ახალი საქართველოს უნივერსიტეტი

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, ქალაქ ფოთში. დაარსდა 2012 წელს. უნივერსიტეტი ახორციელებს სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს ქრისტიანული ფილოსოფიის, ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და თეოლოგიის მიმართულებით. მისი მიზანია სარწმუნოებრივ და მეცნიერულ მსოფლგაგებათა და აზროვნების სისტემათა, ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობის პრინციპის ინტეგრაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი
დევიზი „თავისუფლება ჭეშმარიტებაშია“[1]
დაფუძნდა 2012; 12 წლის წინ (2012)[2]
დამფუძნებელი (-ები) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი მიტროპოლიტი გრიგოლი
მისამართი გურიის ქუჩა 1
მდებარეობა ფოთი
ქალაქი ფოთი
ქვეყანა საქართველო
ფერები

თეთრი და იასამნისფერი

          
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი — საქართველო
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი
ngu.edu.ge

დაარსების მოკლე ისტორია რედაქტირება

1997 წელს დაფუძნდა ფოთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა. 2009 წელს სასწავლებელს ეწოდა „ფაზისის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აკადემია“. 2012 წელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დაიწყო მისი რეორგანიზება, რის შედეგადაც არსებული აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. 2015 წლის 14 დეკემბერს ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის სავალდებულო ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი. ამის შედეგად მას მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო კვლევები. აქედან გამომდინარე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტის რექტორი არის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

უნივერსიტეტის მისია რედაქტირება

უნივერსიტეტის მისიაა თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი მაღალგანვითარებული ეროვნული უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებულია სულიერ-ზნეობრივ ღირებულებებზე; მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომელიც ემსახურება განსწავლული, მიზანდასახული, მაღალი ზნეობისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებას, მათ ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, ეროვნული საგანმანათლებლო ტრადიციების მნიშვნელოვან მონაპოვართა შენარჩუნებასა და საჭირო სიახლეების დანერგვა. ქართული სახელმწიფო ენის სწავლებისა და განვითარებისთვის საჭირო აკადემიური გარემოს შექმნას; უნივერსიტეტის მისიის ასევე მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტებია: მეცნიერული პოტენციალის გამოყენება საქართველოს სახელმწიფოებრივი და სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების სამსახურში; მდიდარი ეროვნული ტრადიციების, ქართული პროფესიული კადრების სამოღვაწეო ასპარეზის შენარჩუნება და განვითარება; ეროვნული საგანმანათლებლო ტრადიციებისა და მსოფლიო ტექნოლოგიურ მიღწევათა ოპტიმალური დანერგვა საუნივერსიტეტო სივრცეში; უმაღლესი განათლების სისტემის დარგობრივი (სპეციალობათა) მრავალფეროვნების მაქსიმალური შენარჩუნება და განვითარება; საერთაშორისო თავისუფალ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მისი აქტიური წევრობა.

კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი რედაქტირება

 
თენგიზ ირემაძე, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი

კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო-სტრუქტურული ერთეული, მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პროცესის ფორმირებასა და განვითარებას, ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის დაცვასა და მის გადაცემას შემდეგი თაობებისთვის. არქივის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ფილოსოფიისა და თეოლოგიის კუთხით წარმატებული კვლევების ჩატარება, უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა და ამ სფეროებში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება. არქივში მუშაობენ ქრისტიანული ფილოსოფიის დარგში მოღვაწე საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი მეცნიერები და მკვლევრები. არქივი მჭიდროდ თანამშრომლობს ქრისტიანული ფილოსოფიისა და მართლმადიდებლური თეოლოგიის ცნობილ უცხოელ სპეციალისტებთან.

კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი რეგულარულად აქვეყნებს სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომებსა და პერიოდულ გამოცემებს, ატარებს საერთაშორისო და რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფუნდამენტურ კვლევებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განხრით. არქივი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებულ ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სასწავლო-კვლევით ცენტრებთან. კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორია ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ ირემაძე.

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი რედაქტირება

უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ით უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა რედაქტირება

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს გადასცეს თანამედროვე ცოდნა ძირძველი ქრისტიანული კულტურის საფუძვლების შესახებ და შესძინოს იმ ტიპის ანალიტიკური უნარ-ჩვევები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს შემოქმედებითად, კრეატიულად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები. თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეისწავლიან ქრისტიანული (მართლმადიდებელი) თეოლოგიის ძირითად ცნებებსა და მოძღვრებებს, მის უმნიშვნელოვანეს დარგებსა და მიმართულებებს, ასევე, ქრისტიანული კულტურის საფუძვლებს, დიდი ქართველი და უცხოელი ქრისტიანი მოღვაწეებისა და მოაზროვნეების ცხოვრებასა და შემოქმედებას.

ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა რედაქტირება

ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი დონის სპეციალისტთა მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ ქრისტიანული მართლმადიდებელი კულტურის ღრმა და ყოვლისმომცველი ფილოსოფიური ანალიზი. სწავლის პროცესში სტუდენტებს ლექცია-სემინარებს უტარებენ ქრისტიანული ფილოსოფიის, თეოლოგიისა და სოციოლოგიის წამყვანი ქართველი სპეციალისტები. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, მოისმინონ საჯარო ლექციების კურსი ქრისტიანული ფილოსოფიის წამყვანი უცხოელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, რომელთა სასწავლო პროგრამაში ჩართვას უზრუნველყოფს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.

ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა რედაქტირება

ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადებას, რომლებიც ქრისტიანული სააზროვნო პერსპექტივის საფუძველზე შეძლებენ, სიღრმისეულად გააანალიზონ თანამედროვე სამყაროს და ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მათი კვლევის ადეკვატური მეთოდები გამოიყენონ. სამაგისტრო პროგრამა იმგვარადაა აგებული, რომ სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ქრისტიანული ფილოსოფიის საკვანძო მომენტებსაც. ეს მათ საშუალებას აძლევს, ინტერდისციპლინურ ჭრილში გაიაზრონ ქრისტიანული ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები და ამოცანები.

ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა რედაქტირება

ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური მკვლევარი-სპეციალისტების მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ ქრისტიანობის არსისა და ქრისტიანული კულტურის ღრმა ფილოსოფიური ანალიზი, რომელიც დაფუძნებული იქნება ინტერდისციპლინურ კვლევით მეთოდოლოგიაზე. სწავლის პროცესში დოქტორანტები მუშაობენ ქრისტიანული ფილოსოფიის საუკეთესო ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან, რომლებიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენენ. მათ ასევე მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, რაც ამ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, ქრისტიანული ფილოსოფიის განხრით თავიანთი ცოდნა და კვლევითი უნარ-ჩვევები გაიღრმავონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ბაზაზე.

ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი რედაქტირება

ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი წარმოადგენს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის საქმიანობასაც წარმართავს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კლუბის მიზანია მეცნიერების პოპულარიზება, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, ახალი სამეცნიერო კვლევების წარმოება ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი მართავს სამეცნიერო შეხვედრებს (სემინარები, საჯარო მოხსენებები, მასტერ-კლასები), რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საჯაროდ წარმოადგინონ თავიანთი კვლევების შედეგები, დახვეწონ თავიანთი მეცნიერული უნარ-ჩვევები და აწარმოონ დისკუსია მეცნიერების აქტუალური პრობლემების შესახებ. კლუბის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე წარმოდგენილი წარმატებული სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება