არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: რაბათის ციხე.

ახალციხის ციხე – ციხესიმაგრე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის შუაგულში, ამოზიდულ გორაზე, ნამოსახლარზე. ციხე (38,4 X 23,3 მ) თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით. ნაგებია ნატეხი ქვით. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარე ოდნავ მორკალულია. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. გალავანში ჩართულია ხუთი ცილინდრული კოშკი: ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში, დასავლეთ კედლის შუა ნაწილში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. ყველაზე დიდია დასავლეთის კოშკი, ყველაზე პატარა - სამხრეთ-დასავლეთისა. არქიტექტურულ-კონსტრუქციული გადაწყვეტით კოშკები მსგავსია.

სართულები ძირითადად საბრძოლო დანიშნულებისაა, მაგრამ ჩანს, საცხოვრებლადაც იყენებდნენ. შესასვლელი ყველა კოშკს ეზოდან აქვს. სართულიანობის დადგენა ძნელია, რადგან ზედა ნაწილები ჩამონგრეულია. ბუხარი ყველა სართულზე კარის მოპირდაპირე კედელშია დატანებული. გალავნისა და კოშკების კედლებში ჩართულია ცალმაგი და ორმაგი სათოფურები. საბრძოლო ბილიკი ციხის მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს გასდევს.

ციხის ტერიტორიაზე, სასაფლაოზე, ზოგიერთ საფლავის ქვაზე შემორჩენილია გუთნეულის, ურმის, მწყემსის და სხვა გამოსახულებები. (XIX-XX საუკუნეების დასაწყისი).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6007