აღდგომელაანთკარის აღდგომის ეკლესია

აღდგომელაანთკარის აღდგომის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომელაანთკარში.

აღდგომელაანთკარის აღდგომის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა აღდგომელაანთკარი

ეკლესიას რიყის ქვითა და აგურით ნაგები გალავანი აქვს შემოვლებული. სამხრეთით, გალავანში ჩართულია რიყის ქვით ნაგები, დამატებითი მოცულობა. კიდევ ერთი ნაგებობა დგას ეკლესიის ჩრდილოეთითაც.

აგურით ნაგებ აღდგომის ტაძარს სამხრეთიდან დავით აღმაშენებლის სახელობის მცირე ეკლესია აქვს მიშენებული. აღდგომის ეკლესია შვერილაფსიდიანია, აღმოსავლეთით, აფსიდის კედელში სამი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ასეთივე ორ-ორი სარკმელია დატანებული ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე. ეკლესიას სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ორივე მოცულობას მოტივად მიყვება თაღებით არქიტექტურული რიტმის შექმნის მცდელობა. აღდგომის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე ორ პილასტრს ეყრდნობა სამი დეკორატიული თაღი, დასავლეთით, მაღალ ცრუ თაღში, ჩასმულია დაბალი დეკორატიული თაღი, რითაც აქცენტი შესასვლელზე კეთდება. ინტერიერში, კონქი და აფსიდის კედლები მოხატულია. საკურთხეველი საფეხურითაა ამაღლებული და დანარჩენი დარბაზისგან კანკელი გამოყოფს. საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. სამხრეთიდან აღდგომის ეკლესიას ეკვირს დავით აღმაშენებლის სახელობის მცირე, დარბაზული ეკლესია. დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე დეკორატიული თაღებია გამოყვანილი. სამხრეთ ფასადში, შესასვლელად გაჭრილია ერთ სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღი. მცირე ეკლესია მთლიანად მოხატულია, საკურთხეველი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისგან კანკელითაა გამოყოფილი. აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. ლავგარდანი აგურისაა, ორივე ეკლესია გადახურულია კრამიტით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29930