ბათაკათ ციხე-სახლი

არქიტექტურული ძეგლი

ბათაკათ ციხე-სახლი — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახიელის ცენტრალურ ნაწილში, ფერდობზე, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ციხე-სახლი გეგმით სწორკუთხა სამსართულიანი ნაგებობაა, რომელიც ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. ნაგებია კლდის ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. წყობის რიგების სწორხაზოვნება დაცულია. დაზიანებულია, ჩანგრეულია ბანი და სართულშუა გადახურვები. პირველი სართული საქონლის სადგომია. თაღიანი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთ კედელში ორი პატარა სარკმელი და ერთი სათოფურია. დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში რამდენიმე სწორკუთხა ნიშია.

მეორე სართული საცხოვრებელია. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, კარი თაღოვანია. სართულის ჩრდილოეთ კედელში ორი სარკმელი და ერთი სათოფურია, დანარჩენ კედლებში თექვსმეთი მცირე ზომის სწორკუთხა ნიში, მესამე სართული სათავდაცვოა. მის კედლებში ორ-ორი სათოფურია მოწყობილი, აღმოსავლეთისაში დამატებით ორი თაღოვანი სარკმელიცაა. სახლის კედლებზე შემორჩენილია სართულშუა ხის გადახურვის კოჭების ბუდეები. სართულები ერთმანეთს უკავშირდებოდა გადახურვაში დატოვებული ხვრელებით.

ლიტერატურა

რედაქტირება