ბატაანის სასიკვდილო მარში

ბატაანის სასიკვდილო მარში — იაპონიის საიმპერატორო არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1942 წლის აპრილში. ბატაანის სასიკვდილო მარში ერთ-ერთია იმ მრავალი დანაშაულიდან, რომელიც იაპონიის არმიას აქვს ჩადენილი მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარი ოკეანის კამპანიებში.

ამერიკელი და ფილიპინელი ტყვეები ხელნაკეთი საკაცეებით მიასვენებენ ბატაანის სასიკვდილო მარშისას დაღუპულ თანამებრძოლებს, 1942 წელი.

1942 წლის 9 აპრილს, ფილიპინებში, ბატაანის ნახევარკუნძულზე, დამქანცველი და სასტიკი თავდაცვითი ბრძოლების შედეგად ფილიპინურ-ამერიკული ჯარი გამოიფიტა როგორც საბრძოლო მასალებისა და საკვების ნაკლებობისგან, ასევე იაპონელთა გაუთავებელი იერიშებისგან და ჯარის ამერიკელი მეთაურის გენერალ-მაიორ ედვარდ კინგის გადაწყვეტილებით, მთელი არმია ტყვედ ჩაბარდა მოწინააღმდეგეს.

76 000 ამერიკელი და ფილიპინელი ჯარისკაცი იაპონელებმა ო'დონელის ტყვეთა ბანაკისკენ გზას ფეხით გაუყენეს, გასავლელი მანძილი დაახლოებით 106 კილომეტრი იყო. მარში ხუთიდან ათ დღემდე გრძელდებოდა, იმისდა მიხედვით, თუ როდის შეუერთდა ცალკეული ტყვე მსვლელობას. ამ დღეების განმავლობაში მოკავშირეთა ჯარისკაცებს ელოდათ სასტიკად არაადამიანური მოპყრობა იაპონელთა მხრიდან. ძალიან ბევრმა ტყვემ ცოცხალმა ვერ მიაღია ო'დონელის ბანაკამდე.

ბატაანის ბრძოლა

რედაქტირება

1942 წლის იანვარ-აპრილის მონაკვეთში იაპონელები მთლიანად აკონტროლებდნენ ფილიპინების კუნძულებს, გარდა კუნძულ კორეჰიდორისა და ბატაანის ნახევარკუნძულისა. საბრძოლო მასალებისა და საკვების ნაკლებობის მიუხედავად, ამერიკულ-ფილიპინურმა ერთობლივმა ჯარმა სამი თვის განმავლობაში გაუწია მტერს მედგარი წინააღმდეგობა. ეს იყო ფილიპინების ოკუპაციის ყველაზე ინტენსიური და მძიმე ბრძოლები. ეს სამთვიანი დაყოვნება იაპონელთათვის მძიმე დარტყმა იყო, რადგანაც მათ ვერ შეძლეს იმ უეცარი გამარჯვების მიღწევა ფილიპინებზე, რომელსაც მოელოდნენ. ამან კი, თავის მხრივ, წყნარი ოკეანის აუზის სრული კონტროლის გეგმებს პრობლემები შეუქმნა.

 
ფილიპინელი და ამერიკელი ჯარისკაცები ტანკსაწინააღმდეგო რაზმიდან იაპონელთა იერიშის მოლოდინში, ბატაანის ნახევარკუნძული.

არსებობს სამხედრო კორესპონდენტის ფრენკ ჰიულეტის სახუმარო ლექსი, რომლითაც მან ბატაანის დამცველ ამერიკელთა მედგარი წინააღმდეგობა უკვდავყო:

„ჩვენ ბატაანის არამზადა მებრძოლები ვართ, არც დედა, არც მამა, არც ბიძია სემი, არც დეიდები, არც ბიძები, არც ბიძაშვილები, არც დისშვილები, არც წამლები, არც თვითმფრინავები, არც არტილერია და ეს არავის ადარდებს“.

თუმცა თავგამოდება საკმარისი არ აღმოჩნდა და მალე ამერიკულ-ფილიპინურ ჯარს მოუწია დანებებულიყო საბრძოლო მასალების კატასტროფული სიმწირის გამო.

მოკავშირეთა დანებების შედეგები

რედაქტირება

იაპონიის საიმპერატორო არმიის გენერალ-ლეიტენანტი მასაჰარუ ჰომა და მისი პერსონალი რეალურთან შედარებით ორჯერ ნაკლებ ტყვეს ელოდა, როგორც ეს მათი გათვლებით იყო გაანგარიშებული. ამან დიდი ლოჯისტიკური პრობლემა შექმნა. 60 ათასზე მეტი მშიერი, ავადმყოფი, დასუსტებული სამხედრო ტყვისა და 38 ათასი დევნილის ტრანსპორტირება ძალიან რთულად დასაგეგმი და შესასრულებელი იყო. იაპონელებს კი რაც შეიძლება მალე უნდოდათ ტყვეებისა და დევნილების ჩრდილოეთით გადაყვანა, რათა მათ საბოლოო იერიშს კუნძულ კორეჰიდორზე ხელი არ შეშლოდა. მათ კი ამის უზრუნველსაყოფად საკმარისი ტრანსპორტი არ ჰყავდათ.

სასიკვდილო მარში

რედაქტირება

იაპონურმა არმიამ ტყვეებს ორ ქალაქში მოუყარა თავი. მათ უბრძანეს თავიანთ მფლობელობაში არსებული ყველა ნივთი გადაეცათ იაპონელებისთვის. ამერიკელი ლეიტენანტი კერმიტ ლოუ იხსენებს:

 
„მათ ბრინჯის ნათესებში გაგვიყვანეს და ჩვენი ჩხრეკა დაიწყეს. ჩვენ დაახლოებით ასნი ვიყავით, ამიტომ ამან დიდი დრო წაიღო. ყველას გადმოეტრიალებინა თავისი ჯიბე და ნივთები წინ დაელაგებინა. ისინი [იაპონელები] ძვირფასეულობას იღებდნენ და ბევრს გვირტყავდნენ. მე ჩემი ახალი აღთქმის წიგნი ძირს დავდე. ჩხრეკის შემდეგ იაპონელებმა ერთი ოფიცერი და ორი ჯარში მოხალისედ ჩაწერილი ქოხის უკან გაიყვანეს და ესროლეს. ვინც მათთან ერთად იდგა მანამდე, მათ თქვეს, რომ იმ სამ ტყვეს იაპონური სუვენირები და ფული ჰქონდათ თან.“

ტყვეებში მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ ვინმეს რაიმე იაპონური ჰქონდა, უნდა დაემალა ან გაენადგურებინა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იაპონელი ჯარისკაცებისგან სასტიკი მოპყრობა ელოდათ იმ მოტივით, რომ ეს ნივთები მათი დაღუპული თანამებრძოლების საკუთრება იყო.

 
ხელებშეკრული ამერიკელი ტყვეები ბატაანის მარშისას

იაპონელები ტყვეებს აიძულებდნენ, დღეში 40 კილომეტრი გაეარათ. სამთვიანი ბრძოლებით, შიმშილითა და დაღლილობით დაქანცული ტყვეებისთვის ეს მეტისმეტად გაუსაძლისი იყო. ამ ყველაფერს ემატებოდა ტროპიკული სიცხე და მცხუნვარე მზე. რადგანაც პრიორიტეტი იაპონელი ჯარისკაცები იყვნენ, ტყვეების დიდი ნაწილი საკვებს ვერ იღებდა, ხოლო ვინც მიიღო, მთელი მარშის მანძილზე მხოლოდ ერთხელ. ტყვეთა უმეტესობას საკვები პირველად ო’დონელის ბანაკში შეხვდა.

ყველაზე გაუსაძლისი ტყვეებისთვის წყლის ნაკლებობა აღმოჩნდა. იაპონელი ჯარისკაცები გამიზნულად აკავებდნენ ტყვეებს წყლის მიღებისგან. ბევრი გზაზე შემხვედრი გუბურებიდან სვამდა წყალს, თუმცა ეს წყალი ჭუჭყითა და ცხოველთა ექსკრემენტებით იყო დაბინძურებული, რამაც ტყვეებში დიზინტერია და მრავალი ფატალური შედეგი გამოიწვია.

ტყვეები, რომლებიც სისუსტისგან სიარულს ვეღარ აგრძელებდნენ, ადგილზე იხვრიტებოდნენ ან ხიშტებით იკვლებოდნენ, ამას იაპონელთა „გამწმენდი რაზმები“ ახორციელებდნენ. ხშირი იყო წამება, ცემა და მცხუნვარე მზის ქვეშ დატოვება. სისუსტისგან დაცემულ ტყვეებს იაპონური სატვირთო მანქანები ზემოდან უვლიდნენ. ზოგჯერ ყოველგვარი მიზეზის გარეშე იაპონელი ჯარისკაცები ტყვეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მათ, ვინც გაქცევას შეეცდებოდა, ადგილზევე ხვრეტდნენ ან იაპონური კატანებით თავს კვეთდნენ. ტყვეებს, რომლებიც სისუსტისგან ითიშებოდნენ, ცოცხლად მარხავდნენ.

 
ბატაანის მარშის მარშრუტი, მთლიანი ერთი ხაზით ნაჩვენებია ტყვეების მიერ ფეხით გავლილი მანძილი სან ფერნანდომდე

ამ სასტიკ მოპყრობას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი იყო ის, რომ იაპონელებს ამერიკელები და ფილიპინელები უღირს ერებად მიაჩნდათ, ხოლო მეორე მიზეზი ბატაანის ბრძოლისას ამერიკელთა და ფილიპინელთა მედგარი წინააღმდეგობა იყო.

შესვენებები მხოლოდ მაშინ იყო, როცა იაპონელი ჯარისკაცები იღლებოდნენ. ამ დროსაც კი ტყვეებს არ ჰქონდათ უფლება დამჯდარიყვნენ, წინააღმდეგ შემთხევავში მათ ადგილზევე ესროდნენ. ერთადერთი შვება, რაც ტყვეებს გააჩნდათ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მათთვის გზაზე მათარებში დატოვებული სასმელი წყალი იყო. ტყვეებს არ ჰქონდათ უფლება ექსკრეციისთვის გაჩერებულიყვნენ, უმეტესობას უწევდა ეს საკუთარ შარვალში გაეკთებინა. ეს კი მარშისგან გაჩენილ ფეხის ჭრილობებში ინფექციის მოხვედრას იწვევდა.

სან ფერნანდოში მისვლის შემდეგ ტყვეები ვაგონებში აიყვანეს, რათა ქალაქ კაპასში რკინიგზით ჩაეყვანათ. ვაგონები მეტალის იყო და არანაირი ღიობები გააჩნდა, ჰაერის განიავება არ ხდებოდა. ამერიკელი სტაფ სერჟანტი ალფ ლარსონი იხსენებს:

 
„მატარებელი შედგებოდა ექვსი ან შვიდი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ვაგონისგან. იქ სარდინებივით შეგვყარეს, ისეთი სიმჭიდროვე იყო, ვერც დაჯდებოდი. შემდეგ კარი დაკეტეს. გული რომ წაგსვლოდა, ძირს ვერ დაეცემოდი. თუ ვინმეს ტუალეტში წასვლა სჭირდებოდა, ამას იქვე აკეთებდა. თითქმის ზაფხული იყო და ძალიან ცხელოდა, ტენიანობა მაღალი იყო. მატარებელში სისხამი დილიდან გვიან საღამომდე ვიყავით ისე, რომ ვერ გადმოვდიოდით. იმ ვაგონებში ხალხი დაიღუპა.“

კაპასში ჩასვლის შემდეგ ტყვეებმა კიდევ ცამეტიდან თექვსმეტ კილომეტრამდე იარეს ფეხით, სანამ ბანაკ ო'დონელს მიაღწიეს. ტყვეებს იქ ერთი თასი ბრინჯი მისცეს, ეს მათი უმრავლესობისთვის პირველი საკვები იყო, რომელიც მიიღეს მარშის დაწყებიდან. ტყვეებისთვის ერთადერთი შვება აქ ის იყო, რომ მათ დაჯდომა და დაწოლა შეეძლოთ.

თუმცა ბანაკში მიღწევის შემდგომაც არაერთი ტყვე დაიღუპა გზაზე აკიდებული დაავადების, ჭრილობებისა და დაღლილობისგან. დაახლოებით გაანგარიშებულია, რომ ბატაანის მარშს მთლიანობაში 650 ამერიკელი და 5000-18000 ფილიპინელი შეეწირა.

დამნაშავეთა გასამართლება

რედაქტირება

ომის დასრულების შემდეგ მეთოთმეტე არმიის მეთაური გენერალი მასაჰარო ჰომა გასამართლდა და სიკვდილი მიესაჯა სამხედრო დანაშაულებისთვის. ის 1946 წელს დახვრიტეს. მასანობუ სუჯი, იაპონელი ოფიცერი, რომელიც მარშისას ტყვეების ხოცვის ბრძანება გასცა, გასამართლებას გადაურჩა და ომისშემდგომი იაპონიის პარლამენტის წევრიც კი გახდა.

ბატაანის მარში წყნარი ოკეანის თეატრში იაპონელთა მიერ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სამხედრო დანაშაულად ითვლება.

პატიების თხოვნა

რედაქტირება

2010 წლის 13 სექტემბერს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატსუია ოკადამ ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა ექვს ყოფილ ამერიკელ სამხედროს, რომლებიც იაპონელთა ტყვეობაში იყვნენ და რომელთაგანაც ორი ბატაანის მარშგამოვლილი იყო. ეს ექვსი ვეტერანი და მათი ოჯახები იაპონიის მთავრობამ იაპონიაში მიიწვია და მათი მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფა საკუთარ თავზე იკისრა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bilek, Anton (Tony). No Uncle Sam: The Forgotten of Bataan. — Kent State University Press, 2003. Kent State University Press, 2003.
  • Jackson, Charles; Bruce H. Norton. I Am Alive!: A United States Marine's Story of Survival in a World war II Japanese POW Camp. Presidio Press, 2003.
  • Mallonee, Richard C. Battle for Bataan: An Eyewitness Account. I Books, 2003
  • Templeton, Billy D. Manila Bay Sunset: The Long March Into Hell. River Road Press, 2006.
  • Waldron, Ben; Emily Burneson. Corregidor: From Paradise to Hell! Trafford Publishing, 2006.
  • Whitman, John W. Bataan: Our Last Ditch: The Bataan Campaign, 1942. Hippocrene Books, 1990.
  • Young, Donald J. The Battle of Bataan: A History of the 90 Day Siege and Eventual Surrender of 75,000 Filipino and United States Troops to the Japanese in World War. McFarland & Company, 1992.
  • Sides, Hampton. Ghost Soldier Anchor Books, 2001.
  • Stewart, Sidney. Give Us This Day. W. W. Norton & Company.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება