ბეშქენ ოპიზარი — XII საუკუნის ოქრომჭედელი, ბექა ოპიზარის უფროსი თანამედროვე. წარმოშობითა და მოღვაწეობით ოპიზასთან (კლარჯეთი) უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

ბიოგრაფიული ცნობები ბეშქენ ოპიზარის შესახებ არ დარჩენილა. შემორჩენილია მისი ერთადერთი ნამუშევარი — ბერთის სახარების ვერცხლის გარეკანის მოჭედილობა (ინახებოდა გელათში, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში, Q-906). გარეკანის წარწერაში ნათქვამია: „მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა“. გარეკანის ერთ მხარეს გამოსახულია „ჯვარცმის“, მეორე მხარეს „ვედრების“ კომპოზიციები. კუთხეები მოჩუქურთმებულია არშიებით, რომელთა ინტერვალები „ჯვარცმის“ მხარეს ძვირფასი ქვებისათვის იყო განკუთვნილი, „ვედრების“ მხარეს კი შევსებულია წარწერებით. განსაკუთრებით მეტყველია ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრი ფიგურა. ქრისტეს სამოსელის ნაოჭები, ტახტის ჩუქურთმები, არშიების ორნამენტაცია მოწმობს ბეშქენ ოპიზარის მაღალ ოსტატობას.

ლიტერატურა

რედაქტირება