ბარაციხე
ბარაციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს სოფელ ჩაქველთას სანახებში, შავშეთის ჩრდილოეთით, მდინარე იმერხევის მარცხენა სანაპიროზე. მისი მშენებლობა IX-X საუკუნეებით თარიღდება. ბარაციხეს მეორენაირად ბარის ციხეს უწოდებენ. მისი ერთ-ერთი სახელია ჩაქველთას ციხე, რაც მას მდინარე ჩაქველთაწყლის მიხედვით ეწოდა.
ტოპონიმი
რედაქტირებაბარაციხის სახელი დაკავშირებულია ბართან. ნიკო მარის მიხედვით, ტოპონიმი „ბარა“ სოფელ ჩაქველთას საზამთრო საძოვარია, აქვეა ამავე სახელწოდების ნაკადული და ციხე. ციხე ბარში არსებულ საზამთრო სადგომებს აკონტროლებდა. შესაბამისად, მოსახლეობა მას ბარაციხის სახელწოდებით მოიხსენებდა. ციხის ეს სახელწოდება ნახსენებია ოსმალურ აღწერებშიც.[1] სამეცნიერო ლიტერატურაში არის ბარაციხის კიდევ ერთი ტოპონიმი, „ციხისყელი“, რომლითაც ამ ციხესიმაგრეს მოიხსენიებდნენ. თუმცა, ციხის ეს სახელწოდება ნაკლებად გავრცელებულია.
ისტორიული გეოგრაფია
რედაქტირებაბარაციხე ისტორიული შავშეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და იმერხევის უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრეა. ბარაციხე ორი ხეობის შემაერთებელ მონაკვეთს აკონტროლებდა. შემაღლებული კლდოვანი ბორცვიდან ციხესიმაგრე მთელს მიმდინარე პერიმეტრს აკონტროლებს და პირდაპირ უყურებს ბაძგირეთისწყალზე მდებარე ბაძგირეთის ციხეს, იფხრევლის ციხეს, წეფთის ციხეს და სხვა ციხე-სიმაგრეებს.[2] ციხე-სიმაგრე სერიოზულ დაბრკოლებას უქმნიდა მტრის ჯარს გადაადგილებისას. ოსმალური ოფიციალური აღწერილობის მიხედვით, სოფელი, სადაც ბარაციხე მდებარეობდა იმერხევის ლივის პირველივე დასახლებადაა აღნიშნული. [3] მას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ აქ მდებარეობდა მირლივას მთავარი ციხესიმაგრე და ერთ-ერთი რეზიდენცია, საიდანაც სანჯაყ-ბეგი დანარჩენ სამფლობელოებს განკარგავდა.
ისტორია
რედაქტირებაბარაციხე, რომელიც იმერხევის ცენტრალურ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, როგორც ვარაუდობენ, IX-X საუკუნეებში დაარსდა. 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის ბოლო ეტპზე, ბარაციხე დროებით ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო იმავე წლის ბოლოს ინგლისის მანდატს დაექვემდებარა. ინგლისის არმიის გასვლის შემდეგ მასზე კონტროლი საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაამყარა, თუმცა დროებით. 1921 წელს ბარაციხე მთელ შავშეთთან ერთად თურქეთმა დაიკავა და დღემდე მის შემადგენლობაშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ., 2020 ISBN 978-9941-9738-1-9
სქოლიო
რედაქტირება- ↑ შენგელია ნ., რამდენიმე დოკუმენტი შავშეთის, იმერხევისა და მაჭახლის ლივების შესახებ. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, თბ., 2016, გვ. 380
- ↑ მამულაძე შ., შავშეთის მატერიალური კულტურის ძეგლები, გვ. 61
- ↑ შენგელია ნ., რამდენიმე დოკუმენტი შავშეთის, იმერხევისა და მაჭახლის ლივების შესახებ, გვ. 380