ბეტი უილიამსი

ჩრდილოეთ ირლანდიელი მშვიდობის აქტივისტი (1943-2020)
(გადამისამართდა გვერდიდან ბეთი უილიამსი)

ბეტი უილიამსი (ინგლ. Betty Williams; დ. 22 მაისი, 1943, ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია) — ჩრდილოირლანდიელი მშვიდობის აქტივისტი. 1970-იან წლებში მეირიდ მაგუაირთან და კიარან მაკკეონთან ერთად ხელმძღვანელობდა სამოქალაქო საზოგადოება „მშვიდობის ხალხს“, რომლის მიზანი იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფესიური დაპირისპირების შეჩერება. 1976 წელს მაგუაირთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. უილიამსი არის რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციის დამაარსებელი და აქტიური წევრი; კითხულობს ლექციებს მშვიდობაზე, განათლებაზე, კულტურათაშორის და რელიგიათაშორის დიალოგზე, ანტი-ექსტრემიზმზე და ბავშვთა უფლებებზე.

ბეტი უილიამსი

ბეტი უილიამსი 1996 წელს.
დაბადების სახელი ელიზაბეთ სმითი
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1943
ბელფასტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელიზაბეთ (ბეტი) უილიამსი (ქალიშვილობის გვარი — სმითი, Smyth) 1943 წელს ბელფასტში, შერეულ პროტესტანტულ-კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. მამა ყასაბი იყო, დედა — დიასახლისი. შერეული კონფესიის ოჯახები იმ დროის ირლანდიაში იშვიათობა იყო და ამ გარემოებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომავალი აქტივისტის ტოლერანტული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. 1970-იანი წლების დასაწყისში ბეტი უილიამსი მონაწილეობდა ძალადობის წინააღმდეგ პროსტესტანტი მღვდლის მიერ ორგანიზებულ კამპანიაში. აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1976 წლის აგვისტოში ჩაება მას შემდეგ, რაც გახდა ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველი: ბრიტანელმა ჯარისკაცმა ესროლა ირლანდიური რესპუბლიკური არმიის ავტომანქანით მოძრავ მებრძოლს, რის შემდეგაც მანქანამ კონტროლი დაკარგა და სამი ბავშვი იმსხვერპლა. რამდენიმე დღეში უილიამსმა დაიწყო პროტესტანტულ თემში პეტიციების გავრცელება, ხელმოწერების შეგროვება და კონფესიურ ნიადაგზე ძალადობის შეწყვეტისკენ მოწოდება. ამ საქმიანობამ უილიამსი მალე დაღუპული ბავშვების დეიდასთან, კათოლიკე მეირიდ მაგუაირთან დააკავშირა. მათ ერთად სამოქალაქო საზოგადოება „ქალები მშვიდობისთვის“ დააარსეს და ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტის დასრულებისთვის დაიწყეს ბრძოლა. ორგანიზაციას მალე ეწოდა „მშვიდობის ხალხის საზოგადოება“. მათ შეურთდა ჟურნალისტი კიარან მაკკეონი, რომელმაც შექმნა საზოგადოების დეკლარაცია და მოაწყო მანიფესტაცია მის მხარდასაჭერად. იმავე წელს უილიამსი და მაგუაირი დაჯილდოვდნენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით (გადაეცათ 1977 წელს). სამშვიდობო მოძრაობაში მონაწილეობდნენ როგორც პროტესტანტული, ასევე კათოლიკური თემის წარმომადგენლები. უილიამსის და მისი თანამებრძოლების წარმოდგენით, მიზნის მიღწევა „ქვემოდან“, მშვიდობის იდეის გარშემო ხალხის მასების დარაზმვით იყო შესაძლებელი.[1][2]

1978 წელს შიდა უთანხმოებისა და კათოლიკური და პროტესტანტული თემების ექსტრემისტი წარმომადგენლების მიერ საბოტაჟის შედეგად ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოძრაობა თანდათან დაიშალა.[2] უილიამსმა „მშვიდობის ხალხის“ საზოგადოება დატოვა, მეორედ იქორწინა და 1982 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. აშშ-ში ცხოვრების წლებში კითხულობდა ლექციებს მშვიდობასა და ადამიანის უფლებებზე; არჩეული იყო სემ ჰიუსტონის უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორად პოლიტიკურ მეცნიერებასა და ისტორიაში. ორი ათეული წლის შემდეგ ირლანდიის რესპუბლიკაში დამკვიდრდა, თუმცა განაგრძობდა მოგზაურობას და ლექციების კითხვას სხვადასხვა ქვეყანაში. 1997 წელს უილიამსმა დააფუძნა ბავშვთა თანაგრძნობის მსოფლიო ცენტრების საერთაშორისო ორგანიზაცია, 2006 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატებთან — მეირიდ მაგუაირთან, შირინ ებადისთან, ჯოდი უილიამსთან, ვანგარი მაატაისთან და რიგობერტა მენჩუსთან ერთად დააარსა „ნობელიანტ ქალთა ინიციატივა“, რომლის მიზანია მსოფლიოში სამართლიანობის, მშვიდობისა და თანასწორობისთვის მებრძოლ ქალთა მხარდაჭერა.[1]

2006 წელს დალასში სამშვიდობო კონფერენციაზე უილიამსმა განაცხადა, რომ სურდა შეძლებოდა აშშ პრეზიდენტის, ჯორჯ უოკერ ბუშის მოკვლა. მოგვიანებით აქტივისტმა საკუთარი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.[3] მშვიდობის სხვა აქტივისტებთან ერთად უილიამსი ჩანს კანადური როკ-ჯგუფის Nickelback-ის სიმღერის „If Everyone Cared“-ის ვიდეოკლიპში.

  1. 1.0 1.1 Betty Williams, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 12 თებერვალი, 2020.
  2. 2.0 2.1 Betty Williams, Nobel Media AB. ნანახია 12 თებერვალი, 2020.
  3. Bush critic apologizes for remark, East Bay Times. 13 ივლისი, 2007.