კუთხეების ამყოლი სვეტები კი სადაა. ტრაპეზის წინა მხარე გაყოფილია თითქმის თანაბარი სიმაღლის სამ არედ, რომლებიც ერთმანეთისგან, გამიჯნულია ბრტყელი ზოლით. ზედა და შუა არეების გამყოფი ზოლი გაფორმებულია ნაძვის წიწვისებრად განლაგებულია ხაზების რიგით. როგორც ჩანს, ასეთივე ზოლით იყო გამიჯნული შუა და ქვედა არეც. სამივე არე მოქცეულია ერთიან, ორმაგ რელიეფური ზოლით გამოყვანილ, ვიწრო ჩარჩოში. სამივე არეზე გამოსახულია თითო მრავალფიგურიანი, რელიეფური კომპოზიცია. ფიგურები დაბალი რელიეფით არის მოცემული და პლასტიკურად თითქმის დაუმუშავებელია.
ამჟამად, დიდი დანაკარგების გარეშე, მხოლოდ შუა არეებზე გამოსახული კომპოზიციაა შემორჩენილი, თუმცა, ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი მასაც აკლია. სამივე არეზე წარმოდგენილია ფრონტალურად მდგომი შვიდ-შვიდი ფიგურა, რომელთაგანაც შუაში მდგომი ფიგურები, სხვებთან შედარებით. ოდნავ უფრო განიერია. ზედა არეში ფიგურები ერთნაირ სამოსელშია წარმოდგენილი. მათი მოსასხამი ქვედა ნაწილში გახსნილია და მოჩანს გრძელი, კოჭამდე დაშვებული კვართი. ყველა მათგანს აცვია დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლებიც ქუსლებით ერთმანეთზე აქვთ მიბჯენილი. კომპოზიციის მარცხენა კედელში ფიგურა მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი. მას ადგას რადიალურად გაშლილი, სწორი ხაზებით გაფორმებული შარავანდი, ხელში კი დახურული წიგნი უჭირავს. აღმოჩენილი ფრაგმენტების საფუძველზე. გამოთქუმლია მოსაზრება, რომ კომპოზიციის შუაში წარმოდგენილი იყო მაცხოვარი. მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომი ფიგურები კი, სავარაუდოდ, მოციქულები ან მღვდელმთავარნი უნდა იყვნენ.
შუა არე ცუდადაა შემორჩენილი. იკითხება მხოლოდ ფიგურების სილუეტები. დანარჩენი დეტალები კი თითქმის გამქრალია. თუმცა ჩანს, რომ ყველა გრძელ სამოსშია გამოწყობილი და, როგორც ეს მარცხენა კიდეში მდგომი ფიგურის (ყველაზე უკეთ არის შემორჩენილი) მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, ხელში დახურული წიგნი უჭირავთ. აღნიშნული ფიგურა ჩაცმულობით მის ასწვრივ, ზედა არეში მდებარე ფიგურისგან ოდნავ განსხვავდება. განსხვავებულია აგრეთვე ცენტრალური ფიგურაც. ეს უკანასკნელი მიჩნეულია ღვთისმშობლად, რომელსაც ხელში ჩვილი ქრისტე უჭირავს. მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომი ფიგურები კი - წმინდანებად.
ქვედა არის ფიგურებიდან მეტნაკლებად შემორჩენილია მარჯვენა სამი ფიგურა, რომელთა მიხედვითაც ჩანს, რომ ამ არეში წარმოდგენილი ფიგურები სხვაგვარად იყვნენ ჩაცმულები - მოკლე, მუხლებამდე ჩამოგრძელებული სამოსელი. რომლის ქვემოთ მოჩანს ერთმანეთზე ქუსლებით მიბჯენილი ფეხები. ცხვირწაწვეტებული ფეხსაცმელებით. მხოლოდ ერთი ცენტრალური ფიგურაა შემოსილი გრძელი, კოჭებამდე დასული კაბით.
ტრაპეზის გვერდითი მხარეები მცენარეული ორნამენტებითაა გაფორმებული. მხარეებიდან მარცხენაზე დეკორი თითქმის მთლიანადაა შემორჩენილი. მარჯვენაზე კი - დეკორის მხოლოდ ქვედა ნახევარი. მარცხენა გვერდზე გამოსახულია ერთმანეთზე გადაბმული, მსხვილყლორტებიანი, ფოთლოვანი ელემენტი. მარჯვენა გვერდის მორთულობა კი მსხვილი ცენტრალური ღეროს აქეთ-იქით განლაგებული, წაგრძელებული ფოთლებისგან შედგება.
ტრაპეზის უკან მხარე მოურთველია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 82-84.