ახაშნის სვეტიცხოვლის ეკლესია

ახაშნის სვეტიცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის დასავლეთით 2 კილომეტრზე, ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. 1893 წელს ეკლესია შეუკეთებიათ, რასაც მოწმობს დასავლეთ ფასადზე არსებული მხედრული წარწერა.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. მოგვიანებით განახლებულ ნაწილებში გამოყენებულია წვრილი რიყის ქვა და კვადრატული აგური. კედლები ინტერიერში შელესილი ყოფილა. ეკლესია დაზიანებულია: აყრილია სახურავის კრამიტის საფარი და ზედ ხეებია ამოსული. ჩამოშლილია ლავგარდნის უმეტესი ნაწილი. ეკლესიაში სამი შესასვლელია: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი გარედან თაღოვანია, ხოლო შიგნიდან თარაზულადაა გადახურული. ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომელშიც გაჭრილია გარეთკენ დავიწროებული თაღოვანი სარკმელი.

სარკმლის ჩრდილოეთით ორი ნიშაა, ერთი გეგმით ნახევარწრიული და თაღოვანი, მეორე ოთხკუთხა, სამხრეთით - ერთი ოთხკუთხა. აფსიდის შუაში დაზიანებული ტრაპეზი დგას. აფსიდის კონქი წესიერი ფორმისაა, მისი ნახევარწრიული თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. კონქში და კამარის ჩრდილოეთ გვერდზე შემორჩენილია ნალესობაში ჩაკვეთილი ჩუქურთმის მოტივები: „ბორჯღალა“, „ხუთა“ და სხვა. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია რიყის ქვითა და აგურით ნაგები და გაჯით შელესილი კანკელით. კანკელში, საკურთხეველში შესასვლელი ორი კარია. ორივე საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული. კანკელის შუაში აღსავლის კარია. იგი მრავალფრთიანი თაღითაა გადახურული, რომლის საერთო მოხაზულობა მუზარადისებრია. თაღის გვერდებზე დარჩენილი არე შემკულია ამოღარული, ოთხყურა კუწუხებიანი ყვავილებით, ხოლო ჩარჩო მცენარეული ორნამენტით. თაღის ფორმა და მორთულობის სახეები ისლამურ იერს ატარებს. მეორე კარი კანკელის ჩრდილოეთ ნაწილშია. იგი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, რომლის ზემოთ გაკეთებულია მცენარეული ჩუქურთმით გაფორმებული ვიწრო არშია. ჩუქურთმის შესრულების ტექნიკური დონე დაბალია.

საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს. მის წინ დევს წრიული ქვა - ჯვრის ჩასამაგრებელი ღრმულით. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. მათგან ჩრდილოეთ სარკმელი კამარის არეშია მოქცეული. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე, ფრონტონის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით პოსტამენტზე შემდგარი დაბალი ჯვარია გამოყვანილი. დასავლეთ ფასადის მარცხენა ქვედა კუთხეში (მიწიდან 1 მეტრ სიმაღლეზე) ჩასმულ ქვაზე მხედრულად აწერია: „სანდრო თუშიევი 1893 წ.“ და გამოსახულია სამეფო გვირგვინი. დასავლეთ ფრონტის წვერზე დადგმული ყოფილა გეგმით კვადრატული სამრეკლო. განივ ფასადებზე შემორჩენილია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნის ნაწილები.

ეკლესია გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით, რომლის ნაშთები სახურავის აღმოსავლეთ ნაწილზეა შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება