ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქია

(გადამისამართდა გვერდიდან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია)

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქია — ეპარქია სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში მდებარეობს. მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს, ხოლო თურქეთის ტერიტორიაზე ყარსის პროვინციას. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება დმანისის, წალკის, ჩრდილოეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის, დასავლეთიდან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიები, ხოლო სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქია
კუმურდოს X საუკუნის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ეპარქიალური ცენტრი : ახალქალაქი და კუმურდო
დაარსდა : 2002
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : მიტროპოლიტი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის[1]
მმართ. ეპისკოპოსი : ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)
მმართ. დასაწყისი : 2002 წლის 17 ოქტომბერი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის ტერიტორია საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.

90-იან წლებში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა აღდგენისა და განახლების შესაბამისად, 1995 წელს აღდგა ისტორიული კუმურდოს ეპარქიის უშუალო მემკვიდრე ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიის სახელწოდებით. ეპარქიის მღვდელმთავრად 1995 წლის 20 აპრილს, ხელდასხმულ იქნა სერაფიმე ჯოჯუა. 2002 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის ტერიტორიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ორი სამღვდელმთავრო სამწყსო: ბორჯომ-ბაკურიანის და ახალქალაქ-კუმურდოს ეპარქიები. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს მანამდე ცაგერისა და სვანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. 2018 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს ეკლესიის წმიდა წინოდის განჩინებით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას შეეცვალა სახელი და ეწოდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქია ეწოდება. როგორც განჩინებაშია აღნიშნული, საკითხი ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა დააყენა და მსჯელობის შემდეგ, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ეს კუთხე თავიდანვე იმ გზასაყარზე აღმოჩნდა, საიდანაც ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში. წმიდა მოციქულთა ქადაგების შემდეგ ამ მხარეში პირველქრისტიანთა თემები აღმოცენდა. მოგვიანებით, IV ს. დასაწყისში, ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ საქართველოში შემოსვლისას გზად აქ გამოიარა. „მოვიდა ჯავახეთს ტბასა ფანავარსა ზედა“ და მწყემსთაგან აქვე შეიტყო მცხეთის ადგილმდებარეობაც „გარდამდინარე ამის ტბისა მიმდინარეობს ქალაქსა მცხეთას“. ფარავნის ტბასთან ჩათვლემილ წმინდანს უფლის ანგელოზმა „ჩუენებასა შინა მოსცა წიგნი, რომელსა შინა იყვნენ ათი ესე სიტყვანი“_ ქართველთა მოსაქცევად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მზრუნველობის დასტური და ღვთის ყოვლისმომცველი კეთილი ნების განცხადება. ქართლის პირველი ეპისკოპოსის, იოანეს, ხელმძღვანელობით კონსტანტინე იმპერატორთან მიმავალმა მეფე მირიანის ელჩობამ გზად აქ გაიარა და უკან დაბრუნებულებმა საბერძნეთიდან წამოღებული დიდი სიწმიდე _ მაცხოვრის სამსჭვალი _ ჯავახეთში, კერძოდ ზემო ჯავახეთის იმჟამინდელ ადმინისტრაციულ ცენტრში _ წუნდაში, მშენებარე ეკლესიაში დატოვეს. წუნდა ზემო ჯავახეთის საეკლესიო ცენტრიც გახდა. საერისთავოში ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის პერიოდში რამდენიმე სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა, რომელთაგან უპირატესობა კუმურდოს საეპისკოპოსოს ჰქონდა. ისტორიულად ზემო ჯავახეთი სწორედ კუმურდოს საეპისკოპოსოს სახელითაა ცნობილი. ეს საეპისკოპოსო V-VI საუკუნეთა მიჯნაზე იწყებს აღზევებას და 506 წლის დვინის საეკლესიო კრების ხელმომწერ ეპისკოპოსთა შორის კუმურდოელი იოსებიც იხსენიება. კუმურდოს ეპარქიის დაწინაურებამდე, გაცილებით ადრე, ამ ტერიტორიაზე თავდაპირველად წუნდისა და წყაროსთავის საეპისკოპოსოები არსებობდა. წმიდა მეფე ვახტანგმა უძველეს ქრისტიანულ კერაზე თორმეტ ეპისკოპოსთაგან „დასუა ერთი ეპისკოპოსად ჯავახეთს, წუნდას“. გამაჰმადიანების გზაზე შემდგარ სამცხე-საათაბაგოში ქრისტიანული ღვთისმსახურება თანდათან მოიშალა. შაჰ-თამაზის მესამე ლაშქრობის დროს, 1522 წელს, კუმურდოს საკათედრო ტაძარი მთლიანად გაიძარცვა და განადგურდა. XVIII ს. შუა წლებში კი „უმეტესადრე მოოხრდებოდნენ ეკლესიანი… მოისპოდნენ ეპისკოპოსნი, თუ სადმე იყო და მონაზონნი და მწყემსნი და შეიქმნა სრულიად მაჰმადიანობა და აღშენდებოდიან მეჩეთნი“, ქრისტიანობა ძირფესვიანად აღმოიფხვრა. ერთადერთი ბოლო საეპისკოპოსო მთელ სამცხე-ჯავახეთში, რომელიც რამდენიმე სამღვდელმთავრო კათედრას ითავსებდა, 1763 წ. ბოლოს გაუქმდა. მართლმადიდებლების გარდა ნებისმიერ აღმსარებლობის ადამიანს შეეძლო ამ მხარეში ცხოვრება. არც რუსეთის შემოსვლის შემდგომი პერიოდი გამოირჩევა ქართველთათვის სასიკეთო ცვლილებებით. იძულებით გამაჰმადიანებული ეთნიკური ქართველების გასახლებამ და ამ მხარეში უცხო ეროვნების ხალხის ჩამოსახლებამ მთლიანად შეცვალა საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებული ეთნოფსიქოლოგიური კლიმატი. 1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, ქართველთაგან და მართლმადიდებელთაგან დაცლილ ზემო ჯავახეთში ტრადიციული ეკლესიური ცხოვრების განახლება თითქმის შეუძლებელი იყო. მხოლოდ 1978 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი საქართველოს უძველეს საქრისტიანო კერაზე _ სამცხე-საათაბაგოსა და ჯავახეთის ტერიტორიაზე მართლმადიდებელი ეპარქიის დაარსება. 1978 წელს აღდგენილ სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა ისტორიული ზემო ჯავახეთი _ ძველი კუმურდოს ეპარქია. 90-იან წლებში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა აღდგენისა და განახლების შესაბამისად, 1995 წელს აღდგა ისტორიული კუმურდოს ეპარქიის უშუალო მემკვიდრე ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიის სახელწოდებით. ეპარქიის მღვდელმთავრად 1995 წლის 20 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, მირონის კურთხევისას, სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა სერაფიმე ჯოჯუა. 2002 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ორი სამღვდელმთავრო სამწყსო: _ ბორჯომ-ბაკურიანის და ახალქალაქ-კუმურდოს ეპარქიები. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს მანამდე ცაგერისა და სვანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

2018 წლის 27 დეკემბერს ეპარქიას სახელი შეეცვალა და ეწოდა „ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქია“.[1]

ეპარქიის მმართველები

რედაქტირება
  • 1980-1981 წ.წ. ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპარქიის მმართველია ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე);
  • 1981-1992 წ.წ. ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპარქის მმართველი ეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე);
  • 1995-2002 წ.წ. ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი სერაფიმე(ჯოჯუა);
  • 2002-2018 წ.წ. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველი; 2018 წლის 27 დეკემბრიდან ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება