ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი
ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი (გ. 1692 წ.) — პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მსაჯულთუხუცესი (მდივანბეგი) 1688-1692 წწ., ძე ოთარ არაგვის ერისთავისა.
მოხსენიებულია ანანურის მთავარი ტაძრის 1689 წლის წარწერაში.
ვახუშტი თავის „საქართველოს ცხოვრებაში“ წერს, რომ როდესაც შაჰმა ქართლში გიორგი XI ურჩობისათვის გადააყენა და ერეკლე I დანიშნა, ამ უკანასკნელმა ზურგის გამაგრება მოინდომა თავისი ერთგული პირების დანიშვნით სხვადასხვა თანამდებობებზე. ამ ახლად დანიშნულთა შორის ბარძიმიც იყო: „დაადგინა კარისა თვისისა გამგედ მსაჯულთუხუცესად ბარძიმ, ძმა გიორგი ერისთავისა“.
ბარძიმი დვალეთში არჩილ II-ის ვაჟების შესაპყრობად გაგზავნილ ლაშქარს მეთაურობდა. როდესაც გიორგი XI დაბრუნდა და ერეკლეს წინააღმდეგ 1691 წელს ბრძოლას აწარმოებდა, ბარძიმ მსაჯულთუხუცესი მას ეახლა ძმასთან ერთად „და ითხოვეს შენდობა“. ამის შემდეგ, გიორგი მეფემბარძიმი გამოიყენა მაშინ, როდესაც გაემგზავრა კახეთის შემოსამტკიცებლად. ნინოწმინდასთან მომხდარ ამბავს ვახუშტი ვრცლად აგვიღწერს და იქვე იძლევა ბარძიმის დახასიათებას: „არამედ დუშიაქი ქისიყის მოურავი მოვიდა მთა მტად მცირედითა თუშით და ქისიყით, არა ბრძოლად. გარნა რათა ჰყოს ზავი მათ თანა; ხოლო ესე ბარძიმ იყო ამაყი, თავხედი, კადნიერი და არა რაიდ ვინმე ჩნდა... ღვინოსმული დამთვრალი განრისხნა ფრიად და არღა-რა ისმინა ვისიმე და მიეტევა ბრძოლად... მაშინ დუშიამ შიშისათვის იწყო სროლა თოფთა, ჰკრეს ბარძიმს მკერდსა და განვლო ბეჭსა მისსა და შეიღეს მოწყლული ნინოწმინდის ზღუდესა შინა და განამაგრეს ყმათა მისთა ზღუდე ეკლესიისა“. მძიმედ დაჭრილი ბარძიმი შეტაკების შედეგად მალევე გარდაიცვალა[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 361.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩხეიძე ს., „საქართველოს ცხოვრება“, ტფ., 1913, გვ. 7