ბოცო ჯაყელი — სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი XII საუკუნის 80-იან წლებში. თამარ მეფემ (1184-1213) მას სამცხის ერისთავისა და სპასალარის ხელი უწყალობა. ჯაყელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონაპირე ერისთავი იყო. გუზან აბულასანისძე ტაოელთან ერთად მან უკუაქცია კარნუ-ქალაქიდან და შამიდან (სირია) შემოჭრილი თურქები. 80-იან წლებში ჯაყელი მიემხრო თამარ მეფის პირველი ქმრის გიორგი რუსის (იური ანდრიას ძის) გასამეფებლად აჯანყებულ დასავლეთ საქართველოს ფეოდალებს, რის გამოც თამარმა ჩამოართვა სამცხის ერისთავობა და სპასალარობა, აგრეთვე ჯაყის ციხე. ამის შემდეგ როგორც ჯაყელები (ე. ი. სამცხის ციხის ჯაყის მემამულეები), ისე სამცხის ერისთავები და სპასალარები ხდებიან ციხისჯვრელები, ბოცოს შთამომავლობა ამიერიდან იწოდება ბოცოსძეებად.

ლიტერატურა

რედაქტირება