ბარგიყარიას სამაროვანი
ბარგიყარიას სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის ჩრდილოეთით, მდინარე მტკვრის პირას, ბარგიყარიას მინდორზე.
1944 წელს ბარგიყარიას მინდორზე შემთხვევით აღმოჩნდა ოქროს მინიატურული ქანდაკება და ათიოდე სხვა ნივთი. 1946 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის არმაზისხევის რაზმმა, გ. ლომთათიძის ხელმძღვანელობით, აქ გათხარა მცირე ინვენტარიანი სამი ორმოსამარხი და უინვენტარო ოთხი ქვის სამარხი. 1982 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ა. აფაქიძის ხელმძღვანელობით, განაახლა სამუშაოები. გაითხარა გვიანდროინდელი ბრინჯაო - ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი, გვიანდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი.
გვიანდელი ბრინჯაო - ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანზე გაითხარა ქვაყრილიანი ორმოსამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა ლეგა-მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ბრინჯაოს საკიდები, სარდიონის მძივები და სხვა. გვიანდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარზე აღმოჩნდა ნატეხი ქვით ნაგები კედლების ფრაგმენტები და სამეურნეო ორმოები, ფილაფენილ იატაკზე აიკრიფა ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები. იმავე ხანის სამაროვანზე დადასტურდა კრამიტსამარხი და ორმოსამარხები. სამარხებში აღმოჩნდა წითლადგამომწვარი თიხის ჭურჭელი და სამკაული, ქართლის გვიანდელი ანტიკური ხანის სამაროვნებზე გამოვლენილი მასალის მსგავსი და დამახასიათბელი ნივთები. მასალა ინახება ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნიკოლაიშვილი ვ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 333.