ახალქალაქის წმინდა თევდორეს ეკლესია

ახალქალაქის წმინდა თევდორეს ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის დასავლეთ ნაწილში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (15,2 X 7,7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები ამოყვანილია თლილი კვადრებით. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ნიშებია. დარბაზი გადახურულია ნახევაწრიული კამარით, რომელიც ერთსაფეხურიან პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ნაგებობის დასავლეთ ნაწილში ყოფილა ხის პატრონიკე (არ შემორჩენილა). გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი ფართო თაღოვანი სარკმელი. ფასადებზე კარ-სარკმლების საპირეები და ნახევარწრიული თაღები თლილი ქვისაა და ამოწეულია კედლის საერთო სიბრტყიდან. მორთულობაში შეიმჩნევა კლასიცისტური ელემენტები. თლილი ქვით არის ამოყვანილი ეკლესიის კუთხეებიც, რაც ქმნის რუსტიკის იმიტაციას. ეკლესიის დასავლეთ კარს მიშენებული აქვს სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი სვეტებიანი პორტიკი, რომლის რვაწახნაგა ქვის სვეტებს მარტივი პროფილის ბაზისები და კაპიტელები აქვს. პორტიკი გადახურულია პირამიდული კამარით. პორტიკის ზევით, ეკლესიის ფასადზე საგანგებოდ მორთული პორტალია, რომელიც პატრონიკეში გადის ( აქ ალბათ ხის კიბით ადიოდნენ). ნაგებობის განივი ფასადების ფრონტონები ძლიერ მახვილკუთხოვანია. ფრონტონების ძირში, მათი ქვედა დონის გასწვრივ, გრძივ ფასადებს გასდევს თლილი ქვის სარტყლები. მის ზევით დაშენებულია კიდევ ერთი საფეხური, რომელიც ბრტყელი პილასტრებითაა დანაწევრებული. ეკლესიას შემოვლებული აქვს თლილი ქვის, თაროსა და წრეთა რიგისაგან შემდგარი, ვიწრო ლავგარდანი. ორფერდა სახურავი გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.