ბუკიოტი, მიკიოტი, ომიდი (ლათ. Aegolius funereus) — ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. გავრცელებულია შუა და ჩრდილოეთ ევროპაში. აზიაში — ურალიდან კამჩატკისა და კურილიის კუნძულებამდე, ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ბინადრობს მთის წიწვოვან და შერეულ ტყეებში. ვერტიკალურად აღწევს ზღვის დონიდან 1200 მ-მდე. აპრილში დებს 4-6 კვერცხს. კრუხობა 1 თვემდე გრძელდება. მორუხო-მოყავისფრო ზურგზე თეთრი ლაქები აქვს. მუცელი ღია ფერისაა და მუქი ზოლები გასდევს; თვალები და ნისკარტი ყვითელია, ფეხის თითები ბრჭყალებამდე შებუმბულია. „სახის დისკო“ სრული და მრგვალია. სასარგებლო ფრინველია. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად წვრილი ბეღურასნაირი ფრინველებით.