ბოჭორმის კოშკი
ბოჭორმის კოშკი — კოშკი ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ბოჭორმის განაპირას, სამხრეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
იგი ოთხსართულიანია, გეგმით კვადრატული (5,2 X 5,2 მ); ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთიდან, II სართულის დონეზეა. კარი თაღოვანია. I სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. დანარჩენი კედლები ყრუა. II სართულის სამხრეთ კედელში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, დასავლეთ კედელში - ერთი სათოფურია. III სართულის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, დანარჩენ ორში - სამი. მეოთხე სართულის ოთხივე კედელში თითო მაშიკული ყოფილა მოწყობილი, რომელთაგანაც მხოლოდ მცირე ნაწილები შემორჩა. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული, შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 70.