ბრანდენბურგის კარიბჭე (კალინინგრადი)

ბრანდენბურგის კარიბჭე (რუს. Бранденбургские ворота; გერმ. Brandenburger Tor) — ქალაქ კალინინგრადის შვიდი შემონახული კარიბჭიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ბაგრატიონის ქუჩის ბოლოში და გადის სუვოროვის ქუჩაზე (ყოფილი ბერლინის ქუჩა), ქალაქის ისტორიული რაიონის ჰაბერბერგის საზღვარზე.

ბრანდენბურგის კარიბჭე
Бранденбургские ворота
მდებარეობა კალინინგრადი, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3910193000

ბრანდენბურგის კარიბჭე ქალაქის ერთადერთი კარიბჭეა, რომელიც დღემდე თავისი პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენება.

ბრანდენბურგის კარიბჭე ააშენეს კენიგსბერგში 1657 წელს პირველი დიდი კედლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე, ბრანდენბურგის ციხესიმაგრისკენ მიმავალ გზაზე. სახსრების სიმცირისა და შესაბამისი პროექტის არქონის გამო ააგეს ხის კარიბჭე. საიმედო დაცვისათვის მის წინ გაავლეს ორმო და ამოავსეს წყლით.

ასი წლის შემდეგ, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ის ბრძანებით, მოძველებული სტრუქტურა მოარღვიეს და მის ადგილზე ააგეს მასიური აგურის ნაგებობა ორი გასასვლელით, რომლებიც შეისრული გადახურვით სრულდებოდა. ახალი ქვის ნაგებობა სრულიად კეტავდა გზას სამხრეთისაკენ (ამჟამად სუვოროვის ქუჩა) და ემსახურებოდა ქალაქის საიმედო დაცვას. სქელი კედლები კარგი თავშესაფარი იყო მცირე გარნიზონისათვის. აქვე განთავსებული იყო საოფისე ნაწილი, დამხმარე სათავსოები, სასაწყობე ფართები და ამწევი მექანიზმები. 1843 წელს მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს კარიბჭე სერიოზულად გადააკეთეს და გააფორმეს დეკორატიული ფრონტონებით, ჯვრის ფორმის ყვავილის ფორმებით, სტილიზებული ფოთლებით, გერბებით და მედალიონებით. კარიბჭეზე დაამონტაჟეს სამხედრო მინისტრის, რუსეთის არმიაში მიმდინარე რეფორმების მონაწილის, ფელდმარშალ გერმან ფონ ბოიენის სკულპტურული პორტრეტი. მარჯვნივ საინჟინრო კორპუსის ხელმძღვანელის, მეორე გამაგრებითი კედლის ერთ-ერთი ავტორის, ერნსტ ფონ ასტერის გამოსახულება.

ბრანდენბურგის კარიბჭე ერთადერთია, რომელიც დღესაც თავის ადრინდელ სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებს. ნაგებობა გაარემონტა და იცავს სახელმწიფო, როგორც არქიტექტურულ ძეგლს.

არქიტექტურა

რედაქტირება

კარიბჭეს აქვს ორი გასასვლელი. მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის შუა წლებში კენიგსბერგის ყველა კარიბჭე აშენებული იყო ნეოგოთიკურ სტილში, გოთური არქიტექტურის მოტივები განსაკუთრებით გამოხატულია ბრანდენბურგის კარიბჭეში.

კარიბჭე მდიდრულადაა შემკული დეკორატიული ელემენტებით, მაგალითად, ჰორელიეფები და სტილიზებული ქვის ყვავილები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • В. Н. Строкин. Памятники ратного прошлого. Путеводитель по памятным местам Калининградской области. Калининград: Калининградское книжное издательство, 1995.
  • Авенир Овсянов. В казематах королевского форта. Калининград: Янтарный сказ, 1999.