ახალციხის ეკლესია (კასპი)
ახალციხის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში, ახალქალაქიდან მისასვლელი გზის პირას, მარცხენა მხარეს. ეკლესიის შესასვლელის მარცხენა წირთხლზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის თანახმად აგებულია 1886 წელს ახალციხელების მიერ.
ეკლესია დარბაზულია (15,2 × 8,7 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის არასწორად გათლილი ქვიშაქვის ქვებით, გამოყენებულია აგურიც (პილასტრების კაპიტელები, მათი დამაკავშირებელი ზოლი და ოთხი ნიში). შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის ცენტრშია. ნახევარწრიულ (გარედან ხუთწახნაგა) საკმაოდ ღრმა აფსიდში სამი თაღოვანი სარკმელი და ორი ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები და ნალისებრი კამარა დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით. კამარა ეყრდნობა აგრეთვე სატრიუმფო თაღის და დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრებსაც. პილასტრებს მრავალპროფილიანი კაპიტელები აქვს. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო თაღოვანი სარკმელია, ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. ამავე კედლის სამხრეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში მოწყობილია ხის პატრონიკე, რომელსაც ხის ვიწრო კიბე აქვს. ინტერიერი მთლიანად შელესილია. ფასადების ქვედა ნაწილში ორ და სამრიგად ნაწყობი აგურის სარტყლებია. ზედა, ორრიგიანი სარტყელი შენობას ირგვლივ შემოუყვება, ხოლო ქვედა, სამრიგიანი მხოლოდ დარბაზის კორპუსს. აგური გამოყენებულია ორსაფეხურიანი ლავგარდნის, შესასვლელისა და სარკმლის თაღების წყობაში, აგრეთვე შესასვლელის პორტალის დეკორატიულ სისტემაში; აგურის წყობითაა გამოყვანილი შეღრმავებული ჯვარი დასავლეთ ფასადის სარკმლის თავზეც. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.