ბელი-გოროდი
ბელი-გოროდი (რუს. Белый город) — ციხესიმაგრე, მოსკოვის დაცვის მესამე სარტყელი. მდინარე მოსკოვის მარცხენა ნაპირიდან ემიჯნებოდა კრემლსა და კიტაი-გოროდს. ააგეს 1585–1593 წლებში. ციხესიმაგრე თეთრი ქვითა (აქედან სახელწოდება „თეთრი ქალაქი“) და აგურით იყო ნაშენი, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, თეთრად შელესილიც უნდა ყოფილიყო. თანამედროვეებს იგი ერთ-ერთ უმტკიცეს სიმაგრედ მიაჩნდათ მთელ ევროპაში. ბელი-გოროდი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ნაგებობაც იყო, რომელიც ამკობდა მოსკოვს. XVIII საუკუნის 70-80-იან წლებში ბელი-გოროდი სიძველის გამო დაშალეს და მის ადგილას ბულვარები გააშენეს. ბელი-გოროდი ეწოდებოდა აგრეთვე (უმთავრესად XVII საუკუნეში) კიტაი-გოროდსა და ბელი-გოროდს შორის მდებარე რაიონს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 285.