ახრისის სამების ეკლესია
ახრისის სამების ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის ცენტრში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (9,8 X 5,7 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, კარისა და სარკმლის საპირეები ნაწყობია მოწითალო ქვის კვადრებით. შენობას ატყვია გადაკეთების კვალი - აღმოსავლეთ ფასადის ზედა ნაწილი გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აგურით განუახლებიათ. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში, მარცხნივ, ნიშია, ცენტრში დგას ერთი მეტრის სიმაღლის მთლიანი ქვის სატრაპეზო. აფსიდში, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე აგურით გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. მის აღმოსავლეთ ნაწილში აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო დგას.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 48.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ახრისის სამების ეკლესია დაარქივებული 2017-01-29 საიტზე Wayback Machine.