ბაკურციხის გორასამარხი

ბაკურციხის გორასამარხი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, გორიელებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულს.

ძეგლი 1980 წელს შეისწავლა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური). გორასამარხი მიწაყრილიანია. ყრილის ქვეშ გამოვლინდა მიწისზედა, დიდი მორებით ნაგები, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დამხრობილი ოთხკუთხა შენობა, რომლის იატაკიც ასევე მორებით იყო მოგებული. მორებზე ზევიდან ჭილოფი ეფინა. იატაკზე ფიქსირებულია შენობის გადახურვის საყრდენი ბოძების ჩასაგმელი ცხრა ორმო. ორმოები სიმეტრიულად იყო განლაგებული. ცენტრალურ ნაწილში სიმეტრია დარღვეულია - ორი ორმო აღმოსავლეთითაა ამოღებული, ერთი დასავლეთით. როგორც ჩანს აქ იდგა მიცვალებულის დასასვენებელი ხის ურემი. სამარხის ეს ნაწილი, სადაც დასვენებული იყო მთავარი მიცვალებული, გაძარცული. აქ აღმოჩნდა ადამიანის გაფანტული ძვლები, რამდენიმე შავპრიალა თიხის ჭურჭელი, ოქროსა და პასტის მძივები. სამარხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა ორი, კიდურებმოხრილი მიცვალებულის ჩონჩხი. ერთი მათგანი ესვენა მარჯვენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთისაკენ, მეორე მარცხენაზე, თავით სამხრეთისკენ. სამარხის იატაკზე ყველგან დიდი რაოდენობით ეწყო მცირე ზომის თიხის შავპრიალა ჭურჭელი. სამახის აღმოსავლეთ ნაწილში, იატაკზე აღმოჩნდა ნახატი ორნამენტით შემკული ჭურჭლის ფრაგმენტები სამხრეთ კედლის გასწვრივ - რელიეფური და ნაკვეთი ორნამენტით (წრეში წრიულად ჩასმული წერტილები) შემკული თიხის დიდი ზომის ჭურჭელი, ხოლო აღმოსავლეთ კედლთან კარგად დამუშავებული ობსიდიანის ისრისპირები, მშვილოდის ოქროს გარსაკრავი, ყუნწიანი შუბისპირები ვერცხლის სალტით, ბრინჯაოს სატევარი, სალესი ქვა და სხვა მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა რედაქტირება