ბნელა საყდარი
ბნელა საყდარი — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კევლიანში. მდებარეობს სოფლის დასავლეთით 3-4 კილომეტრზე, ხშირი ტყით დაფარულ მთაზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანის მიწურულით.
ბნელა საყდარი სამეკლესიანი ბაზილიკაა (8,7 X 8,1 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობის კუთხეებში და ცალკეული არქიტექტურული ელემენტებისათვის (აფსიდის მხრები, სატრიუმფო თაღი, პილასტრები, სარკმლის წირთხლები) შირიმის ქვაა გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთ ეკლესიიდანაა. შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით ფართო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიშია. შუა ეკლესიის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღი იყო გადაყვანილი (შემორჩენილია სამხრეთ პილასტრი და საბჯენი თაღის ნაწილი). სატრიუმფო და კამარის საბჯენი თაღების ქუსლებთან თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შედგენილი კაპიტელებია. სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში ორი კარია გაჭრილი - ერთი შუა ეკლესიას აკავშირებს ჩრდილოეთ ეკლესიასთან, ხოლო მეორე - საკურთხეველს სამკვეთლოსთან. სამკვეთლოში აღმოსავლეთით ერთი სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთ ეკლესიას აღმოსავლეთით სწორკუთხა ამაღლებული საკურთხეველი აქვს. სამხრეთ ეკლესია გრძელია, გეგმით სწორკუთხა, აღმოსავლეთით ერთი სწორკუთხა სარკმელი აქვს. ჩრდილოეთ კედელში შუა ეკლესიაში გადასასვლელი კარია გაჭრილი, ხოლო სამხრეთ კედელში - სამეკლესიან ბაზილიკაში შესასვლელი. სამხრეთ ეკლესიის სარკმელს ფასადზე კონქისებური შეღრმავება აქვს, ხოლო შუა ეკლესიის საკურთხევლის სარკმლის თაღი დასრულებულია გადანაკეცებიანი რელიეფური ზოლით. ეკლესიის დასავლეთით 20 მეტრზე შემორჩენილია კედლების ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 292.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბნელა საყდარი დაარქივებული 2013-11-02 საიტზე Wayback Machine.