ახმეტის წმინდა გიორგის ეკლესია
ახმეტის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (6,4 X 4,5 მ), ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით - საკმაოდ ტლანქად. ინტერიერი შელესილია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის კრამიტის საფარი და ლავგარდნის უმეტესი ნაწილი, კედლებს აქა-იქ ზედა ნაწილები მონგრეული აქვთ. ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან გადახურულია აგურის ბრტყელი თაღით (გვიანდელია). აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც არაწესიერი ფორმის სხმული კონქითაა გადახურული. აფსიდში თარაზულად გადახურული ვიწრო სარკმელია, რომელსაც საფეხურებიანი ძირი აქვს. სარკმლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი.
დარბაზის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ბრტყლად გადახურული სარკმელია. დასავლეთ სარკმლის გადახურვა და კამარის წვერი ერთ დონეზეა. კამარა სხმულია, მას განივკვეთში ბრტყელი თაღის ფორმა აქვს.
აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ორივე მხარეს, კედელში, დატანებულია თითო პატარა ქვევრი. შირიმის ლავგარდანი თაროსებრია, რომელსაც განივ ფასადებზე, ბოლოებში, ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 43.