ბედისმწერლიშვილები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბედისმწერლიშვილები, ქართველი კალიგრაფები. მოღვაწეობდნენ XVII საუკუნის II ნახევარში. იასე (ზოგჯერ ბაღდაშვილად ან ბაჲღდიშვილად წოდებული), ფარემუზი და ნათანაილი. მღვდელმა - იასემ და მისმა ძმამ ფარემუზმა 1664 გადაწერეს კურთხევანი (ეს წიგნი და სხვა ქვემოთ მოხსენიებული ხელნაწერები დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში, H-1742); ნაწერია მტკიცე, თანაბარი, კუთხოვანი ნუსხურით, 1667 მათვე გადაწერეს მარხვანი (A-663). 1669 იესემ გადაწერა სასულიერო თხზულებათა კრებული (A-179), 1673 კი - ე. წ. ქვეშის სახარება (A-517), რომლის ტექსტიც მორთულია მცენარეული ორნამენტიანი ჩარჩოებით. წიგნს თავში დართული აქვს 15 მინიატიურა. იასესვე გადაუწერია ოთხთავი (S-1247). ნათანაილი, ალბათ უმცროსი ძმა იყო. 1672 გადაწერილი წიგნის (ჟამნი, H-1755) ანდერძში იგი თავისთავს "ახლად მოსწავლეს" უწოდებს. წიგნს დართული აქვს მინიატურული სახარების სცენებით, მხატვარი უცნობია. ნათაინაილს 1691 გადაუწერია დავითნი (H-16). ხელნაწერი მორთულია თავსამკაულით და ნაწერიც მაღალმხატვრულ დონეზეა შესრულებული. მისივე გადაწერილია ბიბლია (H-1207), რომელიც მსხვილი, სქელხაზოვანი, კუთხოვანი ნუსხურით არის შესრულებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ქსე, ტ. 2, გვ. 266, თბ., 1977