ბაბილინა ხოსიტაშვილი

ბაბილინა ხოსიტაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1884, ბოდბისხევი (ისტ. ქიზიყი) — გ. 1973) — ქართველი ფემინისტი მწერალი, მკვლევარი და მუშათა და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი.[1][2] მწერალ იროდიონ ევდოშვილის (ხოსიტაშვილის) უმცროსი და.

ბაბილინა ხოსიტაშვილი

ცხოვრება და ოჯახი

რედაქტირება

ბაბილინა ხოსიტაშვილის მამა სოფლის დიაკვანი იყო. დედა, ევდოკია ხუნაშვილი 13 წლის ასაკში გათხოვდა და ათი შვილი გააჩინა, რომელთაგან 5 გადარჩა. როგორც ბაბილინა იხსენებს, იგი მუდამ საოჯახო საქმით იყო დაკავებული. მამა და უფროსი ძმები ცდილობდნენ უმცროსი დისთვის წერა-კითხვა ესწავლებინათ, განათლება მიეცათ. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ბაბილინასთვის განათლების გარკვეული ზღვარი ჰქონდათ დაწესებული. მათი აზრით, განათლება ქალს უკეთესი ოჯახის შესაქმნელად და ამ ოჯახის გასაძღოლად სჭირდებოდა.

ბაბილინას წერა-კითხვა 6 წლის ასაკში მამამ ასწავლა. შენდეგ, ის სკოლაში შევიდა, მოგვიანებით კი უფროს ძმასთან, ყაზანში გადავიდა საცხოვრებლად და სასწავლად. 13 წლისა ბოდბის პანსიონში შევიდა და ოჯახის წევრების რჩევის მიუხედავად, მონაზვნობა გადაწყვიტა. შენდეგ მან აღმოაჩინა, რომ ღმერთი არ არსებობს და წმინდანობაზე უარი თქვა.

1901 წელს, ის თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ უსახსრობის გამო, სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. თუმცა, ის თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა, ღამეებს კითხვაში ათენებდა და თვალს ადევნებდა კულტურულ ცხოვრებას. ბაბილინა მუდმივად ცდილობდა შესაძლებლობების ფარგლებში მიეღო ცოდნა და ახალი ინფორმაცია.

ბაბილინამ მუშაობა სტამბაში დაიწყო, რათა მუშათა ცხოვრებას გაცნობოდა. ის მუშაობდა ბიბლიოთეკაში, რედაქციაში, ასევე კონსპირაციულ სტამბაში და წერდა ლექსებს. პირველი ლექსები, მუშათა კლასის მდგომარეობას და მათ ბრძოლას აღწერდა, მოგვიანებით, სიყვარულის თემას და ქალების პრობლემებს (მაგ.: „ქალებს“, „დედა სამუშაოზე“ და სხვა). როგორც თვითონ ამბობდა, მისი ლექსების მთავარი მოტივი, ქალის მისწრაფება ინტელექტუალური ამაღლებისაკენ და საკაცობრიო იდეები იყო. ლექსების წერის პარალელურად, ის თარგმნიდა პოეზიას, პიესებს და ასევე პროზაულ ნაწარმოებებს (ლერმონტოვი, პუშკინი, ლესია უკრაინკა, ვიქტორ ჰიუგო, დ’ ანუნციო, იბსენი და სხვ.).

1921 წელს, უნივერსიტეტში ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ სოციალური შეჭირვების გამო, იძულებული გახდა თავი დაენებებინა. 1926 წლიდან კი დაუბრუნდა უნივერსიტეტს და 1929 წელს შეძლო სწავლის დასრულება. მას პარალელურად უწევდა ოჯახის, შვილების მოვლა და მუშაობა.

სამეცნიერო მუშაობა და ფემინისტური დაკვირვებები

რედაქტირება

1931–1932 წლებში, ბაბილინა ხოსიტაშვილმა ქართულ ლიტერატურაზე ორი კვლევა ჩაატარა, რითაც იგი მომავალში ანტირელიგიური და ანტიშოვინისტური საკითხების დამუშავებას გეგმავდა. თუმცა, უნივერსიტეტმა და სახელმწიფო გამომცემლობამ მრავალჯერ უთხრეს უარი ხსენებული კვლევის გამოქვეყნებაზე. ბაბილინა ხოსიტაშვილი იკვლევდა მხატვრულ ლიტერატურას და მის კრიტიკულ გადააზრებას ცდილობდა. მისი აზრით, რელიგიის და წარსულის შესწავლის დროს, საჭირო იყო უფრო ზუსტი ანალიზი, რადგან ბევრი რამ წარსულში გაყალბებული იყო. იგი ასევე საუბრობდა არმენოფობიის, შოვინიზმის და რელიგიური ფანატიზმის გაღვივებაზე.

ხოსიტაშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა, როგორც თავად უწოდებს, „ქალთა საკითხებს“ და ფემინიზმს. ცდილობდა, ძველ ლიტერატურულ ნაწარმოებებში მოეძებნა ამოხსნა კაცის გაბატონებული პოზიციისათვის. იგი სწავლობდა ძველ ბერძნულ და სპარსულ წყაროებს, სადაც ქალის და კაცის ერთნაირ, საბრძოლო პირობებში აღზრდაა აღწერილი. ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანდა, რომ თანაბარი ფიზიკური სიძლიერის მიღწევა შესაძლებელია თანაბარი წვრთნის პირობებში. ავტორის აზრით, ქალის დაქვემდებარებული ყოფა, ბუნებრივი მდგომარეობით და ფიზიოლოგიით განპირობებული არ არის.

ბაბილინა ხოსიტაშვილის ხელნაწერებიდან ირკვევა, რომ ის აქტიურად აკვირდებოდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს — ფემინისტურ მოძრაობას, სუფრაჟისტებს და ზოგად ტენდენციებს, რომელიც ქალთა გაძლიერებას უკავშირდებოდა. ის ცდილობდა, პარალელი გაევლო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. იგი პოზიტიურად აფასებს საბჭოთა კავშირის პოლიტიკის მცდელობას, ერთმანეთისგან გაემინჯა საოჯახო და საჯარო სფეროები, თუმცა, მისი აზრით, ქვეყნის კანონმდებლობა საკმარისად ვერ უზრუნველყოფდა ქალის გაძლიერებას და საჭირო იყო მათ თავად აეღოთ საკუთარ თავზე ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება, რომელიც კაცის კონტროლისგან გაათავისუფლებდათ.

ხოსიტაშვილი საუბრობს უსამართლო რეალობაზე და აღნიშნავს:

 
„„დედაკაცის გონებას არა ნაკლებ მამაკაცისაზე სწყურიან აზროვნება! დედაკაცს, ესტეტიური შეგრძნება არა ნაკლებ აანთებდა შემოქმედებითი გახელებისთვის! დედაკაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს: 1) ბრძოლას კაცის კვლით, სისხლიან ომებით, შესცვლიდა აზროვნებით კამათზე; 2) პროსტიტუციას მოსპობდა თავისუფალი სიყვარულით“.“

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც ბაბილინა განიხილავს არის სექსუალობა. ის შეეხება პროსტიტუციას, მაკიაჟს, თავისუფალ სიყვარულს, რეპროდუქციას, სექსში ქალისა და კაცისთვის წინასწარ განსაზღვრულ პასიურ და აქტიურ როლებს და სიამოვნების საკითხს. ხოსიტაშვილისთვის პრობლემატურია ორმაგი სტანდარტი სექსუალურ ნორმებთან დაკავშირებით. ის, რაც ქალისთვის დასაგმობი საქციელია, კაცები იმით ამაყობენ.

ბაბილინა ხოსიტაშვილის ცხოვრების გზა არის მუდმივი წინააღმდეგობა და ბრძოლა. ის არ შეეგუა დაბრკოლებებს, რომლებითაც სავსე იყო მისი ცხოვრება. შესაძლოა თარგმანებმა, ლექსებმა და ნაშრომებმა არ მოუტანეს მას საყოველთაო აღიარება, დაფასება და მატერიალური კეთილდღეობა. თუმცა, როდესაც მის განვლილ ცხოვრებას ვეცნობით, ვხედავთ ძალიან ძლიერ ქალს, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ვნება — შემეცნება იყო და რომელიც სიცოცხლის ბოლომდე, ყველა საშუალებით ცდილობდა, თავისი შინაგანი სამყაროს ერთგული ყოფილიყო და საკუთარი გონების ძახილს მიჰყოლოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხოსიტაშვილი,ბ. (1964). მშობლიურ სოფლიდან დედაქალაქში. თბილისი: ლიტერატურა და ხელოვნება
  • ხოსიტაშვილი,ბ. (1936). ხელნაწერები. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი.
  • ხოსიტაშვილი, ბ. (1935) გაზეთ „მებრძოლი ათეისტის რედაქციას“. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი.
  • ხოსიტაშვილი,ბ. (1931). „ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობა წინათ და ეხლა“.თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი.
  • ხოსიტაშვილი,ბ. (1925). „სნეული საკითხი“; თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი
  • კვინიკაძე,გ. (2017). "ბაბილინა ხოსიტაშვილის ბიოგრაფია"