აჰედ თამიმი
აჰედ თამიმი (არაბ. عهد التميمي; დ. 2001) – მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელი აქტივისტი, რომელიც 16 წლის ასაკში გახდა ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლის სიმბოლო.
აჰედ თამიმი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 იანვარი, 2001 ნაბი სალეჰი, პალესტინა |
ეროვნება | არაბი |
რელიგია | ისლამი |
მშობლები |
მამა: ბასიმ თამიმი დედა: ნარიმან თამიმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააჰედ თამიმიმ ყურადღება ადრეული ბავშვობიდან მიიქცია, როცა ის ხშირად ხვდებოდა ჟურნალისტთა მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში და ფოტომასალებში. 2009 წლიდან რამალაჰის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი ნაბი სალეჰი გახდა რეგულარული საპროტესტო აქციების ეპიცენტრი, რომელიც მიმართული იყო ისრაელის მიერ პალესტინელთა მიწების კოლონიზაციის ფარგლებში ებრაელთა მორიგი დასახლების მშენებლობის წინააღმდეგ. დემონსტრაციებს ხანგამოშვებით თან ახლდა უწესრიგობები, რომელიც მთავდებოდა ქვების სროლით, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით და რეზინის ტყვიების სროლით.[1]
2009 წელს მშობლები გაწევრიანდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ სოფელში შექნილი "სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტის" რიგებში, რასაც მოგვიანებით შვილები და ახლო ნათესავები შეუერთდნენ.
- აჰედის უფროსი ძმა 14 თვიან პატიმრობას იხდიდა ქვების სროლის გამო;
- მეორე ძმას და ბიძაშვილს პირობითი სასჯელი ჰქონდათ გამოტანილი იმის მიუხედავად, რომ 15 წლის ასაკში იყვნენ.[2]
- საპროტესტო აქციის ორგანიზებისათვის იდევნებოდა ბავშვის მამა ბასიმ თამიმი,[3] რომელიც პირველად 1988 წელს იქნა დაპატიმრებული. იგი სამი წლის მანძილზე სატუსაღოში იჯდა გასამართლების გარეშე, რისთვისაც 2012 წელს "საერთაშორისო ამნისტიამ" ის სინდისის პატიმრად გამოაცხადა, ხოლო ევროკავშირმა მას ადამიანის უფლებათა დამცველი უწოდა;
- დედა ხუთჯერ იყო დაპატიმრებული;
- 2012 წლის ნოემბერში აჰედის ბიძა რუშდი მოკლული იქნა ისრაელის ჯარის მიერ.
პალესტინური ადმინისტრაციის მეთაურმა მაჰმუდ აბასმა საჯაროდ შეაქო 11 წლის აჰედი იმის გამო, როცა ის ცდილობდა დედის დაცვას დაპატიმრებისას. მსოფლიო მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოსურათზე აღბეჭდილია ჯარისკაცის წინააღმდეგ გაბრაზებული ბავშვის მიერ აღმართული მუშტი, რომელიც შეფასდა, როგორც სითამამის და თავგანწირვის მაგალითი. 2013 წელს თურქეთში მან მიიღო სიმამაცის ჯილდო დაპატიმრებისგან 11 წლის ძმის დახსნის მცდელობის გამო.[4] კარგი ცნობადობის გამო 2017 წლის სექტემბერში აჰედი მონაწილეობდა ბრიუსელში გამართულ კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა ქალთა ბრძოლას სამხედრო ოკუპაციის პირობებში.
2016 წლის ბოლოსთვის სოფლის 22 მცხოვრები იმყოფებოდა ისრაელის სატუსაღოში დასახლებების გაფართოების გაპროტესტების გამო, ხოლო ბოლო რვა წლის მანძილზე ზოგადად 8 ათასი პალესტინელი არასრულწლოვანი იყო დასჯილი სამხედრო სისტემის მიერ.[5]
15 დეკემბერს მორიგი პროტესტი ჯარის შენაერთთან კონფრონტაციაში გადაიზარდა. ვინაიდან სოფლის მოსახლეობის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქვების სროლას, ისრაელის ძალების წარმომადგენლები შეუდგნენ დაპატიმრებებს. ახალგაზრდების დაშოშმინებისას მათ რეზინის ტყვიით თავში მძიმე ჭრილობა მიაყენეს აჰედის ბიძაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე კომატოზურ ვითარებში იმყოფებოდა.[6]
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, როგორ ცდილობს ქერათმიანი გოგონა ხელის დარტყმით და პანღურით გაუმასპინძლდეს მისი სახლის გვერდით მდგარ ორ ებრაელ ჯარისკაცს. ეს შემთხვევა რამდენიმე დღის შემდეგ მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა. აჰედ თამიმის ბრალი წაუყენეს 12 სამართალდარღვევაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სკოლის მოსწავლეს ათწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ამასთან, ის უნდა წარდგენილიყო სამხედრო სასამართლოს წინაშე, რომელიც ჩვეულებისამებრ ბრალდების მხარის პოზიციას იზიარებს, განსაკუთრებით პალესტინელებთან მიმართებაში.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" აღშფოთება იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, არასრულწლოვნის დაპატიმრება ან დაკავება დასაშვებია უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში.[7]
აჰედის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა დემონსტრაციები, მისი პორტრეტები კი პალესტინური დასახლებების კედლებზე გავრცელდა, როგორც ბრძოლის ახალი სიმბოლო.
საბოლოო განაჩენით, რვა ბრალდება მოუხსნეს გოგონას, ოთხში კი მან თავი დამნაშავედ სცნო, რაც დასრულდა რვათვიანი პატიმრობით და ჯარიმის სახით 1000 ევროს ექვივალენტი თანხის გადახდით.
2018 წლის 29 ივლისს აჰედ თამიმი გათავისუფლდა, ციხეში მიიღო ქალთა სკოლის დამთავრების დიპლომი. სოფელში დაბრუნების შემდეგ მან პირობა დადო, რომ იურიდიულ სფეროში გააგრძელებდა განათლების მიღებას მომავალში თავისი ხალხის უფლებების დასაცავად.[8]
ისრაელსა და ჰამასს შორის 2023 წლის 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში განახლებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ვითარება გამწვავდა დასავლეთ ნაპირის ოკუპირებულ ნაწილში. "პალესტინელ პატიმართა საზოგადოების" 30 ნოემბრის მონაცემებით, ისრაელის ძალების მიერ ჩატარებულმა რეიდებმა 242 პალესტინელის, მათ შორის 50 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 3325 ადამიანი დაპატიმრებული იქნა.[9] 6 ნოემბერს აჰედ თამიმი საკუთარ სახლში დააკავეს. ის ეჭვმიტანილი იყო სოციალური ქსელების მეშვეობით ძალადობისკენ მოწოდებაში, თუმცა ისრაელში მდებარე საპატიმროში 23 დღიანი პატიმრობის მანძილზე მის მიმართ ოფიციალური ბრალდება არ ყოფილა წაყენებული. სხვა 29 პალესტინელთან ერთად თამიმი გათავისუფლდა 2023 წლის 29 ნოემბერს პატიმართა საერთაშორისო შუამავლობით შემდგარი გაცვლის ფარგლებში.[10]
აღიარება
რედაქტირება2012 წელს სტამბულში მიიღო სიმამაცის ჯილდო პირადად პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ერდოღანისგან.
ყატარში მდებარე "ალ-ჯაზირას" მაყურებლებმა აჰედი 2017 წლის პიროვნებად დაასახელეს.
მასზე შექმნეს დოკუმენტური ფილმი Radiance of Resistance, ხოლო ისრაელის ცნობილმა რეჟისორმა ნადავ ლაპიდმა მხატვრული ფილმი Ahed's Knee გადაიღო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაპატიმრობიდან აჰის თამიმის გათავისუფლების კამპანიის ვებ-საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Palestinian Ahed Tamimi arrested by Israeli forces al-jazeera.com, 20 December 2017
- ↑ Ahed Tamimi: Protest icon to join pro-Palestinian march in London this weekend independent.co.uk, 10 May 2019
- ↑ A Symbol of the Palestinian Resistance for the Internet Age theatlantic.com, 5 January 2018
- ↑ 13-year-old Palestinian girl Ahd Tamimi livefromoccupiedpalestine.blogspot.com
- ↑ How Ahed Tamimi Became the Symbol of Palestinian Resistance to Israeli Oppression theintercept.com, 31 July 2018
- ↑ Defiance: an outpour of solidarity with Ahd Tamimi english.alaraby.co.uk, 20 December 2017
- ↑ Ahed Tamimi: Who is Palestinian teenage protester and why is she being detained? independent.co.uk, 13 February 2018
- ↑ Ahed Tamimi: Palestinian teen eyes future as ‘famous lawyer’ cnn.com, 31 ივლისი 2018
- ↑ Israeli forces kill two Palestinian children in occupied West Bank raid, al-jazeera.com, 29 ნოემბერი 2023
- ↑ Renowned activist Ahed Tamimi among Palestinians freed by Israel in Gaza truce swap, newarab.com, 30 ნოემბერი 2023