ბაგრატის ტაძრის წარწერები
ბაგრატის ტაძრის წარწერები — ბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერები. მთავარი სამშენებლო წარწერა, რომელშიც ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე და კურაპალატი და დედამისი — გუარანდუხტ დედოფალი იხსენიებიან, ამოკვეთილია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის სარკმლებს ზემოდან შემოვლებული ჩუქურთმიანი თაღედის ქვედა ბრტყელ წახნაგზე. ტექსტის მონაცემებით (ბაგრატ III-ის ტიტულატურა) იგი 1001-08-ით თარიღდება. ჩრდილო კედელზე, აღმოსავლეთ მკლავის ჩრდილო სარკმლის ქვემოთ ჩასმულ დიდი ზომის ქვის ფილაზე, სარკმლის ღიობის ორივე მხარეს ამოკვეთილია ორი წარწერა: შედარებით ვრცელი, 6-სტრიქონიანი, მარცხენა წარწერა შინაარსით მემორიალურია და შეიცავს ბაგრატ III-ის განდიდების ტექსტს: „ქ. ჵ. მეუფეო, მფლობელთა ყოველთა სუფევათაო, უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი. აფხაზთა და ქართველთა მეფეჱ, თანა: მამით, დედით, დედოფლით და ძით მათით, ამენ“. ტექსტის მონაცემებით (ბაგრატ III-ის ტიტულატურა, მისი დედისა და მამის ცოცხლად მოხსენიება) ეს წარწერაც, აღმოსავლეთ ფასადის წარწერის მსგავსად, 1001-08-ით თარიღდება. მარჯვნივ ამოკვეთილი წარწერის ტექსტი ასეთია: „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“, ესე იგი 1003. ეს წარწერა ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად გადმოსცემს თარიღს არაბული ციფრებით (მანამდე და შემდეგაც კარგა ხანს ისინი ასონიშნებით გადმოიცემოდა).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწყარო
რედაქტირება- დასავლეთ საქართველოს წარწერები, შემდგენელი: ვალერი სილოგავა; ნაკვეთი 1, თბ., 1980;
- ქართული წარწერების კორპუსი (IX-XIII სს.), შემდგენელი: ნ. შოშიაშვილი, ნაკვეთი 1, თბ., 1980.
ლიტერატურა
რედაქტირება- სილოგავა ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 322.