ბიეთის მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ვახუშტის მიხედვით: „მეჯვდის მდინარის დასავლეთად, მთის ძირში არს, ბიეთის მონასტერი კეთილს შუენიერს ადგილს. ამას უდის ხევი, გამომდინარე მერის მთისა, და მიერთვის მეჯუდას დასავლიდამ. უზის ბიეთს წინამძღუარი“.

წარწერები

რედაქტირება

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული იყო ასომთავრული წარწერა. 1912 წელს ე.თაყაიშვილის მითითებით ქვები გადმოტანილი იქნა თბილისში, ამჟამად დაცულია სახელმწიფო მუზეუმში. წარწერა შემდეგნაირია:

 
„ქრისტე მეუფეო ყოველთაო ადიდე ერისთავთერისთავი იოანე ძე ბაკურ ყანჩაელისა უფალი და პატრონი (ამი)ს წმინდისა ეკლესიისა (და) ცევწმინდა (მრ)ემლი (?) სმ (ე)... (ი) ყ(ო)...“

მეორე წარწერა მოთავსებულია მცირე ზომის ქვაზე გამოსახულ ჯვრის ქვედა მკლავის ორივე მხარეს:

 
„ვაჩე და ბეშქენ დაიცავენ.“

ბიეთის მონასტერი დგას მდ. მეჯუდას ვიწრო ხეობაში, შემაღლებულ კონცხზე. იგი ნაგებია დიდი ზომის შირიმის კვადრებით. აქა-იქ გამოყენებულია რიყის ქვა. მონასტრის მშენებლობა განეკუთვნება რამდენიმე ქრონოლოგიურ პერიოდს: ეკლესია ეკუთვნის IX საუკუნეს, თითქმის ამავე პერიოდისაა სამხრეთის ვიწრო და გრძელი მინაშენი, ხოლო მეორე მინაშენი - დიდი დარბაზი, განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ამას გარდა აქ შემორჩენილია სატრაპეზოს მცირე ნაწილი და რამდენიმე საცხოვრებელი გამოქვაბული.

დარბაზული ეკლესია, ორსართულიანი, მთლიანად კედელში ნაკვეთი ჩრდილოეთი სათავსებით წარმოადგენს რთულ ნაგებობას. დარბაზი მაღალი, თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება ჩრდილოეთ ნაწილს, რომლის მეორე სართულში გამოკვეთილია ვიწრო დერეფანი. თაღების მალების თავზე მოთავსებულია ვიწრო ნიშების გრძელი რიგი, რომლებშიც გაჭრილია სარკმლები.

დასავლეთი კედელი დანაწევრებულია ორიარუსიანი ვიწრო ნიშებით. სამხრეთ კედელზე გადადის მაღალი თაღები, რომლებიც პილასტრებს ეყრდნობა. თაღის მალებში სარკმლებია მოთავსებული. ეკლესიის კამარა ცილინდრულია. კამარის საბრჯენი თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. ნახევარწრიული აბსიდის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. სამხრეთით ღრმა ნიშაა. აბსიდს სამსაფეხურიანი ხარისხი შემოუყვება. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტები. კედლებზე ამჩნევია მოხატულობის კვალი. ეკლესიას თაღოვანი შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. შესასვლელის თაღები მოჩუქურთმებულია მცენარეული დეკორით.

სამხრეთის ვიწრო მინაშენის კედლები შემორჩენილია 2-3 მეტრის სიმაღლეზე. აღმოსავლეთ კედელში სარკმლის კვალია. სამხრეთით მეორე მინაშენი, რომელიც დიდ დარბაზს წარმოადგენს, გადახურული იყო კამარით. კამარის საბრჯენი თაღები კრონშტეინებს ეყრდნობოდა. მინაშენს აღმოსავლეთით სამი მაღალი თაღოვანი გასასვლელი აქვს. გასასვლელის თაღები შეისრულია.

ეკლესიის ფასადები წყვილი სარტყელის საშუალებით ორ მონაკვეთად იყოფა. აღმოსავლეთის სარკმელს ორმაგი ლილვი აჩარჩოებს. სამხრეთი ფასადის ზედა სარტყელი გარს უვლის სარკმელს, რითაც მას გამოჰყოფს საფასადო სიბრტყიდან. მონასტრის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 37-39
  • ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წიგნი, ქართლის ცხოვრება, IV, თბ., 1973, გვ. 368.
  • „მეფისაშვილი რ., ზოგიერთი ისტორიული ძეგლი სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 14 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1968 წელი. — გვ. 9-13
  • Бакрадзе Д., Кавказ в древних памятниках христианства (Биетскиймонастыр), в кн. "Записки общества любителей кавказской археологии", Тб., 1875, стр.40.
  • Меписашвили Р., Цинцадзе В., Памятники У-Х1 вв. В кн.:"Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 34.
  • Шмерлинг Р., Алтарные преграды ХП-ХУ вв (Биети), в кн. "Малые формы в архитектуре средневековой Грузии", Тб., АН ГССР, 1968, стр. 192.