ბაგრატ აბესაძე
ბაგრატ აბესაძე (დ. 1902, ქუთაისი — გ. 1961) — ქართველი პედაგოგი, ინჟინერი, მეცნიერი. გამოჩენილი პედაგოგი და მეცნიერი სამთო დარგში.
ბიოგრაფია
რედაქტირება1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი.
ქუთაისის მეორე ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სახკომსაბჭოს მოამბის რედაქციაში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის კავშირის საორგანიზაციო განყოფილებაში. ინსიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიის საპროექტო საკონსტრუქტორო ტრესტში დამპროექტებლის, უფროსი ინჟინრის, სამთო განყოფილების უფროსისა და ტრესტის უფროსი ინჟინრის თანამდებობებზე 1942 წლამდე. მისი მონაწილეობითა და ხელმძვანელობით დამუშავდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მსხვილი სამთო-სამრეწველო ობიექტების 30-ზე მეტი პროექტი. ამავე პერიოდში მან შეასრულა ჭიათურის მანგანუმისა და ტყიბულის ქვანახშირის საბადოების დამუშავების რაციონალური მეთოდების შერჩევისადმი მიძღვნილი სამუშაოები. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ხელოვნების კათედრის ასისტენტად 1935 წლიდან. 1943 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და იმავე წელს მიენიჭა დოცენტის წოდება, მალე იგი დაინიშნა ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის უფროსად, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ სასწავლო-ორგანიზაციულ საქმიანობას. მან შეთავსებით დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებაში 1947 წლიდან. სათავეში ჩაუდგა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრას 1950 წელს. ამასთან, იგი იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტის" მუდმივი კონსულტანტი, მისი უშუალო კონსულტაციით მიმდინარეობდა ჭიათურის მაღაროების, ტყიბულის, ტყვარჩელისა და ახალციხის შახტების დაპროექტება. მან შექმნა ქართული სამთო-ტექნიკური ტერმინოლოგია. ამ საკითხს მიუძღვა თეორიული ხასიათის სტატიები და მთელი რიგი ტერმინების ბრწყინვალე ნიმუშები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები
რედაქტირება- შრომის წითელი დროშის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები, თბ., 2012, გვ. 22-23