ბარნაბიანთკარის მთავარანგელოზის ეკლესია

ბარნაბიანთკარის მთავარანგელოზის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში. დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება XVII-XIX საუკუნეებით.

ბარნაბიანთკარის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (11,2 X 7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია: შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი, ჩრდილოეთ კედლები 0,8 მეტრის სიმაღლეზე და აგურის კამაროვანი გადახურვის მცირე ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი დაზიანებულია, გადახურვის ფორმა გაურკვეველია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი განიერი პილასტრია, რომელთა შორის აღმოსავლეთ წყვილი საკურთხეველს გამოჰყოფს. სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში ერთი სარკმელია. მისი თაღი ნაწყობია აგურით. მეორე სარკმელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. მას შირიმის თლილი ქვის თაღი აქვს. ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები.

ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულია სამსართულიანი სამრეკლო (1,7 X 1,7 მ), რომელიც ნაგებია კარგად გათლილი ღვინისფერი ქვით. სამივე სართული ყველა მხარეს გახსნილია დაბალი თაღებით. პირველი და მეორე სართულის თაღები შენობის კუთხეებში მდგომ კვადრატულ ბოძებს ეყრდნობა, ხოლო მესამე სართულის თაღები მრგვალ სვეტებზეა გადაყვანილი. ყოველი ზედა სართული ქვედაზე ვიწროა და გადახურულია აგურით ნაწყობი ჯვრული კამარით. სამრეკლოს ქვის პირამიდული სახურავი აქვს. პირველი სართულის დასავლეთ ფასადზე, თაღის ზემოთ ამოკვეთილია პატარა ჯვარი.

წინათ აქ კოშკიც მდგარა. ეკლესიაც და კოშკიც 1920 წლის მიწისძვრის დროს დაინგრა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ., გვ. 143.
  1. მაკალათია ს., თეძმის ხეობა, გვ. 10, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1959.