სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გერგედავა.

ბორის გერგედავა (დ. 18 ივლისი, 1931 — გ. ივნისი, 2007) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1968), დოცენტი. ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი აღმომჩენი. არაერთი მღვიმისა და უფსკრულის დაპყრობის მონაწილე.

ბორის გერგედავა
დაბ. თარიღი 18 ივლისი, 1931(1931-07-18)
დაბ. ადგილი ფახულანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, საქართველო
გარდ. თარიღი ივნისი, 2007 (75 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბორის გერგედავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1956 წელს.[1]

მუშაობა დაიწყო სოფელ ნაკიფუს საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1958 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; პირველად გამოკვლეულ იქნა კავკასიის მღვიმეები კომპლექსური მეთოდით, დამუშავდა მისი მეთოდიკა, დადასტურდა მღვიმეთა კომპლექსის, როგორც განსაკუთრებული გეოგრაფიული ლანდშაფტის გამოყოფის იდეა; განსაზღვრა მღვიმეების ლანდშაფტის საგანი, სტრუქტურა, ამოცანა, შეასრულა მიწისქვეშა ლანდშაფტის ფორმულირება, განსაზღვრა ასეთი კომპლექსის ადგილი დედამიწის ლანდშაფტურ სფეროში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1968 წელს თემაზე: „ოდიშის მღვიმეთა ბუნებრივი პირობების კომპლექსური დახასიათება“.[1]

ბორის გერგედავამ წამოაყენა ახალი შეხედულება კარსტულ მღვიმესა და მის ფორმათწარმოქმნაზე, სიღრუის ევოლუციურ სტადიებზე; გაკეთდა მღვიმის გენეტური, მორფოლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური კლასიფიკაციები; დამუშავდა მღვიმის გამოყენება-დაცვის პრობლემები; იკვლევდა მღვიმეთმცოდნეობის კომპლექსურ მეტეოროლოგიას, მიწისქვეშა ლანდშაფტების თეორიას, რომელთა შესახებ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები (ქართულ და რუსულ ენებზე). დაჯილდოებული აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით (1962).[1]

წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა უმაღლეს სასწავლებლებში, იყო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალის პროფესორი.[2]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ზოგადი დედამიწისმცოდნეობა. თბილისი, განათლება, 1999.
  • სამეგრელო: ბუნება, მოსახლეობა, მეურნეობა, თბილისი-ზუგდიდი, 1999;
  • წალენჯიხის რაიონის გეოგრაფია და გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2003 (თანაავტ.).
  • Изучение пещер Колхиды. Тб., 1978 (соавтор);
  • подземные ландшафты. Тб., 1983;
  • Кадастр пещер СССР в конгломератах и песчаниках, М., 1991 (соавтор).
  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.
  2. 12 ივნისი, 2007. „ხსოვნა“. ბორის გერგედავა. საქართველოს რესპუბლიკა: 15.