ბელგრადის საზავო ხელშეკრულება
ბელგრადის საზავო ხელშეკრულება – ხელშეკრულება რუსეთ-ავსტრიასა და ოსმალთს შორის. ხელი მოაწერეს 1739 წლის 18 (29) სექტემბერს. ხელშეკრულების თანახმად დასრულდა რუსეთისა და ავსტრიის ომი ოსმალეთთან (1735-1739). ავსტრიამ ოსმალეთთან ჯერ კიდევ 21 აგვისტოს (1 სექტემბერს) მოაწერა ხელი სეპარატულ ზავზე, რომლითაც ოსმალეთმა მიიღო სერბია და ვლახეთი. თუმცა რუსეთმა რამდენიმე მძიმე დამარცხება მიაყენა ოსმალეთს (ყირიმის დაკავება; გამარჯვებები ხოტინთან, იასისთან, სტავუჩანთან), რთულმა საგარეო-პოლიტიკურმა მდგომარეობამ (შვედეთთან გამწვავებული ურთიერთობა, საფრანგეთის მოსალოდნელი მხარდაჭერა შვედეთისადმი), ავსტრიის დამარცხებებმა ოსმალეთთან და 21 აგვისტოს სეპარატული ზავის დადებამ ის აიძულა ოსმალეთთან მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყო. ბელგრადის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა დაიბრუნა აზოვი, სიმაგრეთა მორღვევის პირობით, კ. ჩერკასზე (მდ. დონზე) მიიღო სიმაგრის აგების უფლება, ოსმალეთმა კი – მდინარე ყუბანის შესართავთან. დიდი და მცირე ყაბარდო ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადდა. რუსეთს ეკრძალებოდა შავ ზღვასა და აზოვის ზღვაზე ფლოტის ყოლა. ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ ვერ გადაწყვიტა რუსეთის დიპლომატიის მთავარი ამოცანა – შავ ზღვაზე გასვლის უფლების მოპოვება. ბელგრადის საზავო ხელშეკრულება გაუქმდა ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით, 1774 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 282.