აქჩა კალე
აჩქა კალე — ციხე თურქეთში ხარტიშის ხეობის მარჯვენა სანაპიროს წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ ყველაზე შემაღლებულ კლდოვან ქანზეა დაშენებული. იგი ზღვის დონიდან 1619 მ-ზე მდებარეობს და ზემოდან გადაყურებს მთელ ხეობას სიგრძე-სიგანეზე და თანამედროვე გუმუშხანეს. აქჩა კალე თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია ძველი გუმუშხანეს ერთიანი თავდაცვითი სისტემისა. იგი ერთმანეთთან აკავშირებდა ხეობის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილში არსებულ სასიმაგრო ხასიათის ნაგებობებს, რომლებიც როგორც გარე, ისე შიდა სამყაროსთან დამაკავშირებელ გზებს შესანიშნავად აკონტროლებდნენ. საკუთრივ ციხე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დამხრობილი კლდეთა სისტემის ცენტრალურ მონაკვეთში არსებული შემაღლებულ კონცხზეა დაშენებული. ციხის გეგმასა და გალავნის კედლების კონფიგურაციას საკუთრივ კლდის რელიეფი განსაზღვრავს. ციხის შიგნით არსებული მთლიანი ფართობი დაახლოებით 160 კვ-მ-ია. ციხის მშენებლობისას მაქსიმალურად გამოუყენებიათ კლდის ბუნებრივი შვერილები. გალავნის კედლები კლდოვანი ბორცვის გარე კიდეებს მიუყვება ისე, რომ იგი მათ უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს სივრცეში. ციხეს ქონია ერთადერთი საკმაოდ რთული მისადგომი სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან. ამ მონაკვეთში გალავნის კედლებიც დღემდე შედარებით კარგადაა შემორჩენილი. ციხის მთავარი შესასვლელიც გალავნის ამ კედლის ცენტრალურ ნაწილში ყოფილა დატანილი. იგი აღმოსავლეთით ბუნებრივ შვერილი კლდის ქანზეა მიშენებული. მისი სიგრძე 4,30 მ-ია. შემორჩენილი სიმაღლე-4,45 მ. საკუთრივ აქ გამართული კარიბჭის დიდი ნაწილი დაზიანებულ-გამონგრეულია, თუმცა სიმაღლე მაინც იზომება და იგი 2,20 მ-ია. სიგანე კი გამონგრეული ნაწილის ჩათვლით 2,40 მ-ია. ეს კედელი დანარჩენთან შედარებით განიერიცაა და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მისი გადალახვის შემდეგ პირდაპირ ციხის ტერიტორიაზე შედიხარ. ციხის კარიბჭის მონაკვეთი სხვა მხრივაც იყო დაცულ-გამაგრებული. საქმე იმაშია, რომ ბორცვის ამ მონაკვეთში საერთო მასისაგან წინ გაზიდული 8 მ სიმაღლის და 4,5 მ სიფართის ოთხკუთხა ფორმის ბუნებრივი კლდის შვერილია. ციხის მშენებლებს იგი მაქსიმალურად გამოუყენებიათ. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მის ცენტრალურ ნაწილში გალავნის კედელი მიუშენებიათ, ხოლო წვერზე კოშკი დაუშენებიათ. ამ კოშკის ფორმასა და ზომებსაც საკუთრივ კლდის შვერილის ფორმა განსაზღვრავს. იგი ოთხკუთხა ფორმისაა. შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი 1-1,5 მ სიმაღლეზე, დანარჩენი ~დანგრეულია. ამ კოშკის ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო დასავლეთით მის ძირში ციხის ცენტრალური შესასვლელისაკენ მიმავალი ბილიკის და კარიბჭის დაცვა. იგი ამავე დროს შესანიშნავად აკონტროლებდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი გალავნის კედლის მისადგომებსაც. კოშკის ეს ნაწილი ციხის და საერთოდ ამ სივრცის ყველაზე შემაღლებული ნაწილია. არაა გამორიცხული მას სხვა ციხეებთან საჭიროების შემთხვევაში სასიგნალო ფუნქციაც ქონოდა. კარგადაა შემონახული გალავნის ჩრდილოეთი კედელიც. ჩვენამდე მოღწეული შემორჩენილი ნაშთების მაქსიმალური სიმაღლე აქ 7-9 მ-ს შორის მერყეობს. მის ცენტრალურ ნაწილში, საძირკვლის დონეზე ფიქსირდება 1,80 მ სიმაღლისა და 1,20 მ სიფართის საპირე ქვების ჩამონაშალი. კარგადაა შემონახული ციხის აღმოსავლეთი გალავნის კედლის ნაშთებიც. შემორჩენილი 40 მაქსიმალური სიმაღლე 9-10 მ-ს აღწევს. აქ საძირკვლების დონეზე ყურადღებას იქცევს და კარგად ფიქსირდება უფრო ადრეული ციხის ნაშთები. კედლის ცენტრალურ ნაწილში საძირკვლების დონეზე დაცულია 1,60 მ სიმაღლის ციხის ზედა ნაწილის წყობებისაგან განსხვავებული ნაშთები. ძველში გამოყენებულია მოზრდილი და გვერდებჩამოსწორებული ქვები. წყობა უსისტემოა. ქვის და აქა-იქ გამოყენებული დუღაბის ფერიც მკვეთრად განსხვავებულია ზედასაგან. რაც შეეხება გალავნის კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს იგი საძირკვლების დონემდეა მორღვეული. ციხის გალავნის ზედა ნაწილებში აქა-იქ ჩანს მოგვიანო პერიოდის ქვის უსისტემო წყობები. იგიც სრულიად განსხვავდება ქვის მოცულობებით, ფერით და დუღაბის გამოყენების ტექნიკით დანარჩენისაგან. ამ ციხეზეც აშკარად იკვეთება ნგრევისა და მისი აღდგენის სამი პერიოდი. პირველი, რომლის ნაშთებიც, როგორც ზემოთაც აღინიშნა აქა-იქაა შემორჩენილი, აშკარად ადრეულია და მისი მშენებლობა აქაური უძველესი მკვიდრი მოსახლეობის ჭანების სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული. რაც შეეხება მეორე საამშენებლო დონეს, სადაც წყობაში უმეტესად სტანდარტული ცუდად დამუშავებული ქვები გამოყენებული, თანაც რიგები მეტნაკლებად დაცულია, ბიზანტიური პერიოდისა უნდა იყოს. რას შეეხება, ზედა ნაწილს ციხისას, იგი ოსმალთა სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 38-40 ISBN 978-9941-8-1990-2.