აღლაბიდები
აღლაბიდები — არაბთა ერთ-ერთი მმართველი დინასტია 800-909 წლებში. ისლამის პირველივე საუკუნეებიდან ხალიფატისაგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთის სამხრეთით მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო იწყებს ჩამოყალიბებას. 800 წელს თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე წარმოიშვა აღლაბიდების ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო. აღლაბიდების დინასტიის დამაარსებელია იბრაჰიმ ალ-აღლაბი (800-812 წწ.). დინასტია იბრძოდა იმ ტომთა წინააღმდეგ, რომლებიც ხარიჯიზმის დროშის ქვეშ იბრძოდნენ და რომელთაც შექმნილი ჰქონდათ თაჰერის იმამათი. აღლაბიდთა სახელმწიფოს კულტურული ცენტრი იყო ქალაქი ქაირუანი. ამ ქალაქის მახლობლად მდებარეობდა მათგანვე აგებული ციხესიმაგრე კასრ-ალ-კადიმი — აღლაბიდების რეზიდენცია. დინასტიამ წარმატებული ბრძოლები ჩაატარა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. წარმატებას მიაღწიეს, აგრეთვე, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. განავითარეს მიწათმოქმედება, ხელოსნობა, განავრცეს სანაოსნო და საქარავნო გზები, ტუნისის მთელ სანაპიროზე აიგო ციხესიმაგრეები. აღლაბიდების სახელმწიფომ შიიტთა თავდასხმების შედეგად 909 წელს შეწყვიტა არსებობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. I, თბ., 2007
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აღლაბიდები დაარქივებული 2011-06-29 საიტზე Wayback Machine.