ბაძგირეთის ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე იმერხევისწყლის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ბაძგირეთისწყლის ხეობაში. ადგილმდებარეობის გამო მას ხშირად ხევწრულის ციხედაც მოიხსენიებენ. ის ისტორიული შავშეთის შემადგენელი ნაწილია.

შესწავლის ისტორია

რედაქტირება

ოსმალეთის ბატონობის დროს ეს ციხესიმაგრე და მისი მიმდებარე დასახლებები ოსმალურ ადმინისტრაციას და იქ გაბატონებულ კანონებს დაემორჩილა, რომელიც ქართული ფეოდალური მიწათმფლობელობისაგან ფრიად განსხვავებული ტიპის სოციალური სისტემა იყო. რუსეთის მმართველობის დროს აქ კამერალური აღწერები ტარდებოდა, ამასთან იქმნებოდა სპეციალური ხუთვერსიანი რუკები, სადაც ყველა პუნქტი იყო დატანილი.

ისტორიული გეოგრაფია

რედაქტირება

ბაძგირეთის ციხე ამავე სახელწოდების ხეობის თავში არის აგებული. იგი ფაქტობრივად ზემოდან გადაჰყურებს ხეობას და მისი ინფრასტრუქტურისა და მეურნეობის კონტროლის ფუნქცია გააჩნდა. ციხესიმაგრეს არ აქვს არანაირი გზის ჩამკეტი სიმაგრის ფუნქცია, რითაც მას შეეძლო ხეობაში შემოსასვლელი ჩაერაზა, ამ კუთხით ის გამოუსადეგარია, არა მხოლოდ იმერხევისთვის, არამედ თვით მარჯვენა შენაკადის, ბაძგირეთისწყლის ხეობისთვისაც. ეს ციხე იმდენად მხირეა, რო მასში მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს შეეძლო თავი შეეფარებინა. ერთადერთი რაც ამ ციხესიმაგრეს შეეძლო ჩაეკეტა იყო მისასვლელი ჩრდილოეთით მდებარე მდელოებისკენ და მდინარე იმერხევისწყლის ზემო დინების სანაპიროსთან არსებული არასამდინარო გადმოსასვლელი. ბაძგირეთის აგების თარიღი IX-X საუკუნეებით თარიღდება.

ტოპონიმები

რედაქტირება

აღნიშნულ სოფელს თურქულად მადენ ქოი ეწოდება. ციხესიმაგრეს ხშირად ხევწრულის ციხესაც უწოდებენ. ტოპონიმი „ხევწრული“, ანუ „ხევწვრილი“ ამ ადგილის გეოგრაფიული მახასიათებლებიდან წარმოდგება. ბაძგირეთის სახელწოდება ბაძგის ხის სახელწოდებიდან მომდინარეობს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ეკლიან ჭყორნალს ნიშნავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ., 2020 ISBN 978-9941-9738-1-9