ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბარნუმის ეფექტი, ასევე ცნობილი როგორც ფორერის ეფექტი, ან იშვიათად როგორც ბარნუმ-ფორერის ეფექტი, გავრცელებული ფსიქოლოგიური ფენომენია, რომლის ზემოქმედებით ინდივიდები სიზუსტის მაღალ ხარისხს ანიჭებენ მათი პიროვნების იმგვარ აღწერებს, რომლებიც, თითქოს, მათზე არის მორგებული. სინამდვილეში, ეს აღწერები იმდენად ბუნდოვანია, რომ ბევრ ადამიანს შეიძლება მიეწეროს.[1] ამ ეფექტით შეიძლება ნაწილობრივ ავხსნათ ზოგიერთი პარანორმალური რწმენისა და პრაქტიკის ფართოდ გავრცელებული პოპულარობა. როგორებიცაა ასტროლოგია, მკითხაობა, აურის წაკითხვა და გარკვეული ტიპის პიროვნების ტესტები.[2]

პრაქტიკოსები ამ დახასიათებებს ხშირად იყენებენ, რომ დაარწმუნონ მსხვერპლი თითქოსდა პარანორმალურ ძალებს ფლობენ. იმის გამო, რომ ეს აღწერითი დებულებები ასეთი ბუნდოვანია, ადამიანები საკუთარ შინაარსს დებენ მასში, შედეგად დებულება მათთვის პიროვნულ მნიშვნელობას იძენს. ასევე, როცა ინდივიდები საკუთარ თავზე ნეგატიურ შეფასებას იგებენ, მაღალია ალბათობა მიიღონ ის, თუ შემფასებელი (მათი წარმოდგენით) მაღალი დონის პროფესიონალია.

ცნება „ბარნუმის ეფექტი“ პირველად გვხვდება ფსიქოლოგ, პოლ მილის ესეში „იძებნება — რეცეპტების კარგი წიგნი.“

მიმოხილვა

რედაქტირება

ბარნუმის ეფექტი შეიქმნა როგორც პასუხი ეგრეთ წოდებულ „ბარნუმის დებულებებზე“. ამ ეფექტში იგულისხმება ზოგადი შინაარსის დებულებები, რომლებიც ინდივიდს აღწერს და აღიქმება ინდივიდის მიერ როგორც მართალი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დებულებები იმდენად ზოგადია, რომ ფაქტობრივად ნებისმიერი ადამიანის დახასიათება შეიძლება მათი გამოყენებით. მსგავს ტექნიკებს იყენებენ მკითხავები, ასტროლოგები და სხვა პრაქტიკოსები იმისთვის, რომ დაარწმუნონ ფულის გადამხდელი, რომ ისინი პარანორმალური უნარებით არინ დაჯილდოებული.[3] ეს ეფექტი არის ეგრეთ წოდებული „დათანხმების ფენომენის“ კონკრეტული მაგალითი, რომელიც აღწერს ადამიანების ზოგად ტენდენციას „დაიჯერონ თითქმის ნებისმიერი შარლატანური პიროვნული უკუკავშირი.“ ამასთან დაკავშირებული და უფრო ზოგადი არის „სუბიექტური დადასტურების“ ფენომენი. საქმე გვაქვს სუბიექტურ დადასტურებასთან, როდესაც ორი ერთმანეთთან დაუკავშირებელი, ან თუნდაც შემთხვევითი მოვლენა აღიქმება როგორც დაკავშირებუი, იმიტომ რომ რწმენა, მოლოდინი, ან ვარაუდი მოითხოვს კავშირის არსებობას. მაგალითად, ჰოროსკოპის კითხვის დროს ადამიანები აქტიურად ეძებენ შესატყვისობას ჰოროსკოპის შინაარსსა და საკუთარ თავზე არსებულ წარმოდგენებს შორის.

პირვანდელი კვლევა

რედაქტირება

1947 წელს ფსიქოლოგმა, როს სტაგნერმა რამდენიმე პერსონალის მენეჯერს პიროვნების ტესტი შეავსებინა. ტესტის შევსების მერე, სტაგნერმა იმის ნაცვლად, რომ უკუკავშირი მიეცა იმაზე დაფუძნებით თუ ტესტმა რა აჩვენა, მონაწილეებს ზოგადი უკუკავშირი მისცა. ეს უკუკავშირი არ იყო კავშირში ტესტის პასუხებთან; ის დაფუძნებული იყო ჰოროსკოპზე, გრაფოლოგიურ ანალიზსა და მსგავს რაღაცებზე. მონაწილეების ნახევარზე მეტმა უკუკავშირი შეაფასა როგორც სწორი და თითქმის არავინ შეაფასა, როგორც მცდარი.[4]

1948 წელს, ფსიქოლოგმა ბერტრამ ფორერმა ფსიქოლოგიური ტესტი (შემდგომში ცნობილი როგორც „კლასიკური ექსპერიმენტი“,[5]) ჩაუტარა - ეგრეთ წოდებული „ინტერესის დიაგნოსტიკური ბლანკი“- ფსიქოლოგიის 39 სტუდენტს. სტუდენტებს უთხრა, რომ ისინი მიიღებენ პიროვნული მახასიათებლების მოკლე აღწერას, რომელიც დაფუძნებული იქნება მათი ტესტის შედეგებზე. ერთი კვირის შემდეგ ფორერმა თითოეულ სტუდენტს მისცა (ვითომდა) მათი პიროვნების აღწერა და სთხოვა შეეფასებინათ რამდენად ახლოს იყო რეალობასთან. სინამდვილეში, ყველა სტუდენტმა ერთი და იგივე შინაარსის აღწერა მიიღო. აღწერა ამ დებულებებისგან შედგებოდა:

  1. გაქვს ძლიერი მოთხოვნა მოსწონდე სხვა ადამიანებს; მოხიბლული იყვნენ შენით.
  2. მიდრეკილი ხარ კრიტიკული იყო საკუთარი თავის მიმართ.
  3. დიდი პოტენციალი გაქვს, რომელიც ჯერ არ გამოგიყენებია შენს სასარგებლოდ.
  4. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პიროვნული სისუსტეები გაქვს, შეგიძლია მათი კომპენსირება შენი პიროვნების ძლიერი მხარეებით.
  5. შენმა სექსუალურმა ცხოვრებამ პრობლემები გაგიჩინა.
  6. მიდრეკილი ხარ ღელავდე და ეჭვები გქონდეს, მაშინ როცა გარეგნულად თვითკონტროლის მქონე და დისციპლინირებული ჩანხარ.
  7. ხანდახან ეჭვი გღრღნის — სწორი გადაწყვეტილება მიიღე თუ არა, სწორად მოიქეცი თუ არა.
  8. გარკვეული რაოდენობის ცვლილება და მრავალფეროვნება მოგწონს და უკმაყოფილო ხარ, როცა შებოჭილი ხარ აკრძალვებითა და შეზღუდვებით.
  9. საკუთარი თავი დამოუკიდებლად მოაზროვნე მიგაჩნია და სხვის ნათქვამს არ იღებ დამაკმაყოფილებელი მტკიცებულების გარეშე.
  10. მიგაჩნია, რომ არაა გონივრული სხვებს გული გადაუშალო.
  11. ხანდახან ლაღი და გულღია ხარ და ხანდახან ფრთხილი და გულდახურული.
  12. ზოგიერთი შენი მისწრაფება საკმაოდ არარეალისტურია.
  13. უსაფრთხოება, შენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

საშუალოდ, სტუდენტებმა აღწერების სიზუსტე შეაფასეს 4.30-ით (სკალის დიაპაზონი იყო 0-დან (ძალიან დაბალი) 5-მდე (შესანიშნავი)). მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სტუდენტმა გააკეთე შეფასება, გამომჟღავნდა, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღო იდენტური აღწერა, რომელიც ფორერმა ასტროლოგიის წიგნზე დაყრდნობით შეადგინა.[6] აღწერა შეიცავს დებულებებს, რომლებიც საკმარისად ბუნდოვანი და ზოგადია იმისთვის, რომ ადამიანების უმეტესობას მოერგოს.

ფორერი ამ მოვლენას ხსნიდა მიამიტობით.[7] ითვლება, რომ ეს ეფექტი ადასტურებს ე.წ. „პოლიანას პრინციპს“, რომლის თანახმადაც ადამიანები მიდრეკილი არიან „უფრო ხშირად გამოიყენონ, ან მიიღონ დადებითი სიტყვებისგან შემდგარი უკუკავშირი, ვიდრე უარყოფითი სიტყვებისგან შემდგარი უკუკავშირი.“[4]

1956 წელს, ამერიკელმა ფსიქოლოგმა პოლ მილმა ამ ფენომენს „ბარნუმის ეფექტი“ უწოდა თავის ესეში „იძებნება — რეცეპტების კარგი წიგნი“, რადგან -მისი აზრით- ზოგი ვითომდა წარმატებული ფსიქოლოგიური ტესტის პიროვნების ბუნდოვანი აღწერები ჰგავს შოუმენ პ. ტ. ბარნუმის მიერ გამოყენებად აღწერებს.[8][9]

კვლევის გამეორება

რედაქტირება

განმეორებითმა კვლევებმა გამოკვეთა ორი ფაქტორი, რომელიც „საჭიროა“ ფორერის ეფექტის მისაღებად. აღწერილობის შინაარსი მნიშვნელოვანია; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უარყოფითი და პოზიტიური მახასიათებლების თანაფარდობაზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ინდივიდს სჯერა იმ პიროვნების გულწრფელობის, რომელიც აძლევს უკუკავშირს.[10][11] 2011 წელს განმეორებით ჩატარებულ კვლევაში დებულებები შეიცვალა იმგვარად, რომ ორგანიზაციას უფრო მიესადაგებოდა, ვიდრე ადამიანს. შედეგები მსგავსი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები ორგანიზაციებს ადამიანურ თვისებებს მიაწერენ და გულუბრყვილოდ ახასიათებენ მათ.[12]

ეფექტი ისევ და ისევ გვხვდება, როდესაც აღწერითი დებულებები ბუნდოვანია. ადამიანები საკუთარ აზრს დებენ მიღებულ დებულებებში და, შედეგად, ეს დებულებები მათთვის „პიროვნული“ ხდება. ყველაზე ეფექტიანი ფრაზები შეიცავენ სიტყვას „ზოგჯერ“, მაგალითად, „ზოგჯერ თავს თავდაჯერებულად გრძნობ, მაგრამ ხანდახან არ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში“. ეს ფრაზა თითქმის ყველას შეიძლება მივუსადაგოთ და ამრიგად თითოეულ ადამიანს შეუძლია მასში ამოიკითხოს „პიროვნული“ მნიშვნელობა. განმეორებით კვლევებში ფორერის ეფექტი გვხვდება, როდესაც დებულებები ასეთი ბუნდოვანი ფორმით არის.[13]

უფრო მაღალია ალბათობა ინდივიდმა მიიღოს უარყოფითი აღწერა, თუ ადამიანი, რომელიც ეუბნება მას ამ აღწერას, აღიქმება ინდივიდის მიერ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალი. კვლევები ასევე მიუთითებენ იმაზე, რომ ავტორიტარული, ან ნევროზული პიროვნული მახასიათებლების მქონე პირები, ან ვისაც ჩვეულებრივზე მაღალი აქვთ მოთხოვნა, რომ მოსწონდეთ სხვებს, უფრო ხშირად ავლენენ ბარნუმის ეფექტს.[4]

ეფექტზე ზეგავლენის მქონე ცვლადები

რედაქტირება

კვლევების თანახმად, ფორერის ეფექტი უნივერსალურია; სხვადასხვა კულტურისა და ადგილას მცხოვრებ ხალხშია შემჩნეული. 2009 წელს ფსიქოლოგებმა პოლ როჯერსმა და ჯენის სოულმა კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც შეადარეს ერთმანეთს დასავლელების და ჩინელების ტენდენციები ბარნუმის პიროვნული პროფილების მიმართ; რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა მათ შორის ვერ იპოვეს.[14]

მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები უფრო მაღალ სიზუსტეს მიაწერენ მასეთ აღწერებს, თუ შემდეგი პირობებია დაცული:[15]

  • ადამიანს სჯერა, რომ ანალიზი მხოლოდ მას შეეხება და, ამიტომ, მიაწერს საკუთარ მნიშვნელობას მოცემულ აღწერებს.[13]
  • ადამიანს შემფასებელი ავტორიტეტად მიაჩნია.
  • ანალიზში ძირითადად მოცემულია დადებითი თვისებები.

უახლესი კვლევები

რედაქტირება

ზებუნებრივის რწმენა

რედაქტირება

ადამიანებს, რომლებსაც, მაგალითად, ჰოროსკოპების სიზუსტის სჯერათ, უფრო მეტად არიან მიდრეკილი დაიჯერონ, რომ ბუნდოვანი აღწერები უშუალოდ მათ ესადაგება. შიზოფრენიის ზომიერი სიმპტომების და ფორერის ეფექტისადმი მგრძნობელობის შესახებ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მაღალი კორელაცია მათ შორის.[10]

ასტროლოგიური ნიშნის აქტუალურობა

რედაქტირება

ბერნი სილვერმანის 1971 წლის ექსპერიმენტში, ექსპერიმენტის მონაწილეებს თორმეტი პიროვნული თვისება (ამოღებული ჰოროსკოპებიდან) შესთავაზეს და სთხოვეს აერჩიათ ოთხი, რომელიც ყველაზე კარგად აღწერდა მათ. როდესაც პიროვნულ თვისებებს თან არ ახლდა ჰოროსკოპის ნიშანი, ექსპერიმენტის მონაწილეების არჩეული თვისებები საგულისხმო ალბათობით არ ემთხვეოდა მათ ჰოროსკოპის ნიშანს. თუმცა, როდესაც თვისებებზე მითითებული იყო ნიშნები, მონაწილეები უფრო ხშირად ირჩევდნენ საკუთარი ჰოროსკოპის ნიშნის თვისებებს.[5]

ეფექტის ბოროტად გამოყენება

რედაქტირება

1977 წელს რეი ჰაიმანმა აღწერა ფორერის ეფექტის ბოროტად გამოყენების გზები, რომლებსაც ქირომანტები და სპეკულანტები იყენებენ მსხვერპლებზე (ე.წ. „სამიზნეებზე“). ფაქტორები, რომლებიც ეხმარებათ ამ თაღლითებს მოატყუონ თავიანთი მსხვერპლი. მაგალითად, სპეკულანტებს წარმატების უფრო მაღალი შანსი აქვთ, თუკი თავდაჯერებულად იქცევიან „თუ გამოიყურებით და იქცევით ისე, თითქოს გჯერათ იმის რასაც აკეთებთ, ფაქტობრივად ნებისმიერი რამის გაყიდვას შეძლებთ“, თუ „შემოქმედებითად იყენებენ უახლეს სტატისტიკურ კვლევებს, და გამოკითხვებს“ აჩვენებენ „თუ რისი სჯერათ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, რას აკეთებენ, რა სურთ, რა აწუხებთ და ა.შ.,“ თუ იყენებენ „რაღაც ტრიუკებს, მაგალითად, ბროლის ბურთს, ტაროს ბანქოს, ან ხელის გულზე მკითხაობას,“ თუ ყურადრებას აქცევენ ინფორმაციას თავიანთი მსხვერპლის შესახებ, რომელიც ჩანს ისეთი დეტალიბიდან, როგორიცაა „ტანსაცმელი, სამკაულები, ჟესტები და მეტყველება“, თუ არ ეშინიათ „გაბუქების“ და თუ პირფერობენ.[4]

კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, მაიკლ ბირნბაუმის თანახმად ილუზიონისტები და ექსტრასენსები იყენებენ ფორერის ეფექტს, როცა ახორციელებენ ეგრეთ წოდებულ „ცივ წაკითხვას“ (cold reading). ამას ასევე იყენებსო ზოგიერთი გადაცემის წამყვანი, რომლესაც პრეტენზია აქვს, რომ ფსიქოანალიტიკის ექსპერტია და შეუძლია აუდიტორიის წევრების ფსიქოლოგიური პრობლემების დადგენა რამდენიმე წუთში. „ნამდვილი ფსიქოლოგები შეძრწუნებული არიან ასეთი პრაქტიკით“, — ამბობს ბირნბაუმი, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ საფუძვლიანად გააკრიტიკონ ეს პრაქტიკა საჯარო გამოსვლებში. ასე რომ, მსგავსი პრაქტიკა კვლავ სარგებლობს პატივისცემით საზოგადოებაში.[16] „სამწუხაროა, რომ ფსიქოლოგიის აკადემიურ წრეებს სათანადო ყურადღება არ მიუქცევია ცივი წაკითხვის ტექნიკას“ — წერს დენის დუტტონი თავისი 1988 წლის ნაშრომში, „იმდენად, რომ ცივი წაკითხვის პრაქტიკის ფართოდ გავრცელებულობა მნიშვნელოვა საფუძველს უქმნის საზოგადოებაში არსებულ რწმენას პარანორმალურ ძალებში.“ მაშინ როცა ფსიქოლოგები თავიანთ კვლევებში სტუდენტებზე იყვნენ ფოკუსირებული, დუტტონი მოუწოდებდა „შეესწავლათ ცივი წაკითხვის რეალური ტექნიკები და პრაქტიკები, რომლებსაც პროფესიონალები იყენებენ.[5]

2016 წლის სტატია უხსნიდა გამყიდველებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ფორერის ეფექტი მომხმარებლების დარწმუნებისთვის. ძირითადი რჩევა იყო — პირფერობა გამოიყენეთ.[17]

„ბარნუმის ეფქტის მთავარი აზრი,“ — ბირნბაუმის თქმით ის არის, რომ „თვითვალიდაცია არ არის ვალიდაცია. ნუ მოტყუვდებით ექსტრასენსების, შარლატანი ფსიქოთერაპევტებისა, ან ცრუ მკურნალების მიერ, რომლებიც ამ ხრიკს თქვენზე იყენებენ! იყავით სკეპტიკური და მოითხოვეთ მტკიცებულება. შეინახეთ ფული თქვენს საფულეში, საფულე თქვენს ჯიბეში და თქვენი ხელი თქვენს საფულეზე.“[16]

  1. „Barnum Effect | psychology“. ციტირების თარიღი: 2018-02-14.
  2. The Barnum Effect. Seeking Alpha (2017-08-04). ციტირების თარიღი: 30 November 2017.
  3. Carroll, Robert. Barnum effect. The Skeptic's Dictionary. ციტირების თარიღი: 26 February 2017.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Adrian Furnham. (21 November 2014) We've Got Something for Everyone: The Barnum Effect. Psychology Today. ციტირების თარიღი: 25 February 2017.
  5. 5.0 5.1 5.2 Dutton, Denis. The Cold Reading Technique. Denis Dutton. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 26 February 2017.
  6. Forer, B.R. „The fallacy of personal validation: A classroom demonstration of gullibility“ (PDF). დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  7. The Barnum Demonstration. ციტირების თარიღი: 2018-02-14
  8. Meehl, Paul E. (1956). „Wanted – A Good Cookbook“. American Psychologist. 11 (6): 263–272. doi:10.1037/h0044164.
  9. Dutton, D. L. (1988). „The cold reading technique“. Experientia. 44 (4): 326–332. doi:10.1007/BF01961271.
  10. 10.0 10.1 Claridge, G (2008). „Schizotypy and the Barnum effect“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  11. Rutledge, Brett. (2012) Something for Everyone – The Barnum Effect. The Articulate CEO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 25 November 2012.
  12. Nolan, Stuart. (2012) Gullibility or Vulnerability?. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  13. 13.0 13.1 Krauss-Whitbourne, Susan. (2010) When it comes to personality tests, skepticism is a good thing.. Psychology Today. ციტირების თარიღი: 25 November 2012.
  14. Rogers, Paul; Soule, Janice (2009). „Cross-Cultural Differences in the Acceptance of Barnum Profiles Supposedly Derived From Western Versus Chinese Astrology“. Journal of Cross-Cultural Psychology. 40 (3): 381–399. doi:10.1177/0022022109332843.
  15. Dickson, D.H.; Kelly, I.W. (1985). „The 'Barnum Effect' in Personality Assessment: A Review of the Literature“. Psychological Reports. 57 (1): 367–382. doi:10.2466/pr0.1985.57.2.367.
  16. 16.0 16.1 The Barnum Effect. California State University, Fullerton. ციტირების თარიღი: 28 February 2017.
  17. The Forer Effect: A Little Flattery Will Help Your Customers Believe – and Convert. Jeremy Said. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 28 February 2017.