ბიყარის კოშკი
ბიყარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. ბიყარში, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. მეჯუდას მარცხენა ნაპირას. აგებულია განვითარებული გვიან შუა საუკუნეებში.
ისტორია
რედაქტირებავახუშტის მიხედვით: „მერეს ევს ქუეით ერთვის მეჯვდის ბიყრის ხევი აღმოსავლეთიდამ, გამოსდის უსანეთს, და ამ ბიყარს ზეით არს ისრულის ხევი, ვითარცა სხუანი და ამ მარის მთის ადგილნი, იწრო, ტყიანი და მწირი“.
აღწერა
რედაქტირებაკოშკი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. იგი ორფენოვანია. პირველ ნაგებობას ზურგიანი კოშკი წარმოადგენდა. შემდეგ XVIII საუკუნეში ზურგიანი კოშკის გამოყენებით ააგეს ხუთსართულიანი კოშკი; სართულების გეგმა უსწოროა, ზურგის მხარე უფორმო მოხაზულობისაა. კარ-სარკმლები მხოლოდ სწორ კედელშია განლაგებული. პირველ და მეოთხე სართულზე კარებია, დანარჩენში კი სარკმლები. მეორე სართულის სარკმლები თაღოვანია, დანარჩენი სარკმლები სწორკუთხაა.
მცირე ზომის ციხეს ტრაპეციული ფორმა აქვს. შემორჩენილია აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლის ნაწილები. აღმოსავლეთ კედლის მიხედვით გალავნის სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს. ცალმაგი სათოფურები მაღლაა განლაგებული. მათ ქვეშ გასდევდა ხის საბრძოლო ბილიკი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული, გარედან წრიული, შიგნით კი ოთხკუთხა კოშკის ნანგრევია, რომელსაც შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. მეორე სართულის კედლებში სათოფურებია, აღმოსავლეთით ბუხარი. კოშკების სართულშუა გადახურვები მოშლილია. ცილინდრული კოშკი ძლიერ არის დაზიანებული. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 41-42