ბალო ვაჩნაძე
აბრამ (ბალო) გიორგის ძე ვაჩნაძე (დ. 2 სექტემბერი, 1853, სოფ. კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 14 თებერვალი, 1941, თბილისი) — თავადი, ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1914).
სწავლობდა ვორონეჟის მიხეილის სამხედრო გიმნაზიაში, დაამთავრა პავლეს სახელობის I სამხედრო სასწავლებელი (პეტერბურგი, 1874). სამხედრო სამსახურში 1872 წლიდან ირიცხებოდა. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის პავლეს პოლკში. თავი გამოიჩინა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878); ორჯერ დაიჭრა, ერთ-ერთი შეტაკების დროს ბრძოლის ველიდან გამოიყვანა დაჭრილი ოფიცერი, რისთვისაც დააჯილდოვეს ოქროს იარაღით და პორუჩიკის ჩინით. 1897 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. დუელში მონაწილეობის შემდეგ (მძიმედ დაჭრა მოწინააღმდეგე) 1897-1901 წლებში დათხოვილი იყო სამხედრო სამსახურიდან. შემდეგ მეთაურობდა ჩერნიგოვის 29-ე ქვეით პოლკს. მოხალისედ იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905), დაიჭრა და ხანგრძლივად მკურნალობდა.
1906-1913 წლებში ვაჩნაძე იყო 31-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური, 1913 წლის 31 დეკემბრიდან — პეტერგოფის კომენდანტი. 1908 წელს მიიღო გენერალ-მაიორის, 1914 წელს — გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მცირე ხნით პატიმრობაში იყო. მონარქისტული მოსაზრებების გამო უარი თქვა რუსეთის დროებითი მთავრობასთან თანამშრომლობაზე. 1917 წლის მაისში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურიდან გადადგა. შემდგომ წლებში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში. სამხედრო სამსახურის პარალელურად ვაჩნაძე კომერციულ საქმიანობასაც ეწეოდა. 1914 წელს პეტერბურგში დააარსა „რუსული ყურძნის ღვინის გაყიდვის საზოგადოება“, რომელიც ღვინოებს კახეთიდან იღებდა. თბილისში მისი ინიციატივით შეიქმნა ღვინის წარმოების საზოგადოება „იბერია“ (გაუქმდა 1921 წელს).
დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III (მახვილებითა და ბაბთით, 1878) და I (1912), წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაბთით, 1878) და III (1896), წმ. ანას IV (1878), II (1889) და I (1916) ხარისხის ორდენებით. ცოლად ჰყავდა ბარბარე ალექსანდრეს ძე მაყაშვილი (დ. 1868 — გ. 1929). სამხედრო სამსახურში იყვნენ ბალო ვაჩნაძის ვაჟებიც: გიორგი და თეოდორე:
- გიორგი (დ. 1888 — გ. 9 დეკემბერი, 1937) — იმპ. ნიკოლოზ II-ის ნათლული, I მსოფლიო ომში ცხენოსანი არტილერიის მე-4 დივიზიონის კაპიტანი, შემდეგ მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიის საარტილერიო ბრიგადაში (პოდპოლკოვნიკი). დახვრიტეს 1937 წლის რეპრესიების დროს კარელიაში. რეაბილიტირებულია 1989 წელს.
- თეოდორე (დ. 29 თებერვალი, 1889 — გ. 1930-იანი წწ.) — განათლება მიიღო ვოლსკის სამხედრო სკოლაში და ტვერის საკავალერიო სასწავლებელში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (როტმისტრი). დაჯილდოებული იყო გიორგის იარაღით (მორთული ვადა, 1915) და რამდენიმე ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩერქეზიშვილი ნ., ჯავახიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 206.
- ჯავახიშვილი ნ., ვაჩნაძენი, „ისტორიანი: ისტორიულ–შემეცნებითი ჟურნალი“, 2017, № 5. — გვ. 45.
- Российский Государственный исторический архив в Санкт-Петербурге, фонд 1276, опись 10, дело №734 (Дело кн. А. Г. Вачнадзе).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბალო ვაჩნაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Вачнадзе Авраам Георгиевич — Русская армия в Первой мировой войне.