ბერების საყდარი
ბერების საყდარი — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტუხალდის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ხშირ ტყეში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურით. მისთვის მოგვიანებით სამხრეთის მხრიდან მეორე ეკლესია მიუშენებიათ, ხოლო უფრო გვიან დასავლეთიდან კოშკური ნაგებობა. დარბაზული ეკლესიისგან შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული ნაწილი და სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთი, სამხრეთის ეკლესიიდან - აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი.
დარბაზულ ეკლესიას სამხრეთით ფართო და თაღოვანი შესასვლელი აქვს. საკურთხეველში თაღოვანი სარკმელია, მის ქვემოთ - ნახევარწრიული თაღოვანი ნიში. სამხრეთ ეკლესიაში აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. კოშკური ნაგებობის პირველი სართული ორივე ეკლესიას თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 342-343.